ცნობილი ფრანგი ქართველოლოგი მარი ბროსე:
„დრანდიდან სოხუმამდე ოცდაოთხი ვერსია. გზა თავიდან მშვენიერ ტყეში მიემართება, შემდეგ კარგა მანძილზე კელასურამდე ზღვის ნაპირს მიუყვება. კელასური ესაა ქართული მატიანეების ძველი ცხომი. აქ არაფერი იყო სანახავი, უფრო სწორად ამაოდ დავათვალიერეთ ნახევრად დანგრეული ორი აკლდამა. სწრაფად გავემართე სოხუმისკენ, რომელსაც 5-6 ვერსი მაშორებდა.
ეს ლამაზი ქალაქი, ძველი სებასტოპოლისია, მისი მეგრული სახელწოდებაა აყუ, ლევან დადიანის ერთი სიგელის მიხედვით – ტყაკუჯი. პირმა, რომელმაც ეს ცნობები მომაწოდა, ისიც მითხრა, რომ მეგრული „ტყა“ ქართულად „ტყეს“ ნიშნავს, ხოლო „კუჯი“ მეგრულად არის პურის სახეობა, რომელსაც გლეხები ჭამენ. სოხუმში მყარად და ლამაზად ნაგები ხის სახლები დგას. ისინი ქმნიან გრძელ ქუჩას, ანუ ბაზარს. ქალაქს თავზე დაჰყურებს გორაკი, სადაც ბოტანიკური ბაღი და სამხედრო ბანაკია. სიმწვანე, ფართო ჰორიზონტი, ლურჯი ტალღები, სუფთა ჰაერი – აი, რითაც შეიძლება აქ ისიამოვნო, მაგრამ აქ ძალიან ძნელია ბინის შოვნა. თავისუფალი ოთახები არ არის, სასტუმროები არ არის, მრავლადაა დუქნები – თითქმის ყოველ ნაბიჯზე. მე ძალიან გამიმართლა, რადგან იმერეთიდან სავაჭროდ ჩამოსულმა მაიორმა ასათიანმა შემირჩია ცარიელი დუქანი, მოატანინა იქ ხის საწოლი და ლეიბი. ჩემმა კომპანიონმა ფიცრებზე მოიწყო ლოგინი, სადაც გაშალა ჩვენი ხალიჩები და თავისი ტანსაცმელი. იმერელმა ბერძენმა, ჩვენმა მეზობელმა ძალიან კარგი სადილი და შესანიშნავი ღვინო შემომთავაზა“.