ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის აღსანიშნავად
ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის აღსანიშნავად
2023 წლის 9 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში შედგა წარმომადგენლობითი საბჭოს (იმავე სენატის) და აკადემიური საბჭოს გაერთიანებული სხდომა. ამ სხდომაზე, მე, როგორც სენატის წევრმა განვაცხადე:
“ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, მაქვს პატივი შეგახსენოთ, რომ 2026 წლის აპრილში სრულდება 150 წელი დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მოთავის – აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის (1876-1940) დაბადებიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ იუბილის სათანადო დონეზე აღსანიშნავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა არაერთი საიუბილეო მონეტა, რითაც ღირსეულად აღინიშნა საქართველოს ისტორიისა და კულტურის არაერთი საყურადღებო მოვლენა, თსუ-ის სენატისა და აკადემიური საბჭოს წევრთა წინაშე შემომაქვს წინადადება, რათა ზემოხსენებულ იუბილესთან დაკავშირებით დამზადდეს ოქროს და ვერცხლის საიუბილეო მონეტები. ამ მონეტის შუბლზე (ავერსზე) უნდა აღიბეჭდოს დიდი მეცნიერის პორტრეტი, წარწერით: „ივანე ჯავახიშვილი – 150“, ხოლო ზურგზე (რევერსზე) – მისი თაოსნობით დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფასადი, სათანადო წარწერით. აქვე მინდა გავიხსენო, რომ ჩემი ინიციატივის შედეგად, 2016 წელს, იმდროინდელმა რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შესთავაზა გამოეშვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტა. ეს იდეა წარმატებით განხორციელდა 2018 წლის დასაწყისში, რამაც ქართული საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მე ვიმედოვნებ, რომ ჩემს ახალ იდეასაც მხარს დაუჭერთ, რისთვისაც წინასწარ მადლობას მოგახსენებთ. ამის განხორციელებით კი ქართული საიუბილეო მონეტების კოლექციას შეემატება მორიგი, ფრიად საყურადღებო და ისტორიული ღირებულების მქონე მონეტა”.
მიხარია, რომ ჩემს ინიციატივას მოჰყვა მხარდაჭერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას და გაერთიანებული სხდომის მონაწილეთა მხრიდან.
იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ იდეას თანადგომას გამოუცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც, რითაც მორიგ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საქმეს დააგვირგვინებს.