ორი დიდი აფხაზეთელი, სამურზაყანოელი, ორი დიდი მამულიშვილი – არზაყან ემუხვარი და აკაკი ჩხენკელი.
ამონარიდი აკაკი ჩხენკელის გამოსამშვიდობებელი სიტყვიდან (1939 წ. მარტი, ლევილი):
„…სამურზაყანო აბხაზეთის ბურჯია, მისი ხერხემალია. უმისოდ მას არსებობაც არ შეუძლია, ზოგმა ქართველმა არც კი იცის დღემდე, რატომ ეძახიან სამურზაყანოელნი თავის თავს აფხაზებს, თუმცა, ყველანი მარტო მეგრულად ლაპარაკობენ. ამის ახსნა თვით ხალხის თავდაცვის ინსტინქტში უნდა ვეძიოთ. ენგურის გაღმა სამურზაყანოელი არაფრით განირჩევა მეგრელისაგან, ღალიძგის გაღმა ის აბხაზია. სამურზაყანო ხიდია, აბხაზეთსა და საქართველოს შუა გადებული, მისი ჩატეხვა ვერ შესძლო რუსის მმართველობამ, ქართველები კი ამას არ მოისურვებენ, თავის თავის მტერი არ არიან.
მე არ ვიცი, როდის გაიგებს აბხაზეთი შენს დაკარგვას, ვიცი მხოლოდ, რომ ის მწარედ ამოიოხრებს. მაგონდება დიდი ტირილი აბხაზეთში: გრძლად ჩამწკრივებული უთვალავი ხალხი, ერთ მხარეზე, შავ ძაძებში თმაგაშლილი ქალები, მეორე მხარეზე ვაჟები, შუაში თეთრ ძაძებში გარდაცვლილის ძიძა, მის უკან ძიძიშვილებს უჭირავთ მისი შეკაზმული ცხენი, ისინიც შავებში. მღერიან რიგ-რიგობით აფხაზთა დაუვიწყარ ზარს, ქალები მესტებს ირტყამენ თავში, ვაჟები ხელებს, ხოლო ძიძა ლოყებს იკაწრავს. მას ადათი არ აძლევს ნებას შავი ჩაიცვას, არც გარდაცვლილად იგულოს თავისი გაზრდილი და განაგრძობს მისი სახელით ფიცს. სწორედ
ამგვარათვე, აბხაზეთი არ შეურიგდება არზაყან, შენს სიკვდილს, ის განაგრძობს – გიფიცოს, „არზაყანი არ მომიკვდეს“! მე დარწმუნებული ვარ, რომ არც შენს ძვლებს დატოვებენ აქ. შენ უთხარი ჩემს ცოლს: სამშობლოს განთავისუფლების იმედი რომ არ მქონდეს, თავს არ ვიცოცხლებდიო. და აი, სწორედ განთავისუფლებული სამშობლო მიგიკრავს შენ გულში!“