სულ მენატრება,მეძახის, მიხმობს სამშობლო,საქართველო
Veriko Chichiashvili-Chelik: Habil Baş (აბელ ერისთავი ქათამაძე) სრულიად შემთხვევით გავიცანი. სოციალურ ქსელში სოფელ წინანდალის და ალავერდის ფოტოები გამოვაქვეყნე. გამომეხმაურა და სიხარულით აღნიშნა რომ კახეთში ნამყოფი იყო საკუთარი მოტოციკლით და აღფრთოვანებას ვერ მალავდა ამ მოგზაურობით.სიმართლე გითხრათ გამიკვირდა,რადგან აღმოსავლეთ საქართველოს იშვიათად სტუმრობენ თურქეთიდან ჩამოსული ჩვენებურები,რადგან უამრავი მათგანი წარმოშობით აჭარელია და შესაბამისად მათი მარშრუტიც აჭარით შემოიფარგლება.ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.
მას შემდეგ ვაგრძელებთ მეგობრობას და საუბრებს საქართველოზე,კახეთზე, მოგზაურობის ისტორიებზე.
გადავწყვიტე ჩვენი მკითველისთვისაც გამეცნო ისტორიულ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა,რომელიც,როგორც კი დროს გამონახავს, თავისი მოტოციკლით საქართველოსკენ მიეშურება.
დაიბადა და გაიზარდა თურქეთში, ქალაქ სტამბულში წარმოშობით ქართულ ოჯახში. მშობლებისგან მუდამ ქართული საუბარი ესმოდა,ამიტომაც არის, რომ თვითონაც შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას. 30 წლისაა, პროფესიით სტილისტს აქვს საკუთარი სალონი”Hair Club”და აკეთებს საყვარელ საქმეს.ბაიკერობა ბავშვობიდან იზიდავდა.უყვარს კლასიკური მოტოციკლეტები. ჰყავდა მოტოციკლი „KAWASAKI„ რომლითაც იმოგზაურა საქართველოში და ახლა „HARLEY-DAVIDSON „-ით დადის.
წლების განმავლობაში,თურქეთში ცნობილი ბაიკერების კლუბის „AKINCILAR”(აქინჯილარ) -ის წევრი იყო.მაგრამ სამწუხაროდ ჯგუფი პანდემიის დროს დაიშალა.ამჟმად თავის მეგობრებთან ერთად ბაიკერების კლუბ „VATAN”(ვათან-ს) სტუმრობს ხოლმე.
ბაიკით იმოგზაურა ქვეყნებში:ბულგარეთი,სერბეთი,უნგრეთი,მაკედონია და საბერძნეთი.
საქართველოში ორჯერ იყო მოტოციკლით 2014 და 2018 წლებში .პირველად საქართველოს რამდენიმე კუთხე მოინახულა. მეორედ უკვე პატარა მარშრუტი ჰქონდა ბათუმამდე.
„-ჩემი წინაპრების მონაყოლით შემიყვარდა საქართველო,დიდი ინტერესი მქონდა მისი ნახვის და ძალიან მინდოდა იქაური ნათესავების გაცნობა.ეს სურვილი, 2009 წელს, როდესაც პირველად ჩავედი საქართველოში, მაშინ ავისრულე. მოვინახულე და გავიცანი ნათესავები და დღემდე ვაგრძელებ მათთან ურთიერთობას.
ერთ დღესაც გადავწყვიტე ჩემი მოტოციკლით წავსულიყავი და მხოლოდ ბათუმი კი არა, არმედ შეძლებისდაგვარად მთელი საქართველო მენახა.სამშობლოს შეგრძნება უფრო ძლიერად მინდოდა განმეცადა იქ ყოფნით ,ვიდრე ეს ოდესმე მქონია.ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება.მაგრამ სურვილი და ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მანძილის შეგრძნება აღარ მქონდა.
თავგადასავლები საქართველოს საზღვრიდანვე დაიწყო. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე,ყველამ როგორც თურქი ტურისტი ისე მიმიღო.მოულოდნელად ქართული პასუხი რომ დავუბრუნე ძალიან გაუხარდათ„ჩვენიანი ყოფილხარო„-მითხრეს. მეც ამაყად ვუთხარი რომ აჭარელი ვიყავი.იმ სითბოზე და სიყვარულზე მეტი ვიგრძენი, რასაც ველოდი. მაშინ მივხვდი რას ნიშნავს ფესვებს რომ დაუბრუნდები.იმ დღიდან მოყოლებული,როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ ,ყოველთვის მივდივარ ჩემს საყვარელ საქართველოში“.
ბათუმის შემდეგ ქუთაისისკენ გაეშურა .ინახულა,გელათის მონასტერი და დავით აღმაშენებლის საფლავი,სათაფლია.შემდეგი მარშრუტი თბილისი იყო.
„-ჩემს ბაიკზე საქართველოს დროშა ფრიალებდა. გზების წესები არ ვიცოდი, მაგრამ ყველგან ძალიან დიდ ყურადღებას,პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობდი. მეხმარებოდნენ,გზას მასწავლიდნენ, სტუმრად მიწვევდნენ.ასე ჩავედი თბილისამდე“-გვიყვება აბელი.
თბილისში ჩასულს,ქალაქის არც ერთი ღირსესანიშნაობა არ დაუტოვებია რომ არ ენახა.რუსთაველი, თავისუფლების მოედანი,დიდი შოთა რუსთველის ძეგლი,მთაწმინდა.
შემდეგი მარშრუტი კახეთი იყო საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი
„-თურქეთში მყოფი ქართველი მეგობრისგან ვიცოდი კახეთის შესახებ და დედაქალაქიდან პირდაპირ თელავისკენ ავიღე გეზი.იქ ბაიკერი მეგობარი ილია დამხვდა,რომელმაც არაჩვეულებრივი მეგზურობა გამიწია.კახეთი ყველაზე ძალიან მომეწონა თავისი ულამაზესი ბუნებით და ადგილებით.ეს დაუვიწყარი მოგზაურობა იყო“-იხსენებს აბელ ერისთავი.
მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი გმირი თელაველი ილია, რომლის გვარი აბელს აღარ ახსოვდა ჩვენ მოვძებნეთ,დავუკაშირდით და ვთხოვეთ ამ მოგზაურობის შესახებ მოეყოლა. სიამოვნებით დაგვთანხმდა.
ილია ჭოტიაშვილი –თელავის ექსტრემალური კლუბის წევრი
„-ჩვენი საერთო მეგობარი დამიკავშირდა და მთხოვა დავხვედროდი თურქეთიდან მოტოციკლით ჩამოსულ სტუმარს. მასპინძლობა და მეგზურობა გამეწია მისთვის .ვიყავით ალავერდში,გრემის მონასტერში, ილიას ტბაზე ყვარელში, წინანდალში,ფაქტიურად მთელი კახეთი შემოვიავიარეთ.თურქეთიდან ჩამოსული მეგობარი ქართულად კარგად საუბრობდა და ასევე ძალიან კარგად უკრავდა ჩონგურზე, ამის გამო,ჩემმა მეგობარმა თელავში ქართული ხალხური საკრავი სალამური აჩუქა.უკვე წლები გავიდა, მოკითხვას გადავცემ თქვენი საშუალებით და თუკი მოენატრა თავისი სამშობლო, ველოდებით, ახალი მოგზაურობისათვის და თავგადასავლებისათვის“.
გარდა ძირითადი საქმიანობისა, აბელი კარგად ფლობს რამდენიმე აღმოსავლურ საკრავს, საზი ანუ თურქული ფანდური და ქემენჩე.ასევე უკრავს გიტარასაც.მისი სალონიდან ხშირად გაიგონებთ მუსიკის ჰანგებს,რადგან მას ხშირად სტუმრობენ მეგობარი მუსიკოსები და ერთად ასრულებენ როგორც თურქულ,ასევე ქართულ ხალხურ სიმღერებს. აქვს იუთუბ არხი,სადაც ნებისმიერ მსურველეს შეუძლია მოუსმინოს მის მიერ ნამღერს.
აბელი ძალიან უშუალო, კონტაქტური და გულწრფელი ადამიანია.უყვარს შემოქმედი ხალხი ,რადგან თვითონაც ამ სფეროს ემსახურება.ჩვენი ნაცნობობის მსგავსად, ქუთაისელ პოეტ ქალბატონთან ნათია ჯიმშილეიშვილთანაც ასე მოხდა მისი დაკავშირება.
პოეტი ნათია ჯიმშილეიშვილი,რომელიც თურქეთის ჩვენებურებს ხშირად სტუმრობს და არ აკლებს მათ ქართულ საზრდოს,ერთ განსაკუთრებულ ისტორიას იხსენებს აბელის შესახებ:
“-აბელ ერისთავს, იგივე ჰაბილ ბაშს მანამდე ახლოს არ ვიცნობდი, ვიდრე ერთ საღამოს ასეთი ისტორია არ მოხდა, ამბავი, რომელმაც ისეთი ემოცია მომგვარა,რომ მთელი ღამე არ დამეძინა, რამაც შემდეგ ერთი ძალიან ლამაზი ლექსიც დამაწერინა.
გვიანი იყო უკვე, როდესაც მესენჯერში ჩვენებური ქართველი ჰაბილ ბაში (აბელი ერისთავი, ქათამაძე) მომესალმა. დარეკვას მთხოვდა, ჩვენთვის ქართული სიმღერის შესრულება უნდოდა.უკვე გვიან იყო,ამიტომ ხვალისთვის გადადება ვთხოვე. ახლა ძალიან მინდოდა მემღერა ქართულად თქვენთვის- მომწერა პასუხად. ისეთი გული იგრძნობოდა ამ შეტყობინებაში, ამაზე უარის თქმა არ შემეძლო, მაშინ როცა 13 წლიდან ვოცნებობდი “ჩვენებურების” ქართული და მათი ნამღერი სიმღერები მომესმინა. ჩემი ქალიშვილიც გავაღვიძე, თურქეთიდან “ჩვენებური” ქართველის მიერ შესრულებული ქართული სიმღერის მოსასმენად.
მოკლედ, ჩვენი ზარი შედგა, ცოტა ვისაუბრეთ, მადლობა გადამიხადა ჩემი საქმიანობითვის თურქეთში და საქართველოში. ჩვენებურების სიყვარულსა და მშობლიურ ფესვებთან დაახლოვებაში.ძალიან ბედნიერი ვიყავი, ასეთი სიყვარულით სავსე საუბარს რომ ვისმენდი. შემდეგ ინსტრუმენტი მოიმარჯვა და მითხრა ეს ლამაზი ქართული სიმღერა, შემიფასეთ, როგორ შევასრულებო.
ისე ლამაზად მღეროდა, ისეთი გრძნობით და გულით, რომ ცრემლები მახრჩობდა….
როგორ შეიძლება ემოციის გარეშე შეხვდე იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდას თურქეთში დაბადებულს და გაზრდილს, მაგრამ გულით და სისხლით ქართველს, წყურვილად ექცა უცებ საქართველოში მისი ნამღერი სიმღერა ერთ ქართველს მაინც, ამ შემთხვევაში მე მომესმინა.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ენით ვერ გადმოგცემთ, მადლობა ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძმავ …. ლამაზი სიმღერისთვის და იმისთვის ,რომ დამიკავშირდით და ჩემთან საუბარი მოისურვეთ.
განცდილი სიხარული,სიყვარული ,სისხლის ყივილი,სიამაყე,ძირძველი სამშობლოს განცდა მისი შორს გადახვეწილი შვილისგან, ეს ყველაფერი ერთად ისეთი დიდი ემოცია იყო, რომ ლექსად წამოვიდა ჩემიდან. ამ ლექსს, უკვდავ საჩუქრად ვუძღვენი ძვირფას მეგობარს ,ქართველს, აბელს ერისთავ ქათამაძეს, რომლის სიმღერის შემდეგ ემოციით დატვირთულმა მართლაც ვერ დავიძინე“.
შენი სიმღერა
რამ გამაღვიძა, როცა წუხელ არც მიძინია,
შუაღამისას გამიტეხე ძმავ მყუდრო ძილი,
მსგავსი სიმღერით მღელვარება, ჯერ არ მიგრძვნია,
ნატყვიარივით გულში ჩამრჩი და ახლაც ვტირი.
რამ გამაღვიძა, როცა თვალი არც მომიხუჭავს,
არ მავიწდება ემოცია, რომ გსურდა მღერა,
ჯანდაბას ღამის მყუდროება, რა დროს ღამეა,
უამსიმღეროდ ვერც შენ გასძელ, ვერც მე ვძლებ, ვერა.
არ მოგისმედი? მოვკვდებოდი მთვარიან ღამით,
შენშიც ჩავკლავდი საქართველოს ნენეს ნანინას,
როცა მოგინდეს, შეგიძლია სულ რომ მიმღერო,
ჩვენ დავამსხვრიოთ ბორკილები, ვიშვათ თავიდან.
არ მოგისმენდი? რა ათევდა წუხანდელ ღამეს,
არც არასოდეს ინათებდა ჩემში ცისკარი,
მე წუხელ შენი სიმღერისას ვხედავდი თვალებს,
ჩემი შვილისას, სასწაულის ცხადი მიზანით.
რამ გამაღვიძა, როცა წუხელ არც მიძინია,
შენთან მსურდაო ჩვენებური წავიღიღინო,
ქართული ფესვის ფერებისთვის მავსე მადლობით,
ისე ავღელდი, როგორ იქნას არ გაგიმხილო.
უსაზღვროება დავინახე წუხელ საზღვარის,
არ მეშინია ,აწი თუნდაც მუხლზე დავეცე,
შენი ქართულით, ჩვენებური ტკბილი სიმღერით,
ყველა საზღვარი დაანგრიე და გადალეწე.
რამ გამაღვიძა, როცა წუხელ არც მიძინია,
შუაღამისას გამიტეხე ძმავ მყუდრო ძილი,
მსგავსი სიმღერით მღელვარება, ჯერ არ მიგრძვნია,
ნატყვიარივით გულში ჩამრჩი და ახლაც ვტირი.
ნათია ჯიმშელეიშვილი
24.01.2021
თურქეთის ქართველები „ჩვენებურები„ საქართველოში არსებულ ეროვნულ დღესასწაულებს ყოველთვის აღნიშნავენ. აბელი არც ერთ ღონისძიებას არ ტოვებს.სწორედ ამიტომ იგი ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ დაჯილდოვებულია კულტურის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდებით,თურქეთში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ძალიან მენატრება იქაურობა,სულ მეძახის,თავისთან მიხმობს“- პირად საუბარში გვითხრა აბელმა. პანდემიის დასრულებას მოუთმენლად ელოდება.გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით.
„-ჩემს თურქ და ლაზ მეგობრებთან ერთად საქართელოს ყველა კუთხეში მოტოციკლით მოგზაურობას ვაპირებ.მინდა რომ ჩემი საქართველოს სილამაზე მეგობრებსაც სიამაყით ვაჩვენო.“
წარმატებები აბელ,გულწრფელო მეგობარო!