მას ეუბნებოდნენ: ჯარი არ გვყავსო!
ის პასუხობდა: შევქმნით!
- ფული არა გვაქვს!
- მოვიძიებთ!
- ბევრი მტერია ირგვლივ!
- დავამარცხებთ!
რაც თქვა, შეასრულა გენერალმა მუსტაფა ქემალ ფაშამ, ათათურქმა.
არაფრისგან შექმნა სამშობლოს თავდაცვისათვის მოტივირებული ჯარი, რომელმაც 3 წელიწადში დაამარცხა ანტანტა – I მსოფლიო ომში ოსმალეთის მიწასთან გამსწორებელი.
ფული და იარაღიც მიიღო.
ხალხი დააჯერა, რომ თუ გადარჩენა და გამარჯვება სურთ, ისინი მათზე ძლიერ სახელმწიფოებს დაამარცხებენ და გადარჩებიან.
მან იცოდა, რომ ბედმა თურქეთის გადარჩენა და ახალი თურქეთის დაარსება არგუნა ხვედრად. მანაც მიიღო გამოწვევა.
მუსტაფა ქემალ ათათურქმა იცოდა, რომ წარსული ახალი თურქეთის ორიენტირი არ იყო. წარსული მხოლოდ მოტივატორი იყო. ახალი თურქეთის ორიენტირი კი ევროპა, რომლისაკენ ოსმალებს ჯერ ღაზი ოსმან I და ღაზი ფათეჰი მეჰმედ II მიუძღოდნენ. ოღონდ მათი თანამედროვე ევროპაც წარსული იყო. მეოცე საუკუნის განათლებული ეპოქა შუქურასავით უნათებდა გენერალ და პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ფაშა ათათურქს და მისი გემიც მიაპობდა რეტროგრად თანამემამულეთა ოკეანეში.
ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ადამიანისთვის დამახასიათებელი სისუსტეებით, მაგრამ სამშობლო უყვარდა და ეს აძლიერებდა.
99 წლის მან შექმნა სახელმწიფო და მემკვიდრეებს დაუტოვა მთავარი სამოქმედო პრინციპები, რომელიც თურქეთს ძლიერ ქვეყნად აქცევდა და თურქეთიც ძლიერ ქვეყნად იქცა.