“რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი და თუ ასეა, რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არცერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისაც, რომ რაიმე ნაშთი წარსულის ცხოვრებისა ზედ არ შერჩენოდეს. ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ აღარა გაგვეგება რა. ვიმეორებ, იმიტომ რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და განმმარტებელი – ისტორია. ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა. არაფერი საქვე არ გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავბრუდახვეულ კაცივით და ვერა გამოგვიტანია რა. ეს უქმად წარმავალი გარჯა ჩვენი, უქმად წარხდომილი მხნეობა და ცდა, ქანცს უწყვეტავს გამრჯელს და მის მაყურებელს ერს ხომ გული უტყდება.. თავის თავზე სასოება და იმედი ეკარგება და აქედან განა დიდი მანძილიღაა სრულად განადგურებამდე!”