ე ს მ ა და მ ე ვ ლ უ დ ი…
რაცხა ალმაცერად იყურები, არ ხარ კაი საქმეზე მოსული, სიბლაყვეები უნდა გვალაპარიკო და გამოგვაჭენო გზა-შარაზე, ხომ? გადაიკისკისა ესმა ბებიამ და მევლუდ ბაბუას უჯიკა, ადე, სტუმარი მოვიდაო.
_ რა მოცლილი კაცი ხარ, ნიაზავ, რაზე მოი ახლა? -შემომცინა მოხუცმა და ნელ-ნელა წამოდგა…
_ ჩეგეფუნჩხეთ ყიაში! თქვენი სიყვარულის ამბავი მომიყევით და ღმერთს ვფიცავარ, რამე თუ მივუმატო ან მოვაკლო…
ესმამ წამოიწყო: მნახველები მოვდენ, ამათვალიერ-ჩამათვალიერეს, მევლუდას ბიძამ თქვა, ჯერ პაწაია, მარა დაქალდება, შეივსება, ფერ-ხორცი მიებმება და კაი რძალი იქნებაო…მესამე დღეს ჩვენს მეზობლად მევლუდიც გამოვდა. ფენჯრიდან დევნახე ღარაზე წყალი შეიფურთქუნა, ხუჭუჭი, ყვავისფერი თმა თვალებზე ჩამეეფხატა. დამალული ვიყავ, მარა ისე შემცხვა და ამიწია სიცხემ, გეგონება, ბუხარში შამაგდესო…
_ მევლუდ, ბაბუ, ესმა რომ დაინახე, რა თქვი?
_ სისხლივით ტუჩები, თვალები აჟუჟუნებული და ლოყიები აჭარხლებული ქონდა.
_ მემრე ქორწილი ჩავატარეთ და წეველით მის სოფელში. ცხენზე შამაჟდუმლეს. ავშარა მევლუდის ეჭირა. ოთხი საათი იყო სავალი…წასვლისას ანაი მუხლებზე შამემეხვია და მომაცრემლა, შვილო, შენი ჭირიმე, არ შამარცხვინო, ხალხის სალაპარიკო არ გაგვხადო, შინავრი ამბები გარეთ არ გამოფინო და მტერი არ აცინო. ბაბაიც გულდათუთქული იცრემლებოდა…
თვალს რომ მივეფარეთ, მევლუდამ მითხრა, შენი თვალი კაკლების ჭირიმეო… იმათ სახლს რომ მივადექით, ისე ავღელდი, კინაღამ სული დამშპა…ვინცხამ დეიყვირა, ჭოვ, შამუუბრაგუნე დოლს! როლანდო, გაწიწე გარმონიო…
_ მერე?
_ რაი, მერე? ყველაფერ ხომ არ მოვყვებით.ჩაიცინა მევლუდ ბაბუამ.
მემრე, ნიაზო, რაფერც იქნა, ჩათავდა ქორწილი, მიწყდა ღრიანცელი და დავრჩით მარტვაი ოთახში..გული ბუდიდან გადმოვარდნაზე მქონდა, სადედოფლო კაბის ქვეშ ტანი მიცახცახებდა…
_ პაწაი მეგერიდოს, ცავ!
_ მაშინ, შენ თქვი!
_ ვიტყვი! ესმამ მითხრა, პაწა ხან გარეთ გადიო. რომ დავბრუნდი, ბალიშზე ტალღებივით ეყარა შავი, ღუზ-ღუზა თმები,ბროწეულივით წითლად გადახსნილი ტუჩებით მიღიმოდა, თვალებ აკვარკვალებდა…ფეხის ხმაც რომ მიჩუმდა…
დანარჩენი აღარ მოყვე ჭოვ! ხომ არ გინდა მაგ ენა მოგაწყვიტო და ამ კატას მუუგდო?..
კიდევ კაი, იმ ღამეს ღელე ბუხუნობდა, ჭექა-ქუხილი იყო…გამთენიოს ესმამ ყურში ჩამფურჩულა, ხვალ ულვაშები მეიპარსეო…
ასე მოვედით აქამდე. ეს ახლა თუთუნ უფლუკუნებს, მე მურგვს ვაგორებ აღმა-დაღმა.დაასრულა ესმამ…
აივანზე გამოვედი…ცრემლით გული მოვილბე…