რეაგირების_გარეშე!!!
ციკლიდანჩემსქალაქში
ჩემს ქალაქში დადის მამაკაცი,
რომელიც ქრისტეს სახელით ,,ქადაგებს”,
ქართულად იმოსება ,
მაგრამ,
მიუხედავად ამისა ,
სოციალურ ქსელში წერს ,
რომ ქალს უნდა ჰქონდეს გრძელი კაბა და მოკლე ენა,
და რატომღაც დიდი ძუძუები,
რადგან დიდ ძუძუებიან ქალებზე პოსტს აზიარებს…
ჩემს ქალაქში დადის მამაკაცი,
რომელიც ქვას ესვრის მას,
ვისთვისაც ჯერ ია- ვარდის გარდა არაფერი უსვრიათ
და მიუხედავად ამისა,
ყველაზე თვალსაჩინო სახელს და ადგილს ეპოტინება იქ,
სადაც ყველაფერს სრავს…
ჩემს ქალაქში დადის მამაკაცი,
რომელსაც თავისი უთავმოყვარეო ცოლი საჯაროდ ბუნჩულას ეძახის
და მისივე სახელით ტყიურებად მოიხსენებს იმ ქალაქის მკვიდრთ,
რომელთა გვერდითაც ანგელოზი შვილის გაზრდას გეგმავს…
ჩემს ქალაქში დადის მამაკაცი,
რომლის ფუმფულა ცოლი გულზე იხუტებს ყველა მამრს და
ცეკვა -თამაშში ყვლეფს ნახევარ ქალაქს.
ნახევარი ქალაქი კი,
აწ უკვე ჯიბეამოფხეკილი და პირაკრული,
მშვიდად ელოდება
როდის გადმოუგდებენ მათზე თაღლითურად აწაპნილი ათასებიდან ხურდებს,
რომ მცირედით მაინც კმაყოფილი შევიდნენ კლასებში და ჩვენს ბავშვებს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე საუბრით ყურები ამოუჭედონ…
ჩემს ქალაქში დადიან მამაკაცები,
რომელთაც სულაც არ აღელვებთ,
რომ ქალს,
რომელსაც ოც მეტრში საკუთარ სახლამდე,
სადაც ქმართან,
სამ შვილთან
და ანგელოზ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს,
ორას მეტში მამისეულ სახლამდე,
სადაც მრავალშვილიანი ძმა ცხოვრობს 75 წლის დედასთან ერთად
და ოთხას მეტრში საკუთარ სკოლამდე ,
სადაც მთელი უბნის თვალწინ განვლო თავისი პირუთვნელი და შეუბღალავი ბავშვობა,
სოციალურ თემაზე,
ქმრის მიერ მორიგჯერ მოკლული ქალისა
და დიალექტზე დაწერილი ,,მაჭახელას ფუტკაროს” გამო,
რაღაც ჭ კლასის კაბელური ტელევიზიიდან,
ცხრაჯერ ნაქმარევი,
ბებიის ასაკში თბილისიდან ბათუმში გამოთხოვილი ქალი,
ბუნჩულას ცოლის მიერ დაწერილი სცენარით ,
ლაფში ამოსვრას უქადის
და ამაზე რეაგირება არ აქვთ…
ამ ქალაქში დავდივარ მეც
და ძვლებამდე მტკივა ის რეალობა,
რომ იმათ კაცები ქვიათ და მე ქალი…