დღეს, ცნობილი მეცნიერის – პროფესორ გიორგი მჭედლიძის დაბადების დღეა!
შვიდი ათეული წელი სამოღვაწეო ასპარეზზე ცოტა როდია, შვიდი ათეული წელი ასობით და ათასობით ღირსეული მოქალაქის აღზრდის თეორიაა იმ პრაქტიკულ განუმეორებელ და ღირსეულ მოღვაწეობასთან ერთად , რაც ბატონმა გიორგი მჭედლიძემ უბადლოდ შეასრულა ერისა და ქვეყნის წინაშე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოება ყოველთვის გამოირჩეოდა საუკეთესო საუნივერსიტეტო მოღვაწეებით, რომელთა ძირითად შემადგენლობას წარმოადგენენ პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და უმაღლესი წოდების განმანათლებლები.
მათ შორის თავისი ცხოვრების შინაარსით და უნივერსიტეტში 70 წლიანი სამოღვაწეო, ხოლო დაბადებიდან 90 წლიანი სავსე ბიოგრაფიით გამორჩეულად ღირსეული და ღვაწლმოსილი გახლდათ ბატონი გიორგი მჭედლიძე. დღეს 15 თებერვალს, პროფესორ გიორგი (ჟორა)მჭედლიძეს 93 წელი შეუსრულდებოდა.
იგი შეიძლება იწოდოს უნივერსიტეტის ერთერთ მთავარ ბირთვად , რადგან ის წლები, რაც მან საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუთმო, აუცილებლად ქმნის დიდ და წარუშლელ ისტორიას, რომლის მრავალი ფურცელი საინტერესო და შედეგობრივი მასალითაა სავსე.
ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი გიორგი მჭედლიძე, ჭეშმარიტად მრავალდარგობრივი მოღვაწეა.
ბატონი გიორგი (ჟორა) ბაღდათის რაიონის, სოფელ მეორე ობჩაში 1928 წლის 15 თებერვალს დაიბადა. 1948 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგოური ინსტიტუტი.
თავიდანვე სახელმძღვანელო პოსტები ეჭირა, რითაც წარუშლელ კვალს ტოვებდა საკუთარი, მეტად მნიშვნელოვანი მოღვაწეობით.
ბატონი გიორგი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა,
მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი და საღამოს სწავლების პრორექტორად (1954-1967წწ) .
მომდევნო ეტაპზე იგი გახლდათ ამავე ინსტიტუტის კათედრის გამგე (1971-1976), შემდეგ კი იმავე კათედრის დოცენტი(1965-1995).
1991 წლიდან გიორგი მჭდლიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
სადისერტაციო თემა „ქუთაისის ახალი ისტორიის ნარკვევები“ დაიცვა 1994 წელს.
როგორც თავად პროფესორი გიორგი მჭედლიძე მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ჰყვება, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ორი წლით ადიგენის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ მიავლინეს, ადიგენის შემდეგ იყო სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა ჯარში. ორი წელი ჯარში იმსახურა და უკან დაბრუნებული ისევ ინსტიტუტში მოღვაწეობას შეუდგა.
ცხოვრებამ სამოღვაწეო ასპარეზად ქუთაისის უნივერსიტეტი არგუნა, სადაც თავადაც ბედნიერად გრძნობდა თავს და ის მოსწავლეები და პროფესორ-მასწავლებლებიც, ვისაც მასთან მუშაობა უწევდა.
გიორგი მჭედლიძე ქუთაისის და მისი თანამედროვე ისტორიის ჟამთააღმწერელი გახლავთ! ასევე მის ნაშრომებს ეკუთვნის „საქართველოს უახლესი ისტორია“, „ქუთაის გაენათის ეპარქიის ისტორია“, „ქუთაისის ახალი ისტორიის ნარკვევები“, „ბაგრატ მესამის საქართველო“, „რუსეთი ლომონოსოვის ეპოქაში“, „ისტორია უდისტანციოდ“ და სხვა არაერთი…
ბატონმა გიორგიმ თავისი მოღვაწეობის მანძილზე უნივერსიტეტს კვლავ საუნივერსიტეტო მოღვაწეთა თაობები აღუზარდა და არა მარტო უნივერსიტეტს, არამედ სრულიად საქართველოში არიან მისი აღზრდილები მიმობნეულნი, როგორც მარგალიტები.
ბატონი გიორგი მჭედლიძის ხელმძღვანელობით უამრავი სადისერტაციო, სამაგისტრო და სამეცნიერო ნაშრომია დაცული, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ღირსეული ადამიანების თაობები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის კეთილდღეობასა და აღორძინებაში, ბატონი გიორგის მიერ გახარებული ფესვებით აგრძელებენ მსხმოიარობას.
ბატონი გიორგის კალამს ეკუთვნის უამრავი მონოგრაფია, 250- მდე საგაზეთო სტატია და პუბლიკაცია, ამ ყოველივეს ჩამოთვლა კი უბრალოდ შეუძლებელია ერთ მცირე წერილში.
საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები ბევრ რამეს ჰყვებიან მის შესახებ, მათ შორის იმასაც, რომ იგი მთელი რუდუნებით მუშაობდა საარქივო მასალების გამოქვეყნების და სამეცნიერო ბრუნვაში შეტანის საქმეში, რასაც უდიდეს ღვაწლად უთვლიან. ამბობენ, თუ როგორ ისწრაფვოდა იგი მუდმივად სიახლისკენ, ახალ ტრადიციებს უყრიდა საფუძველს უნივერსიტეტში.
ბატონი გიორგი უდიდეს და მნიშვნელოვან ნაშრომად თვლიდა მის ერთ-ერთ ბოლო ნაშრომს, რომელიც ყოფილ სტუდენტთან, ივერი ბასილაძესთან თანაავტორობით გამოსცა. წიგნის სახელწოდებაა „ სახელმწიფო უნივერსიტეტი 80 წლის არის“, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ბატონი გიორგი ქრონოლოგიის უბადლო მცოდნე იყო.
იგი ერთგვარად უნივერსიტეტის მემატიანეც გახლდათ, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით სახელმძღვანელოები სწორედ მას აქვს გამოცემული.
ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის ისტორიით, გვერდს ვერ აუვლის ბატონი გიორგი მჭედლიძის სახელმძღვანელოებს, მისი წიგნები კი ეპოქალურ მოვლენებს ინახავს.
ბატონი გიორგის სამეცნიერო შემოქმედება აღიარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, იგი არჩეული იქნა გელათის მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსად, რაც მისი ბიოგრაფიისა და გაწეული ღვაწლის უდიდესი აღიარებაა.
ბატონი გიორგის რამდენიმე წერილი რუსულ ენაზე გამოცემულ მსოფლიო მართლმადიდებლურ ენციკლობედიაში შევიდა.
როგორც ზემოთ მის მიერ გამოცემულ წიგნების ნუსხაში დასახელდა, „ისტორია უდისტანციოდ“ ეს არის ნაშრომი წიგნის სახით, სადაც გადმოცემულია ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ისტორია საქართველოში.
მან ასევე დაადგინა, თუ როდის დაარსდა ქუთაის გაენათეს ეპარქია
დიდი პედაგოგიური და სამეცნიერო დამსახურების პიროვნებას, ემერიტუს პროფესორს გიორგი მჭედლიძეს 2018 წელს უნივერსიტეტმა განსაკუთრებულად მიულოცა დაბადებიდან 90, ხოლო მოღვაწეობიდან 70 წლის იუბილე. საიუბილეო ღონისძიებას თავად ვერ დაესწრო, მაგრამ ღონისძიებას ესწრებოდნენ მისი ერთადერთი ვაჟიშვილი, თავადაც პროფესორი მალხაზ მჭედლიძე, დამსახურებული მასწავლებელი და ბრწყინვალე ლექტორი ბატონი გიორგის ძმისშვილი მაკა მჭედლიძე , ასევე მის მიერ აღზრდილი აკადემიური წოდების მქონე სხვა პროფესორ-მასწავლებლები.
მოგვიანებით ბატონ გიორგისთან გასაუბრებით და მისივე ბიოგრადფიული მოვლენების ამსახველი ვიდეო სიუჟეტებით გადაიღეს ფილმი, სადაც ჟამთაღმწერელი მოღვაწის ბიოგრაფიულ მოვლენებს, იხსენებენ უნივერსიტეტის პროფესორები.
ბატონი გიორგი სიცოცხლის ბოლომდე ძალიან პროდუქტიულ და მოაზროვნე შემოქმედად დარჩა, იგი ახლახანს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ბედისწერა მისსავე სიცოცხლეში, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე აღმოჩნდა მისთვის ულმობელი, რადგან უეცარი სიკვდილით აღესრულა მისი ერთადერთი შვილი მალხაზ მჭედლიძე.
ბატონი გიორგის მოღვაწეობა ეპოქებისა და ქრონოლოგიების აღწერასთან ჭიდილში მართლაც რომ იყო „ისტორია უდისტანციოდ“, რითაც ისტორიის მეცნიერებას წარსულთან ერთად თანამედროვე ეპოქაც უსახსოვრა და ღირსეულად წავიდა.