
აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი:
„ურარტულში ვხვდებით ჩვენ იმავე ან ახლო მდგომი მნიშვნელობით ქართველური ენების ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: სერი („ღამე“ ჭანურ-მეგრულში), უბანი, ცოცხალი (ძველი ქართულის „ცხოველი“), ყურძენი, ყოველი, ქური (ზანურ-მეგრული შესატყვისი ქართული „ქუსლი“-სა), სვლა, ცოლი (ჭანურ-მეგრულის „ჩილი“), წელი და მრავალი სხვა. საინტერესოა, რომ ურარტული ენის მონაცემებით ხერხდება დღეს თავისი შედგენილობით გაუგებარი ზოგი ქართული გამოთქმის ახსნაც კი. ასე მაგალითად, დღევანდელი ქართველისათვის თავისი შედგენილობით სროულიად გაუგებარია ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „ყირამალა“, „ყირაზე გადასვლა“. ეს გამოთქმები გასაგები გახდება თუ დავუშვებთ, რომ „ყირა“ აქ „მიწის“ მნიშვნელობით იხმარება („ყირამალა“ – „მიწა მაღლა“, „თავდაყირა“ – „თავით მიწისაკენ“, „ყირაზე გადასვლა“ – „მიწაზე გადასვლა (თავით)“ და სხვ.). ამასთან დაკავშერებით კი ყურადღებას აქცევენ იმას, რომ „კირა“ (გამოითქმებოდა შეიძლება „ყირა“-დ). ურარტულად სწორედ „მიწას“ ნიშნავს და ზემომოყვანილ ქართული გამოთქმებმი შეიძლება სწორედ ეს ურარტული სიტკვა გვაქვს. ასეთი მდგომარეობა უნდა გვქონდეს ჩვენ ქართული სიტყვის „შარშან“-ის შემთხვევაშიც. მნიშვნელობით ეს სიტყვა „წინა წელს“, „იქითა წელს” ნიშნავს, მაგრამ შედგენილობით სავსებით გაუგებარია დღევანდელი ქართველისათვის. ეს სიტყვაც ურარტული ენის მონაცემებით შეიძლება აიხსნას. ურარტულად „შალი“ „წელს“ ნიშნავდა, „იშანი“ კი – „იქით“, „იმ“-ს. „შალიშანი“ ურარტულად იქნებოდა: „იქითა წელს, იმ წელს“ ე. ი. სავსებით ის, რასაც ნიშნავს ქართული „შარშან“, მნიშვნელობით ქართული „შარშან“ სავსებით ემთხვევა ურარტულ „შალიშანს“, ბგერითი შედგენილობის მხრითაც, მათ შორის უცილობელი მსგავსებაა“.