ყველა (თითქმის ყველა) ქართველ საბჭოთა მოსწავლის მშობელი ვალდებული იყო, გაემოეწერა გაზეთი “ნორჩი ლენინელი” და ჟურნალი “პიონერი“.
ჩემი მშობლები არ იყვნენ გამონაკლისი. მახსოვს, მშობელთა კრებაზე, შემოდგომის სემესტრის მიწურულს რომ იმართებოდა, დამრიგებელი წინასწარ შევსებულ გამოსაწერ ბარათს აძლევდა ყველა მშობელს. სახლში მხოლოდ თანხას წერდნენ, ნახევარი თუ მთელი წლისას, და მეორე დღეს ფოსტაში აბარებდნენ.
მეექვსე კლასში ვიყავი, მარტში თუ აპრილში, რაღაც ლექსი დავწერე ქართულ ენაზე და “ნორჩ ლენინელში” გავაგზავნე. მაშინ თბილისშიც არ ვიყავი ნამყოფი და მისამართის ველში თბილისი რომ ჩავწერე, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ სადღაც საოცნებო და ძვირფას მხარეში ვაგზავნიდი წერილს.
მეგობა, შემდეგ ნომერში დამიბეჭდავდნენ. არ იყო.
არც შემდეგში.
არც მას მერე.
მეწყინა.
და დამავიწყდა კიდევაც.
1987 წელია. მეშვიდე კლასში ვარ. ოქტომბრის თვეა. მასწავლებელი შემოდის და “ნორჩი ლენინელიდან” წერილია შენთან, კახაო. უკვე აღარც მახსოვდა, წერილი და ლექსი რომ მქონდა გაგზავნილი. დაბეჭდილი წერილი იყო. გავხსენი აღელვებულმა…
ძალიან დასაფასებელია თქვენი (მახსოვს, თქვენობითი მომართვა იყო) ეს გრძნობა მშობლიური ენისადმი, მისი სიყვარული და ა.შ. მაქო და მადიდა ავტორმა (გაზეთის რედაქტორი იყო, სამწუხაროდ არ მახსოვს სახელი და გვარი), მაგრამ ლექსს დახვეწა სჭირდება, გამართვა და თქვენს ქართულის მასწავლებელს სთხოვეთ კონსულტაცია და ხელახლა გამოგვიგზავნეთ, აუცილებლად დაგიბეჭდავთო.
მივხვდი, რომ პოეზია ჩემი საქმე არ იყო და არც ქართულის მასწავლებელთან მივსულვარ.
1990 წელს სოხუმში, წიგნის მაღაზიაში, ვიყიდე ტალინში გამოცემული რუსულენოვანი “Энциклопедический словарь. От А до Я”. ენციკლოპედიები არ მქონდა და შევიძინე.
საქართველოზე, კერძოდ მის ისტორიულ წარსულზე, დაწერილმა სტატიამ აღმაშფოთა. არ ვიცი, რა ლიტერატურით ისარგებლეს, მაგრამ ამ სტატიას საქართველოს ისტორიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
დავჯექი და მაშინვე დავწერე წერილი, სადაც მადლობა გადავუხადე საქართველოს შესახებ დათმობილი გვერდებისათვის, მაგრამ რამდენიმე შენიშვნა მაქვს-მეთქი და ეს “შენიშვნა” 4 რუსულად ნაწერი ხელნაწერი თაბახის გვერდი გამომივიდა.
გავაგზავნე.
პასუხს მომდევნო თვეში ველოდი.
არ იყო.
არც შემდეგ თვეში.
მეწყინა.
მალე ესეც დამავიწყდა…
…ომია აფხაზეთში. 93 წლის იანვარია. მოდის მეზობელი, რომელიც ფოსტალიონად მუშაობდა. ჭიშკართა მოვიდა და დამიძახა.
– კახა, შენთვის ფოსტაში წერილია ესტონეთიდან და ჩაიბარეო.
დავხედე და გავშრი. იმ წერილზე იყო პასუხი და გამოგზავნილი ზუსტად ერთ თვეში!
– 1990 წელს მოსულა და აქამდე რატომ არ მომივიდა-მეთქი.
-სადღაც მივარდნილი იყო და ახლა რომ ფოსტა არ შემოდის და საწყობი დაგვიცარიელდა, ვიპოვეთო…
…რედაქტორი მადლობას მიხდიდა შენიშვნებისათვის და მწერდა, რომ იკინძებდა ახალი გამოცემა, შევსებული და შესწორებული, სადაც საქართველოს ისტორიაზე სტატია აუცილებლად გამოქვეყნდებოდა ჩემი ჩასწორებებით და ჩემი თანაავტორობაც მიეთითებოდა.
…1990-ში ყველაფერი აირია. არ ვიცი, გამოიცა თუ არა ის წიგნი.
რ. მიშველაძის “მემუარებს” ვკითხულობ (ფრთხილად ვკითხულობ ძალიან, ბატონო Misha Bakhtadze) და იქ წერს, მეშვიდეკლასელს “ნორჩმა ლენინელმა” ლექსი გამომიქვეყნაო