რა ხდებოდა თბილისში 105 წლის წინათ…
ზუსტად 105 წლის წინათ, რჩეულ ქართველ მეცნიერთა ჯგუფი, პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მესვეურობით, ენერგიულად ამზადებდა ნიადაგს თბილისში ქართული უნივერსიტეტის საზეიმო გახსნისათვის.
1918 წლის 13 იანვარს გამართულ სხდომაზე ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაადგინა: “უნივერსიტეტი გაიხსნას 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის დღეს”. ამავე დღეს, რექტორად ერთხმად აირჩიეს პეტრე მელიქიშვილი, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად – ივანე ჯავახიშვილი, ხოლო პროფესორთა საბჭოს მდივნად – იოსებ ყიფშიძე.
მორიგ სხდომაზე, რომელიც 17 იანვარს შედგა, ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაადგინა: “პროფესორებს მიეცეს თვეში ხუთას-ხუთასი მანეთი, ხოლო ლექტორებს – სამას-სამასი. პროფესორებს ჯამაგირი მიეცეთ 1918 წლის 1 იანვრიდან, ლექტორებს კი იმ დღიდან, როდესაც მუშაობას შეუდგებიან. ჯამაგირები რიგდებოდეს ყოველი თვის თხუთმეტში”.
მომდევნო სხდომაზე, რომელიც 21 იანვარს გაიმართა, იმხანად არსებული ჯერჯერობით ერთადერთი ფაკულტეტის დეკანმა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მოახსენა შემდეგი: “რადგან სამხედრო სასწავლებლები და ბევრი სხვა დაწესებულებანი იკეტება, ზომები უნდა იყოს მიღებული, რომ უნივერსიტეტს გადმოეცეს მათი ქონება”. ამასთან დაკავშირებით, პროფესორთა საბჭომ დაადგინა, რომ სათანადო შუამდგომლობა აღძრულიყო. ეს დადგენილება პრაქტიკულადაც შესრულდა. სხვა ქონებასთან ერთად, უნივერსიტეტს გადაეცა ყოფილი სამხედრო სასწავლებლის წიგნთსაცავი (15 მარტს) და სხვ.
აი, როგორ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დიდი ივანე ჯავახიშვილი და ქართული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელნი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას და პროფესურის სახელფასო ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებას ჯერ კიდევ “ალმა-მატერის” საზეიმო გახსნამდე… აი, როგორ ღირსეულ პიროვნებათა ნაამაგარია ჩვენი “თეთრი ტაძარი”…


























