მიტროფანე ლაღიძე და „ლაღიძის წყლების“ წარმატების ისტორია
კოკა–კოლა VS ლაღიძე
„1952 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა სტალინს საჩუქრად ათასი ბოთლი „კოკა-კოლა“ გამოუგზავნა. პარტიული ლიდერები აღფრთოვანებულან მისი გემოთი. გადაწყდა, რომ საპასუხო საჩუქრად ამერიკაში “კოკა-კოლაზე” ბევრად გემრიელი გაზიანი სასმელი გაეგზავნათ. ახალი, ყველასგან განსხვავებული სიროფის შესაქმნელად მოსკოვში 83 წლის მიტროფანე ლაღიძე გამოიძახეს. იმ დროისათვის “ლიმონათების გენიოსს” უკვე ასზე მეტი რეცეპტი ჰქონდა შექმნილი. მიტროფანეს ლიმონათს ამერიკაში ისეთი ეფექტი მოუხდენია, რომ ჰარი ტრუმენი ქვეყანაში მისი შეტანით დაინტერესებულა. თეთრი სახლიდან წერილიც კი მოვიდა, ამერიკელები ლაღიძის ლიმონათის ექსპორტს ითხოვდნენ. საბჭოთა კავშირში შემდეგში,ამ გაცვლას „ჩვენი პასუხი “კოკა-კოლას” უწოდეს.
ცნობილი ფაქტია ისიც, რომ “ლაღიძის წყლებით” მოხიბლულმა ფრანკლინ რუზველტმა იალტის კონფერენციის შემდეგ 2 ათასი ბოთლი ქართული უალკოჰოლო სასმელი გაიყოლა სამშობლოში.
22 ივნისს საზოგადო მოღვაწის, ქველმოქმედის,საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამფუძნებელის, „ლაღიძის წყლები“ დამაარსებელის მიტროფანე ლაღიძის დაბადებიდან 152 წელი გავიდა.
მიტროფანე ლაღიძე 1869 წლის 22 ივნისს დაიბადა, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭოლევში აზნაურის ოჯახში. 14 წლის იყო, როცა ქუთაისში ჩამოიყვანეს და მუშაობა პეტრე კოკოჩაშვილისა და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში დაიწყო. წარმოშობით პოლონელ ივანოვსკის, აფთიაქის გარდა, ლიმონათის წარმოებაც ჰქონდა, სადაც მიტროფანემ ხილეული წყლების წარმოების მეთოდი შეისწავლა. 1887 წლიდან, ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ წარმოებას სათავეში თვითონ ჩაუდგა. 1900 წელს ქუთაისის ლიმონათის წარმოების ბაზაზე შექმნა ხილეულის სასმელების წარმოების ამხანაგობა. დიდ ყურადღებას აქცევდა ნედლეულის ხარისხს, სასმელების წარმოების ტექნოლოგიების დაცვას და მათ დასამზადებლად ნატურალური წვენების გამოყენებას. ამავე წელს ქუთაისში გახსნა უალკოჰოლო სასმელების მაღაზია.
1902 წელს მიტროფანე ლაღიძე გაემგზვრა გერმანიასა და საფრანგეთში. პარიზში მან ხილეულის წყლის წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია შეისწავლა, რაც შემდეგ თავის წარმოებაში დანერგა.
მიტროფანე ლაღიძის ინიციატივით, ქუთაისში აშენდა ელექტროსადგური, რომელმაც პირველად მისცა ქალაქს ელექტროგანათება. ამ ისტორიული ფაქტით ქუთაისის საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა. 1904 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა:„ბატონ მიტროფანე ლაღიძის ქარხანამ კარგი საქმე გააკეთა, ჯერ იყო და ქუთაისის თეატრი გაანათა ელექტრონით და ახლა კი ქალაქის ქუჩებსაც ანათებს. ეს აგერ ერთი კვირაა, რაც მთავარი ქუჩა სობორისა და ბულვარის გარშემო ელექტრონის ფარნებითაა განათებული.“
ამავე პერიოდში,ლაღიძემ საფრანგეთიდან მიიღო მაცივარ-დანადგარები ხელოვნური ყინულის მისაღებად. ეს იყო დიდი სიმძლავრის ქარხანა, რომლის მიერ გამოშვებული პროდუქციით, ქუთაისის გარდა, ამარეგებდა აგრეთვე ფოთის ნავსადგურის სამაცივრო მეურნეობასაც.
გაზიანი სასმელის ჩამოსასხმელად საქართველოში მან შუშის ბოთლები შემოიტანა და მომავალი ბრენდისთვის ეტიკეტიც შეიქმნა. ეტიკეტზე გამოსახული ჩიხტიკოპიანი ქალი, მიტროფანეს დედა გულჩინა უგრეხელიძე იყო. ასევე თანდართული ჰქონდა საინტერესო წარწერაც:”მოითხოვეთ ყველგან. გემო და სუნი საამური აქვს. გაუფრთხილდით სიყალბეს”.
“გინდა იყო ლამაზი? დალიე ლაღიძის წყალი!” – ასე უხმობდნენ გამყიდველები ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს.
ქუთაისის მთელი საზოგადოება, დიდი და პატარა იკრიბებოდა და სიამოვნებით მიირთმევდა უკვე სახელგანთქმულ „ლაღიძის წყალს“, რომელიც იყიდებოდა ქუთაისის ცნობილ ბულვართან ახლოს.
1906 წელს მიწურულს, აკაკი წერეთლის რჩევითა და ილია ჭავჭავაძის დახმარებით, თბილისში უალკოჰოლო სასმელების ქარხანა დააარსა, ამავე წელს გოლოვინის, ახლანდელი შოთა რუსთაველის პროსპექტზე უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა.
1910 წლისთვის თბილისში ხილის წყლების 3 ქარხანა არსებობდა: ლაღიძის, ზემელის და მამულოვის. მათ შორის ყველაზე უკეთესი ხარისხის ლიმონათს მიტროფანე ლაღიძის ქარხანა უშვებდა. 1913 წელს პეტერბურგსა და ვენაში სასმელთა საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა უალკოჰოლო სასმელები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.
მას შემდეგ რაც “ლაღიძის წყლებმა” დედაქალაქში გადმოინაცვლა, ამით ჯერ მთელ საქართველოში, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზეც უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა.
1913 წელს ლაღიძემ ვენის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი, 1914 წელს პეტერბურგში კი უმაღლესი ჯილდო მიიღო საუკეთესო ხილეული სასმელის დამზადებისთვის.მიტროფანე ლაღიძის ქართულმა ლიმონათმა კი საბოლოოდ რუსეთის სამეფო ოჯახიც დააინტერესა, რის შემდეგაც ქართველი მეცენატი სამეფო კარის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა.
“1900 წლიდან საქართველოში მე შემოვიღე საუკეთესო ნატურალური წყლების, წვენებისა და სიროფების დამზადების ახალი მეთოდები, წესები და რეცეპტურები, რომლის წესით დამზადებული წყლები ხარისხის მხრივ მოწონებული და ღირსეულად შეფასებულ იქნა ფართო საზოგადოების მიერ. ამ რეცეპტურით დამზადებული წყლები როგორც გემოთი, ისე სურნელოვნებით საამურია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა იმიტომ, რომ ჩემი მეთოდით დამზადებულ სასმელებში არ იხმარება არავითარი სინთეტიური ესენციები და ქიმიკატები. აღნიშნული სასმელი არაერთხელ გავგზავნე სხვადასხვა გამოფენაზე როგორც რუსეთში, აგრეთვე, საზღვარგარეთაც და ყველგან ჩემი რეცეპტით დამზადებული სასმელები მოწონებულ იქნა. მაგალითად, 1913 წელს პეტერბურგის ჰიგიენურ გამოფენაზე მაღალი და განსხვავებული ხარისხის ხილეული სასმელების დამზადებისთვის დიდი ოქროს მედალი მივიღე. აგრეთვე, სხვადასხვა გამოფენაზე მივიღე პატარა ოქროსა და ვერცხლის მედლები ხილეულის წყლების საუკეთესო ღირსებისა და ხარისხისათვის.“– წერდა თავის მოგონებებში ლაღიძე.
მიტროფანე ლაღიძე სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის აქტიური მონაწილე და ხელშემწყობი იყო. მან ქუთაისში დააარსა საგამომცემლო ამხანაგობა, რომელიც გამოსცემდა ქართველ მწერალთა კრებულებს და საგანმანათლებლო ხასიათის წიგნებს. მისი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა საქართველოს მეომართა დამხმარე კომიტეტი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან. იგი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრი, მატერიალურად ეხმარებოდა ჩვენს მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, იყო ბევრი ეროვნული საქმის ხელშემწყობი და განმახორციელებელი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან, აკაკისთან, ტიციან ტაბიძესთან და სხვა სახელოვან ადამიანებთან. მიტროფანე ლაღიძემ 1898 წელს გამოსცა ილიას „აჩრდილი“, აკაკის „მომაკვდავის ჩვენება“, ვახტანგ ორბელიანის „იმედი“ და სხვა. 1908 წელს აკაკის ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავისათვის ქუთაისში დაბეჭდა საიუბილეო კრებული, რომლის ყდაზე აწერია: „მთელი ამ გამოცემის შემოსავალს ნიშნად ღრმა პატივისცემისა ვუძღვნი იუბილარს აკაკის 50 წლის მოღვაწეობის სახსოვრად“.
მიტროფანე ლაღიძე 1960 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლაღიძის წყლებს სათავეში მისი შვილიშვილი ჩაუდგა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიტროფანე ლაღიძე ქართული ბიზნესის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა.
საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო, თბილისის კოლორიტი, “ლაღიძის წყლები” ბოლო რამდენიმე წელია ქართული ბაზრიდან ფაქტიურად გაქრა. ისტორიული ძეგლების ნუსხაში შესული „ლაღიძის წყლების“ რუსთაველის ქუჩის ობიექტი 2007 წელს სახელმწიფოს მიერ იქნა გაყიდული.დაუბრუნდება თუ არა ქალაქს ისტორიული ქართული ბრენდი ჯერჯერობით უცნობია.
2013 წელს “ლაღიძის წყლებს” არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი