ლევან ბერძენიშვილის ახალ წიგნს ვკითხულობ. ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ გაეცნოთ!
აქვე ერთ ფრაგმენტს გაგიზიარებთ ამ წიგნიდან:
ქართველი ბოლშევიკები ცდილობდნენ ურთიერთობა დაემყარებინათ ქართველ ინტელექტუალებთან, რომელთაგანაც, სამშვიდობო ინიციატივებით, განსაკუთრებით, პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე გამოირჩეოდნენ.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ პაოლოცა და ტიციანიც თითქოს ცდილობდნენ არ შეემჩნიათ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა და ისე განაგრძნობდნენ მუშაობას, თითქოს კარგი რამ მოხდა. მეტიც, პაოლო იაშვილი გულწრფელად მიემხრო საქართველოს გასაბჭოებას და ამ მოვლენას ლექსიც მიუძღვნა – „ახალი საქართველო“. თუმცა, მოგვიანებით პაოლოს ბიოგრაფია ისე წარიმართა, ამ ამბებს ნაკლებად იხსენებენ.
1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის მისი ძმა დახვრიტეს, რამაც ალბათ შეურყია „ახალი საქართველოს“ რწმენა. ამას დაუსრულებელი რეპრესიები, მისი მეგობრების დაპატიმრება და გაქრობაც მოჰყვა. თავად პაოლოსაც ხშირად იბარებდნენ დაკითხვებზე და, როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო.
აი, ამ ხალხთან ურთიერთობას ამყარებდნენ პირველი ქართველი ბოლშევიკები, ადამიანებთან, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ საბჭოთა კავშირთან ადაპტაციას, რაც სრულიად გასაგები მიზეზების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა მხოლოდ იმას, რომ ადამიანები იყვნენ…
ვალპურგის ღამით, ბროკენის მწვერვალე კუდიანების დღესასწაული ფერმკრთალი და დაბალი დონის ბოროტებაა იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა საქართველოში პრესის, მათ შორის, ლიტერატურული გაზეთების ფურცლებზე შეგეძლოთ გენახათ:
„ზიზღი ბანდიტებს და ქვეწარმავლებს“, – ავტორი გიორგი ლეონიძე;
„სულის სიღრმემდე აღშფოთებული ვარ“, – ავტორი შალვა დადიანი (ამ შემთხვევაში შალვა დადიანი აღღშფოთებული იმით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლების თვით საბჭოთა კავშირს მტრობენ და სტალინი არ უყვართ!)
„უსასტიკესი განაჩენი სამშობლოს მოღალეტეებს!“ – ავტორი ალიო მირცხულავა.
„ისტორიას არ ახსოვს ჯერ უფრო მეტი გათახსირება“ – ტიციან ტაბიძე;
„ხალხის მსჯავრი“ – ეს სიმონ ჩიქოვანის ტექსტის სათაურია;
„აღმოვფხვრათ მათი ხსენება“ – ვალერიან გაფრინდაშილის სტატია.
როგორც წესი, აქ ვერ ნახავთ გალაკტიონს. კი ბატონო, სტალინის შესახებ გამოცემულ კრებულში მისი ლექსიცაა შესული, თუმცა გალაკტიონს არასდროს დაუწერია ტექსტი სათაურით „სიკვდილი მუხანათურ მტერს“ და არც კოლექტიურ წერილებზე მოუწერია ხელი.
ეს ისე, რათა ვიცოდეთ, რომ დიდი გენიოსი არაა ისე შებღალული, როგორც დანარჩენები.
მადლობა ღმერთს და მადლობა გალაკტიონის ტალანტს, მადლობა მუდამ დამფრთხალ, შიშით შეპყრობილ კაცს, რომ არა მხოლოდ პოეზიით, არამედ ზემოხსენებულ საქმეებში მონაწილეობის არმიღებითაც ბრწყინავს!
/ლევან ბერძენიშვილი/
https://textualscholarship.blogspot.com/2022/07/blog-post_24.html