რეპრესიები საქართველოში
მე-20 საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებმა საქართველოზე წარუშლელი კვალი დატოვა. ათასობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა კომუნისტურ რეჟიმს. ბევრი იმ დროისთვის უკვე გენიად მონათლული ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. რეპრესირებულთა საერთო მონაცემთა ბაზაზე მუშაობა პირველად საერთაშორისო საზოგადოება ,,მემორიალმა“ 1998წელს დაიწყო. ეს ბაზა ,,საბჭოთა პოლიტიკური ტერორის მსხვერპლნი“ შეიცავს 1300000-ზე მეტი ადამიანის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს.
დღემდე ცნობილი არ არის, არა მხოლოდ სტალინური სიებით დახვრეტილი 3600 ადამიანის საფლავი, ასევე უცნობია 21000 რეპრესირებული პირის ადგილსამყოფელი, რომლებიც 1937-38 წლებს ემსხვერპლნენ საქართველოდან.
,, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი “ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე სამი წელი მუშაობდა. საქართველოდან გადასახლებულ/გაუჩინარებული 3600 კაციანი სია,პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზის ნაწილია. სადაც ყველას შეუძლია საკუთარი წინაპრის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს. ეს ასევე ასევე ხელეწიფება ყველა დაინტერესებულ ადამიანს.
ზემოთ ნახსენები ,,მემორიალის“ წევრი ილამაზ მიწიშვილი, რეაბილიტირებული მწერლის ნიკოლო მიწიშვილის შვილი აცხადებს, რომ დღემდე არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები, თუ რამდენი ქართველი იყო რეპრესირებული იმ წლებში. მაგალითად რეპრესირებული ისაკ კალანდარიშვილის შვილიშვილის ლევანისთვის, ყველაფერი ძველი საქაღალდის პოვნით დაიწყო…იქ ბაბუის რეაბილიტაციის დოკუმენტი იდო. მას მერე წინაპრის ამავს ლევანი დიდხანს იკვლევდა.
რეპრესიები უმკაცრესად შეეხო ქართველ ბოლშევიკებსაც…დახვრიტეს მიხეილ კახიანი, მამია ორახელაშვილი, ლევან ღოღობერიძე, ბუდუ მდივანი, მიხეილ ოკუჯავა, სამსონ მამულია და სხვები. საფრანგეთში სსრკ-ს მუდმივ წარმომადგენელს ბუდუ მდივანს განსაკუთრებით ვერ იტანდა ბერია. იგი 1936 წელს დააკავეს, ცხრა დღის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით შვილები დაუპატიმრეს, ქალიშვილიც დაუხვრიტეს. მის ერთ-ერთ შვილს ჩოგბურთის ლეგენდას, 26 წლის ჩემპიონ არჩილ მდივანს, ბერიამ ტურნირის წინ შეუთვალა-თუ მოიგებ, შენებს გავათავისუფლებო. მოიგო, თუმცა არავინ გაუთავისუფლებიათ, შემდეგ თავად არჩილიც დახვრიტეს.
გიორგი(გოგი)ელიავა-პროფესორი, თბილისის ბაქტერიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის დირექტორის დახვრეტის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ელიავა პირად საუბრებში აგდებით ელაპარაკებოდა ბერიას. ვლადიმერ ჯიქიას საქმეც აბსურდულად იყო შეკერილი. 1937 წელს ,,რიონჰესის“ მშენებელი, ინჟინერ-ჰიდროლოგი, ცოლის სილამაზეს შეეწირა. მისი მეუღლე ულამაზესი თინათინ სვანიძე, ძალიან მოსწონდა ბერიას. თავად თინათინიც დააპატიმრეს და 5 წლით აკმოლინსკის ქალთა ბანაკში გაამწესეს.
ცნობილი ქართველი მწერლებიდან 1937 წლის 22 ივლისს პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა. 14 აგვისტოს დააპატიმრეს მიხეილ ჯავახიშვილი და 30 სექტემბერს დახვრიტეს. ტიციან ტაბიძე დახვრიტეს იმ ბრალდებით, რომ თარგმნიდა და კითხულობდა ევროპელ მწერალთა ნაწაემოებებს. არსებობს ვერსია, რომ გადასახლება მისჯილი პოეტი, ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. არაადამიანურად აწამეს და დახვრიტეს ქართული მუსიკის ლეგენდა ევგენი მიქელაძე. დიმიტრი შევარდნაძე იყო მხატვარი, ვინც ევროპულ კულტურას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მისი დამსახურებაა ნ.ფიროსმანის ნახატების ნაწილის არსებობა. იგი იყო პიონერი ქართული თეატრისა და კინოს მხატვრობისა.
სანდრო ახმეტელის წამება 222 დღე გრძელდებოდა. 29 ივნისს ისიც დახვრიტეს. ასევე ლიტერატურთმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი, მემედ აბაშიძე, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, ლევან გოთუა, ოლღა ოკუჯავა.
ასევე დააპატიმრეს და დხვრიტეს ბაღდათის, მაშინდელი მაიაკოვსკის რაიკომის ყოფილი მდივანი ვლადიმერ დუმბაძე (ნოდარ დუმბაძის მამა) და მასთან ერთად ბაღდათის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდე მჭედლიძე ბრალდებით, რომ თითქოს იყვნენ აქტიური წევრები კონტრ-დივერსიული ტერორისტული ორგანიზაციის და ეწეოდნენ მავნებლობას რაიონის სოფლების კოლმეურნეობებში, მალავდნენ ახალ სტალინურ საკოლმეურნეო წესდებას, ეწეოდნენ ძირისგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას.
ბერიამ ქართველი ,, ტროცკისტების“ ვრცელ სიაში არაერთი ქალი შეიყვანა. მათ შორის იყო ლიდია გასვიანი-საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორის მოადგილე 25 ივნისს დახვრიტეს. მაგალითად ოლია მესხს გადასახლება მიუსაჯეს იმ მიზეზით, რომ კოლექტივიზაციაზე იხუმრა. 163 ქალს მიუსაჯეს დახვრეტა. მათგან ასაკით ყველაზე პატარა 19 წლის ვერა(ფეფიკო) ვარაზაშვილი იყო. იგი ცნობილი ქართველი ემიგრანტისა და ინჟინერის ივანე ვარაზაშვილის ქალიშვილი გახლდათ, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი სდევნიდა. ლიზიკო კოპაძე, რომელსაც ქმარი დაუხვრიტეს თავის მოგონებებში წერდა: ,,ყველაზე დიდი უბედურება კი ჩემთვის რეაბილიტაციის ქაღალდის მოსვლა იყო. ქმარი დამიხვრიტეს, მე ციხე-ციხე მატარეს, შვილი სადღაც სარდაფში გაიზარდა და ბოლოს თურმე თქვენ დამნაშავე არ ყოფილხართ და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდითო…ამაზე საშინელი ბოდიში ჩემთვის არ არსებობს“. ეს რეაბილიტაციის ცნობა უსამართლო სამართლის აღიარებას ნიშნავდა თუ მეტ ცინიზმს ბოლშევიკურ ენაზე ესეც საკითხავია…
…,,ფეხებში რომ არ მოგვდებოდნენ, თორემ დაიწყებოდა ჩივილი“-ასე უპასუხა 70-იანი წლების ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტს, რეპრესიების ერთ-ერთმა შემოქმედმა მოლოტოვმა. ,,სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი’’-ათასობით ქართველი ქალი მხოლოდ ამ ,, დანაშაულის“ გამო წლობით გაუყენა აზიის ბანაკების გზას. ანა მამიაშვილი, როგორც ხალხის მტრების ოჯახის წევრი 10 წლით გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც იმყოფებოდა ანა ბახტაძესთან-ნოდარ დუმბაძის დედასთან ერთად. მეუღლე ივანე იორამაშვილი წითელი არმიის კაპიტანი, ტროცკისტობის ბრალდებით დახვრიტეს. ასევე დახვრიტეს მისი ძმაც, არსენ მამიაშვილი – ლექტორი, მას ბრალად ედებოდა, ხალხის მტრის უნივერსიტეტის რექტორის კარლო ორაგველიძის მიერ, კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაბირება.
ყველა ის პირი, ვინც ბოლშევიკურ ხელისუფლებას ტაშს არ უკრავდა, ,,მოღალატედ“, ,,კონტრრევოლუციონერად’’, ,,ტროცკისტად“ და ,,ჯაშუშად’’ ინათლებოდა. შედეგად აპატიმრებდნენ, სასურველ ჩვენებას აწერინებდნენ, ათობით პიროვნებას ,,ჩააშვებინებდნენ’’ და ბოლოს ხვრეტდნენ. ეს იყო მარტივი სქემა, რომლითაც ხელისუფლება მოქმედებდა და ინტელიგენციის დიდ ნაწილს უსწორდებოდა.
შევეცადეთ გვეჩვენებინა მხოლოდ მცირე ნაწილი, საარქივო მასალებიდან ამოკრეფილი, დამუშავებული ამბები ადამიანებისა, რომელთა კრებითი სახელიცაა- რეპრესირებულები.