105 წელი პირველი ქართული ქაღალდის ფულის გამოშვებიდან
ზუსტად 105 წლის წინათ, 1918 წლის 29 იანვარს, თბილისში მოქმედმა მთავრობამ – ამიერკავკასიის კომისარიატმა დაამტკიცა “დებულება ბონების შესახებ”. მიმოქცევაში გამოვიდა 1, 3, 5, 10, 50 და 100 მანეთის ღირებულების ბონის კუპიურები. მასზე იყო კომისარიატის თავმჯდომარის ევგენი გეგეჭკორის ხელმოწერა. ეს იყო პირველი ქართული ქაღალდის ფულის ნიშანი, ხოლო პარალელურად კი პირველი სომხური და აზერბაიჯანული ფულის ნიშანიც. ამიტომაც, წარწერები მასზე იყო ქართულად, სომხურად, რუსულად და აზერბაიჯანულად (არაბული შრიფტით). ეს ფულის ნიშანი წელიწადნახევრის განმავლობაში მიმოიქცეოდა ამიერკავკასიის მთელ ტერიტორიაზე, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება.

იგი თანდათან ჩაანაცვლა 1919 წლის 11 ივლისიდან მიმოქცევაში გამოსულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონმა, რომელსაც ასევე “მანეთი” ეწოდებოდა. საგულისხმოა, რომ სწორედ ამიერკავკასიის კომისარიატის ფულის ნიშნებით რიგდებოდა ხელფასი ქართულ უნივერსიტეტში, რომელიც თბილისში 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით – 8 თებერვალს), დიდი ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით გაიხსნა.