
„სავარაუდოდ, მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს“, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში გიორგი ჯანჯღავამ საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
„ანკარაში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა ჩვენი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი, რასაც მოჰყვა ეკოკომისია, რომელიც 14 წლის პაუზის შემდეგ პირველად შედგა. ამ ვიზიტს მოჰყვა მისი ხელმეორე ვიზიტი ტანაპის თურქული მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, რომ სავარაუდოდ, თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული, ხოლო ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს“, – აღნიშნა მან.
ჯანჯღავამ უპასუხა კითხვას, არის თუ არა საუბარი ახალ პროექტებზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია ვაჭრობის გაზრდა სამ მილიარდ დოლარამდე, ქართული ექსპორტის გაზრდაც ამასთან ერთად“, – განაცხადა მან.
მანვე დადებითი პასუხი გასცა ჟურნალისტის შეკითხვას, თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ შესაძლოა, თუ არა ველოდოთ თანამშრომლობის ახალ ფორმატებსა და პროექტებს.
“რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იცით, თურქეთი არა მარტო ჩვენი კეთილი მეზობელია, არამედ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველმხრივ უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს”, – აღნიშნა ელჩმა.