მზის მოდარაჯე ფოტოხელოვანი
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, პროფესიით ფინანსისტს, მათემატიკოსს და მიკრო საფინანსო კომპანია „გლობალ კრედიტი“-ს დამფუძნებელსა და მმართველს ბატონ თემურ ნიკოლაძეს შვიდი ათეული წლის შემდგომ ასაკში აღმოაჩნდა ფოტოხელოვნებისადმი მძაფრი მიდრეკილება. ქალაქის საზოგადოებისათვის ძვირფასმა პიროვნებამ, ქველმოქმედმა და უბრალოდ შემოქმედებითი სულის სისავსით მდიდარმა ადამიანმა გადაწყვიტა ყოველი დილა აღებეჭდა მის ფოტოობიექტივზე და მდინარე რიონისა და თეთრი ხიდის მიმდებარე მიდამოები ათასგვარ ფერებში „დაგვიხატა“.
დილაადრიან მზის მოდარაჯედ იქცა, რათა ყოველი დილის გათენების სასწაული ამცნოს საზოგადოებას, ღვთის მადლთან მიაახლოვოს, ახალი დღით გახელილი თვალები ლამაზი ფოტო- სასწაულით აუვსოს და კეთილი და სასიამოვნო განწყობა გადასდოს თითოეულს.
ან როგორ გინდა, ამ სასწაულების ნახვის შემდეგ შენში არსებულ მეორე „ჩრდილოვან მე-ს“ ცუდი ფიქრისა და განწყობის საშუალება მისცე. ამ საკმაოდ დიდი პროფესიონალიზმით შესრულებულ ყოველდღიურ შემოქმედებას თავად ჰობს უწოდებს და ნიჭიერებაზე საუბარს უხერხულადაც კი მიიჩნევს, თუმცა, ცხადია ის, რომ მისმა ფოტოებმა უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
მხილველმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ ისტორიული და მითიური თეთრი ქვები ქუთაისში ასეთი არასოდეს უხილავს, მაგრამ დიახ, ეს ქუთაისია, ეს მდინარე რიონია და ეს ქვადქმნილი „მითიური ანგელოზებია“, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ თითოეული ჩვენგანი, ეს კი ბატონი თემურ ნიკოლაძეა, რომელმაც წარუშლელი ფოტოისტორია შექმნა სამოყვარულოდ, მაგრამ მაღალი პროფესიონალიზმით და ესთეტიური, შემოქმედებითი გემოვნებით.
მწერალმა როსტომ ჩხეიძემ მასში „პოეზია“ დაინახა, მე კი დავძენდი, რომ დიახ, მასში იკითხება „პოეზია“, ისმის „მუსიკა“ და შეიგრძნობა ტალღებისა და თეთრი ქვების თეატრალური დრამა, მაშინ, როცა „მზის თეატრში“ ანგელოზები გადაშლიან სხივებით ნაქსოვ ფარდაგს და მზის მოდარაჯე ფოტოხელოვანი თითის ერთი მოძრაობით შექმნის წარუშლელ ფოტოისტორიას.
წერილი მოამზადა
ნათია ჯიმშელეიშვილმა