”Uzayda yol alan sesimize, keşke uzaylılardan önce biz dünyalılar, yüreğimizle ‘kulak’ verebilseydik”!
მაღლა, კოსმოსი უსმენს „ჩაკრულოს”
1977 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, “NASA”-ს პროგრამით გაიგზავნა 2 ხომადლი – “VOYAGER 1” და “VOYAGER 2”. მისია კოსმოსის კვლევასთან ერთად, მაღალგანვითარებული უცხო ცივილიზაციებისათვის, დედამიწაზე განვითარებული კაცობრიული ცივილიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად. კოსმოსში გაიგზავნა საგანგებოდ შერჩეული მასალა: დედამიწის ბუნებრივი ხმების ჩანაწერები, ერთ წინადადებიანი მისალმება 55 ენაზე.
დედამიწის მილიონობით სიმღერიდან სულ 31 სიმღერა,იქნა შერჩეული ,რომელიც ნასას ჟიურის აზრით სრულად ასახავდა და საუკეთესოდ წარმოაჩენდა კაცობრიობას და მის კულტურას იმ უცხო ცივილიზაციებისთვის, რომლებიც ამ გზავნილს აღმოაჩენდნენ.
შერჩეული სიმღერებიდან, ერთ-ერთი კახური მრავალხმიანი სიმღერა “ჩაკრულო” იყო.
ჩაკრულო – ქართული (ქართლ-კახური) კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური, სუფრული სიმღერა. ბურდონული მრავალხმიანობის (სამხმიანობის) ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია. ჩაკრულოს პირველი ჩანაწერი გააკეთა ზაქარია ფალიაშვილმა სოფელ ვაჩნაძიანში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი; „ჩაკრულო“ შევიდა იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.
საბჭოთა მაღალჩინოსნებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პროექტში მოხვედრილიყო პოპულარული რუსული სიმღერა, “მოსკოვური საღამოები” (პოდმოსკოვნიე ვეჩერა). მიუხედავად მათი მცდელობისა, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელებმა, რუსული სიმღერა, არ მიიჩნიეს იმ დონის შედევრად, რომ ზემოთ აღნიშნულ პროექტში ჩაედოთ. მათ რჩევისთვის მიმართეს ლეგენდარულ ამერიკელ ფოლკლორისტს ბატონ ალან ლომაქსს, რომელმაც მაშინვე გადადო სიმღერა გვერდით და მათ მოასმენინა ქართული ”ჩაკრულო…”აი, ასე, ქართველების ჩაურევლად, ქართული “ჩაკრულო” მოხვდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტში. სიმღერას ასრულებდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ანზორ კავსაძის ხელმძღვანელობით,სოლისტები: ილია ზაქაიძე და ბატონი როსტომ საგინაშვილი.
ოქროს ფირფიტა, რომელზეც ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულოა“ ჩაწერილი, კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიჯერმა“ მზის სისტემაში 44 წლის წინ, 1977 წელს გაიტანა.მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლახანს, „ნასამ“ – ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსის ადმინისტრაციამ – ფირფიტის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. სექტემბრის შუა რიცხვებში, „ვოიჯერმა“ მზის სისტემა პირველად დატოვა და ვარსკვლავთაშორის სივრცეში გადავიდა.
„ვოიჯერი“ პირველი ადამიანის ხელით დამზადებული ობიექტია, რომელიც მზის სისტემიდან გავიდა, სადაც დაახლოებით 19 მილიარდი კილომეტრი იფრინა. ხომალდი დედამიწაზე ინფორმაციის გამოგზავნას აგრძელებს და დედამიწის შესახებ მოცულობითი ინფორმაციაც დააქვს თან, იმ შემთხვევისთვის, თუკი მას ვინმე, სადმე, როდესმე იპოვის. სპილენძით დამზადებული ფირფიტა გარედან ოქროთია დაფარული და სწორედ ამიტომ უწოდებენ „ოქროს ჩანაწერს“ (Golden Record).
ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ კი 27 მუსიკალური ნაწარმოების შემცველ 90-წუთიან განყოფილებაში მოხვდა, რომელშიც არამარტო სხვადასხვა კულტურების ეთნიკური მუსიკალური სიმდიდრე, არამედ დასავლეთის, თუ აღმოსავლეთის ბევრი კლასიკური შედევრია წარმოდგენილი.
ჩაკრულო
ხიდის თავს შევკრათ პირობა
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა
თავს დავანგრიოთ ბანია
ხიდის თავს შევკრათ პირობა
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა
თავს დავანგრიოთ ბანიო
მუხრან ბატონის ყრმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა
დეკეული ვერ დავზარდე
კალო ვერ ვრეწე მოზვრითა
ხმალო ხევსურეთს ნაჭედო
თელავში თუშმა გაგფერა
მეფე ერეკლემ გაკურთხა
საომრად ჯვარი დაგწერა
მტერო დამჩაგრე არ ვსტირი
ტირილი დიაცთ წესია
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში
მაგრამ არ დამიკვნესია
მაცალე ერთი ავლესო
ხმალჩახმახ ცეცხლის კვესია
სულ წმინდად მოგამკევინო
რაც ჩემთვის დაგითესია.
„ჩაკრულო„ დღემდე ისმის გალაქტიკის დაუსაბამო სივრცეებში და ასე იქნება მანამ, სანამ ვინმე არ აღმოჩენს.
Veriko Chichiashvili Chelik