„ პრინცი მაჩაბელი “ – ამერიკული პარფიუმერიის ქართველი ლეგენდა
“პრინცი მაჩაბელი”-ეს ის სუნამოა, რომელიც ყველა ქართველი ქალის ჩანთაში უნდა იყოს, საამყოდ!
-ეს ჩემი ხელია და მე ამ სილამაზის მფლობელი ვარ”.
რამდენიმე კვირის წინ,ჩემმა მეგობარმა ეკა რატიშვილმა ამ სუნამოს ფოტო და სტატუსი გამოაქვეყნა ფეიბუკზე
იმდენად იშვიათია დღეს საქართველოში სუნამო “პრინცი მაჩაბელი”,დავინტერესდი მისი შეძენის ისტორიით.
ისტორია კი ასე დაიწყო.
ეკა რატიშვილი-“ განცხადებას წავაწყდი, სადაც ერთ ახალგაზრდას, სუნამო-” პრინცი მაჩაბელი”-ის ცარიელი ფლაკონის შეძენა სურდა.სასწრაფოდ მოვიძიე ინფორმაცია სუნამოს შესახებ და დავიწყე ნადირობა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.მინდოდა მისი მფლობელი ვყოფილიყავი. ერთ-ერთ აუქციონზე შევძელი ჩემთვის ბიუჯეტურ ფასად ყიდვა.ისე საკმაოდ ძვირი ღირს.როდესაც მივიღე,ემოცია ძალიან დიდი იყო.ფოტო ისე ვერ გადმოსცემს მის სიდიადეს,როგორიც რეალურად არის.ჩემი ვარიანტი ყველაზე პატარაა.მინიატურულს ეძახიან.ულამაზესი ბოთლია ჯვრის თავსახურით და სურნელიც არაჩვეულებრივი აქვს.დასხმას ვერ ვბედავ ისე ვუფრთხილდები. ეს მარტო სუნამო არა, ხელოვნების ნიმუშია”.
დიახ, ამ პატარა სტატუსის უკან უფრო დიდი და ამაღელვებელი ისტორიაა იმ ქართველის, რომელმაც ეპოქა შექმნა ამერიკის პარფუმერიის სფეროში.ჩვენდა სამწუხაროდ დღემდე, არცთუ ბევრმა იცის პრინცი მაჩაბელის ვინაობა,რადგან საბჭოთა ეპოქისთვის ყოვლად მიუღებელი იყო ყველაფერი ის, რაც თავისუფლებასთან, არისტოკრატიასთან და ნიჭიერებასთან ასოცირდებოდა.
სწორედ ამ სტატუსმა მიბიძგა , ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწისა და დიპლომატის, გიორგი მაჩაბლის ღვაწლის შესახებ მოგვეთხრო თქვენთვის.
გიორგი მაჩაბელი – ცხოვრება და მოღვაწეობა

20-იანი წლების ისტორიის ქარტეხილებმა და წითელი არმიის შემოჭრამ საქართველოში ბევრი ღირსეული ქართველის ბედი სამუდამოდ გადაწყვიტა. იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ევროპაში განათლების მისაღებად იმყოფებოდნენ და ქვეყნის სამსახურს იქვე აგრძელებდნენ, სამშობლოს -საქართველოს კარი სამუდამოდ დაიკეტა. რეპრესიების და გადასახლების შიშით,მათ ქვეყნიდან გადახვეწილი თავადაზნაურთა მთელი არმია შეუერთდა.საქართველოს ყველაზე ინტელექტუალური და მოაზროვნე ნაწილი იძულებით ემიგრაციაში წავიდა.
მათ შორის იყო,გიორგი მაჩაბელი(1885-1935). განათლების მისაღებად ევროპაში წასულ სამაჩაბლოს თავადების პირდაპირ შთამომავლს სამშოლოში დაბრუნების საშუალება აღარ მიეცა,რადგან ქვეყანა უკვე ბოლშევიკების ხელში იყო.ამის შემდეგ იგი იტალიელ მეუღლესთან ერთად ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად,სადაც თავისი ნიჭის წყალობით უდიდეს წარმატებას მიაღწია.
მაშინ როდესაც ამერიკული გაზეთები მის შესახებ წერდნენ,ამავე დროს ,ზედიზედ იხსნებოდა პრინცი მაჩაბელის ფირმის ფილიალები. კომუნისტებმა სამშობლოში მისი ხსენება სამუდამოდ აკრძალეს.მაგრამ, ხალხი არ ივიწყებს გმირებს,თავდადებულ,ნიჭიერ ადამიანებს, ისინი სამუდამო კვალს ტოვებენ ისტორიაში.
საბჭოთა საქართველოში, არათუ არაფერი იცოდნენ ამერიკაში გიორგი მაჩაბლის საქმიანობაზე, არამედ აკრძალული იყო მისი სახელის ხსენება. 1980-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობისა და საბჭოთა კავშირის რღვევის კვალდაკვალ, ხელახლა გაცოცხლდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა სახელები. ერთ-ერთი პირველი, ვინც სამშობლოს გიორგი მაჩაბლის სახელი დაუბრუნა და ქართულ საზოგადოებას მისი ბიოგრაფია გააცნო, გურამ შარაძე იყო. 1990-იან წლებში ქართული ემიგრაციის მკვლევრებმა დაიწყეს გიორგი მაჩაბლის ცხოვრებსა და მოღვაწეობის უფრო ღრმა შესწავლა.
სწორედ გიორგი მაჩაბელი დგას ამერიკული ძვირადღირებული პარფიუმერიის სათავეებთან, იგივე პრინცი მაჩაბელი, როგორც მას ამერიკაში ეძახდნენ. ის 1885 წელს, 23 ივლისს, თბილისში დაიბადა. გიორგი მაჩბელი, სამაჩაბლოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავადის, სიმონ მაჩაბლის შთამომავალი და შექსპირის მთარგმნელის ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის ვასილის ვაჟი იყო.
გიორგი მაჩაბელმა უმაღლესი განათლება ბერლინში, დღევანდელი ჰუმბოლტის უნივერსიტეტში მიიღო, მაშინ მას ფრედერიკ ვილიამის სახელობის ბერლინის სამეფო უნივერსიტეტს უწოდებდნენ და იქ უმაღლეს განათლებას ძირითადად არისტოკრატია ეუფლებოდა.
ბერლინში სწავლის პერიოდში მაჩაბელი აქტიურად ჩაერთო საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. რამდენიმე ქართველთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი და ჯერ კიდევ რუსეთს იმპერიის დაცემამდე აქტიურად ამუშავებდა საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეას. ამ მიზნით, აქტიურად ცდილობდა გერმანული ძალების მხარდაჭერის მოპოვებას. ამავე პერიოდში,ასევე გატაცებული იყო ეთერზეთების წარმოება-შეზავების საქმის შესწავლით.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი უმალვე აღმოჩნდა სახელმწიფო სამსახურში. ამ პერიოდისათვის საქართველო უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და გიორგი მაჩაბელიც მისი სრულუფლებიანი ელჩი გახდა იტალიაში. აქ მან თავისი მომავალი მეუღლე, თეატრის ცნობილი მსახიობი ნორინა ჯილი გაიცნო და დაოჯახდა. 1921 წ. გიორგი მაჩაბელი ემიგრაციაში გადავიდა ჯერ იტალიაში შემდეგ კი მალევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნორინა ამერიკელმა რეჟისორმა მიიწვია სპექტაკლში სათამაშოდ. ამ პერიოში მაჩაბელმა და მისმა მეუღლემ გახსნეს ანტიკვარული ნივთების პირველი მაღაზია. გასაყიდად კი სწორედ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრირებულების მიერ ჩამოტანილი ქონება გაჰქონდათ.
პრინცმა გიორგი მაჩაბელმა, (სწორედ ასე ითარგმნება ინგლისურად მაჩაბლების თავადის წოდება) ისევ გაიხსენა სტუდენტობის პერიოდის გატაცება და გადაწყვიტა, რომ პარფიუმერიის საცალო წარმოება დაეწყო.სწავლის პროცესში ქიმიაში შეძენილი ცოდნა დაეხმარა ამ მიმართულებით წასულიყო.
ეს არ იყო ფიზიკური გადარჩენის მიზნით მიღებული სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება, ნიუ-იორკის იმ ეპოქის ელიტა კარგად იცნობდა ემიგრირებულ არისტოკრატიას და გიორგი მაჩაბელიც, სწორედ ამ ნაცნობობის გამოყენებით გეგმავდა თავისი პროდუქციის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას. 1926 წლისათვის გიორგი მაჩაბელმა ისესხა ოთხი ათასი დოლარი და მეუღლესთან ერთად გახსნა „პრინცი მაჩაბლის პარფიუმის კომპანია.“ კომპანია ოთხი წელი ფართოვდებოდა და პრესტიჟული ხდებოდა. იგი თვითონვე ქმნიდა, ამზადებდა, აფორმებდა სუნამოებს და რეკლამასაც თვითონ უკეთებდა. ეთერზეთები იქვე, მედისონ ავენიუს მაღაზიის სარდაფში მზადდებოდა, ნიუ იორკში. კომპანიამ მალევე გაითქვა სახელი, რისი მიზეზიც მხოლოდ სურნელი არ იყო. პრინცი მაჩაბლის პარფიუმის კომპანიას ხშირად სამეფო კომპანიად
მოიხსენიებდნენ.
საქმე ისაა, რომ ეთერზეთების ჩამოსხმაზე და შეფუთვაზე გიორგი მაჩაბელმა საქართველოდან და რუსეთიდან გამოქცეული თავადობა დაასაქმა. შესაბამისად მისი თითოეული ბოთლი სრულად პრინცებისა და პრინცესების მიერ იყო ჩამოსხმული, შეფუთული და მორთმეული მისი მფლობელისათვის.
მაჩაბლების საგვარეულო გერბზე გამოსახული ოქროსვარაყიანი სამეფო გვირგვინის გამოყენება გაფორმებისთვის – კომპანიისთვის ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა. საქართველოს არშემდგარი დედოფლის, მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილმა სუნამომ “საქართველოს დედოფალი”, ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონით, ამერიკელი საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
მალე მას მოჰყვა მეუღლისადმი მიძღვნილი სუნამო “პრინცესა ნორინა”, ინგლისელი ლამაზმანის სახელობის სუნამო “დუშეს ოფ იორკს”, სუნამო “ოქროს შემოდგომა”, სააბაზანო ზეთი “აბანო”, ოდეკოლონი “ქარის სიმღერა”, დაპრესილი პუდრი და პომადა. მათ ასევე ამშვენებდა პრინც მაჩაბლის გვირგვინი – მისი საფირმო ნიშანი.
„პრინცი მაჩაბელი მკაცრად აკონტროლებს, თუ სად გაიყიდება მისი პარფიუმი. მან რამდენიმე მაღაზიას უარი უთხრა მაჩაბლის პარფიუმის გაყიდვაზე იმიტომ, რომ იმ ადგილის სოციალური ტონი არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. მისი ბიზნეს ბრუნვა წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტს ითვლის და, როგორც ამბობენ, სარდაფიდან უკვე დიდ ლაბორატორიაში გადავიდნენ ორმოცდამეთექვსმეტე ქუჩაზე. აქ უკვე მზადდება ტუჩსაცხები, ფერუმარილები, თვალის ჩრდილები და საპნები. მას არ ჰყავს გამყიდველი. პრინცი მაჩაბელი თავისი პეპელათი და გალანტური ქცევით, და თავისი სავიზიტო ბარათით, რომელზეც საგვარეულო გერბის რელიეფია დატანილი, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თითოეულ მყიდველზე, რომელთაც მანამდე ნამდვილი, პრინცი ცხოვრებაში არ უნახავთ“ -წერდა გაზეთი “ნიუ-იორკელი”/The New Yorker, 1930, p.13/.

გიორგი მაჩაბლის შესახებ წერდნენ, რომ პარფიუმის დამზადება მისი მშობლიური კულტურის ნაწილია და რომ მის სამშობლოში საქართველოში ყოველ დიდგვაროვან ოჯახს ჰქონდა ეთერზეთები, რომელიც სპეციალურად მათთვის მზადდებოდა. სწორედ ამ კონცეფციით ცდილობდა პრინცი მაჩაბელი ამერიკელი მომხმარებლის მოხიბვლას. იგი იმ დროის ცნობილი ქალბატონებისთვის ამზადებდა პერსონალურ სუნამოებს. მაჩაბელმა შექმნა პარფიუმები გლორია სვანსონის, დოლორეს კოსტელოსათვის, ქალბატონ ჰართსისა და ვილსონებისათვის.
1929 წელს კომპანიის ფილიალი გიორგიმ პარიზში სახელგანთქმული “შანელის” მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს გახსნა .სათავეში ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი სპირიდონ კედია ჩაუყენა.აქედან, პროდუქცია ლონდონშიც გაავრცელა. მისმა ფირმამ წარმატებით გადალახა 30-იანი წლების კრიზისი და მოწინავეთა რიგებში ჩადგა. 10 წელიწადში მან არა მარტო მილიონიანი ბიზნესი შექმნა უბრალო ჰობიდან, არამედ გახდა ნოვატორი: ამერიკას საკუთარი პარფიუმერული წარმოება არ გააჩნდა, რაც მზადდებოდა, ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო და ძალიან ძვირი ღირდა. ასე რომ, მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს ამერიკულ მრეწველობაში იყო.
ბიზნესს მაჩაბელი არ ჩამოუშორებია ქართული საქმეებისგან. იყო 1931 წელს პავლე კვარაცხელიასთან ერთად ამერიკაში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და 1932-24 წლებში მისი თავმჯდომარე.
პრინცი მაჩაბელი აქტიურად ცდილობდა ქართული კულტურის პოპულარიზაციასაც: ასე მაგალითად ზოგიერთ პროდუქტს ქართულ სახელებს არქმევდა. მათგან ყველაზე პოპულარული იყო ტანის გელი „აბანო“. მისი წარმატების შემდეგ გამოუშვა მზისგან დამცავი კრემი „ტან-აბანო“ ეს არომატი მთელი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მანძილზე ამერიკის ოჯახის მთავარ სურნელად ითვლებოდა.
მისმა დაარსებულმა პარფიუმის ხაზმა მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში იარსება.
1935 წლის მარტში კალიფორნიასა და შანხაიში ფილიალები გახსნა. მაგრამ დაბრუნებისას,გზაში გაცივდა და ერთ კვირაში გარდაიცვალა (ზოგიერთი ინფორმაციით საბჭოთა სპეცსამსახურებმა მოწამლეს).
პრინცი მაჩაბელი – მემკვიდრეობა

სპეციალურად ქართული ამბების პორტალისთვის(Gürcü haber portali) გიორგი მაჩაბელის ცხოვრების, მოღვაწეობის, მემკვიდრეობის შესახებ უფრო მეტი და საინტერესო ფაქტების შესახებ გვიამბო -ისტორიკოსმა, ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა, ემიგრაციის მკვლევარმა, მაჩაბელის ფონდის დამაარსებელმა რუსუდან დაუშვილმა.
,,გიორგი მაჩაბლის გარდაცვალების შემდეგ, 1936 წელს მისმა მეუღლემ ნორინა ჯილიმ ფირმა გაყიდა. მომდევნო წლებშიში გიორგი მაჩაბლის კომპანიამ კიდევ რამდენჯერემე გამოიცვალა მფლობელი, 1993 წლიდან კი ამერიკული პარფიუმერიის ჯგუფის Parfums de Coeur-ის საკუთრებაში იყო. პარფიუმისა და სხვა პროდუქტების გამოშვება მაჩაბლის სახელით 2015 წელს შეწყდა, თუმცა პრინცი მაჩაბლის დაწყებულ საქმეს ამერიკაში დღემდე ჰყავს გულშემატკივარი. არსებობს სხვადასხვა ვებგვერდები, რომელიც ამ პროდუქციასა და ამ უნიკალურ ადამიანს ეძღვნება და მის სიცოცხლეში გამოშვებული სანელსაცხებლეები კოლექციონერთა დიდ ინტერესს იწვევს. კომპანიის სამართალ-მემკვიდრეს, დღემდე მისდის მოთხოვნები პრინცი მაჩაბლის პროდუქციის აღდგენის თაობაზე.
გიორგი მაჩაბლის სახელი მხოლოდ ქართველთა ცნობიერებაში არ შემორჩა. ჩემმა მაგისტრანტმა ახალგაზრდა ამერიკისმცოდნე მარიამ ხატიაშვილმა გამოარკვია, რომ მაშინ კომპანიის მფლოობელმა, Chesebrough-Pond’s-მა 1971 წელს დააარსა პრინცი მაჩაბლის ჯილდო Sun Shower Award ქალებისათვის ,,კარიერაში მიღწეული წარმატებისათვის“. პირველად ეს ჯილდო მიიღეს „აფრო-ამერიკული პოეზიის პრინცესად“ წოდებულმა ამერიკელმა მწერალმა ნიქი ჯიოვანმა, ქ. ნიუ-იორკის საბალეტო დასის პრიმა ბალერინა ქეი მაზომ და დიზაინერმა ბეთსი ჯონსონმა. 1987 წელს კომპანიის ახალმა მფლობელმა Unilever 1988 წელს დაარსა ,,პრინცი მაჩაბლის“ სახელობის ეროვნული გმირის ჯილდო (Prince Matchabelli National Hero Award) მამაკაცებისათვის, ,,პრინცი მაჩაბლის“ კომპანიამ კი მომხმარებლებს წარუდგინა მამაკაცის ახალი ოდეკოლონი სახელად ,,გმირი“. კომპანია თანამშრომლობდა 1904 წლიდან ნიუ-იორკში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ამერიკის დიდი ძმები და დიდი დები“, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ყველა ბავშვს, წარმოაჩინონ საკუთარი უნარი და შესაძლებლობები. იგი აჯილდოებს ნამდვილ გმირებს, რომელთა სახელებს აცნობს ამერიკელ მოზარდებს, რათა ამ გზით ხელი შეეწყოს მათ სამომავლო კარიერის დაგეგმვაში. 1989 წელს პრინცი მაჩაბლის ეროვნული გმირის განსაკუთრებულ ჯილდოზე წარადგინეს აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე პიტერ გეილორდი, ჯილდო ასევე მიიღეს ხელოვნებისა და საესტრადო ღონისძიებების დარგში: ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, სცენარისტმა ჯიმ ჰენსონმა, ,,მაკდონალდსის“ ყოფილმა დირექტორმა, ცნობილმა ამერიკელმა ქველმოქმედმა ედვარდ რენსიმ, 1990 წელს ეს ჯილდო მუსიკის დარგში ამერიკული ქანთრის, სამხრეთული როკისა და ბლუგრასის შემსრულებელ მუსიკალურ ჯგუფ ,,ალაბამას“ გადაეცა. ჯილდოს მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატებს შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში, ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე, მომღერალი ბობ ჰოუფი, ამერიკელი ბეისბოლისტი გარი კართერი და ამერიკელი კომიკოსი, სცენარისტი, მსახიობი ჯერი ლუისი და სხვები.
XX საუკუნის ამერიკულმა ლეგენდამ, ,,პრინცმა მაჩაბელმა“ ერთგვარი მითოლოგიზება განიცადა და XXI საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში გარდაიქმნა ზღაპრულ გმირად. პრინცების უმეტესობა მწერლის მიერ გამოგონილი ლიტერატურული პერსონაჟია, მწერლის მიერ გამოგონილი პრინცებისაგან განსხვავებით, ამ, წარმოშობით ქართველმა „პრინცმა“, გიორგი მაჩაბელმა, შეაბიჯა ლიტერატურულ სამყაროშიც და წიგნის ფურცლებზეც გადაინაცვლა. კანადელი მწერლის ქიმ ქრესველის რომანში „ანარეკლი“ ვხვდებით პრინც მაჩაბელს. ალბათ ბევრი ამერიკელი გოგონა ოცნებობდა პრინც მაჩაბელზე დაქორწინებას, ბევრ ამერიკელ მამაკაცს კი ახსენებდა და ახსენებს ,,პრინცი მაჩაბლის“ სურნელები საყვარელ ქალს და, ალბათ, არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ეს პრინცი – გიორგი მაჩაბელი – მართლა არსებობდა, მან კი უკვდავებაში შეაბიჯა და ლეგენდად იქცა.
2009 წელს ისტორიკოს, პროფესორ ოთარ ჯანელიძესთან და ამერიკაში მცხოვრებ პარფიუმერ ირინა ასათიანთან ერთად დავაარსეთ გიორგი მაჩაბლის სახელობის ფონდი, რომლის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ამ დიდი მოღვაწის სახელსა და საქმიანობას. მოიძიოს, შეისწავლოს და შეაროვოს საქართველოში თუ უცხოეთში გაფანტული მაჩაბლის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური წყაროები, პერიოდული გამოცემები, ნივთები, ფოტოები, კინოკადრები, პარფიუმერის ნიმუშები, ფლაკონები, პუბლიცისტური, მემუარული, ეპისტოლარული თუ სხვა სახის მასალები. ფონდმა ჩაატარა რიგი ღონისძიებები: 2009 წლის მაისში პოლიტოლოგიის ინსტიტუტთან ერთად მოაწყო კონფერენცია „ქართული ემიგრაცია: ისტორია და თანამედროვეობა“, კონფერენციის მასალები და სტატიები კი 2010 წელს კრებულად გამოსცა („ქართული ემიგრაცია. I“). გიორგი მაჩაბელს მიეძღვნა 2011 და 2012 წლებში გამოცემული „ქართული ემიგრაციის“ II და III კრებულები. გადღვილეთ პირველი ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტი გიორგი მაჩაბელზე. 2013 წელს ფონდმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად დაარსა სქელტანიანი სამეცნიერო ჟურნალი „ქართული ემიგრაცია“. 2013-2019 წლებში გამოიცა ჟურნალის 5 ნომერი, გამოსაცემად მზადდება მეექვსე ნომერი. 2015 წლის ნოემბერში ფონდმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა გიორგი მაჩაბლის დაბადებიდან 130-ე და გარდაცვალებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ემიგრაცია XXI საუკუნის გადასახედიდან“.
2016 წელს გამოიცა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების კრებული. 2019 წელს გამოიცა ოთარ ჯანელიძესთან ერთად მომზადებული ფერადი წიგნი-ალბომი „გიორგი მაჩაბელი“, რომლის 8 თავშიც დაწვრილებითაა მოთხრობილი მისი ცხოვრება მაჩაბლების საგვარეულო ისტორიიდან დაწყებული ამერიკაში შექმნილი მისი დიდი საქმისა და მემკვიდრეობის შესახებ. ფონდის ყველა ეს საქმიანობა შუქდებოდა გამოფენების, მასმედიის – პრესისა და ტელევიზიების საშუალებით

არანაკლები მნიშვნელობის მოვლენა იქნება „პრინცი მაჩაბლის“ სუნამოთა ქიმიური ფორმულების აღდგენა და გაცოცხლება. ფონდი აგრძელებს მუშაობას და იქნებ ოდესმე, ერთი რომელიმე სუნამო მაჩაბლის სახელით, რეცეპტითა და საფირმო ნიშნით – მის მიერ შექმნილი ემბლემით, ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინით – საქართველოშიც გამოვიდეს…
ს