60 წელი – ჟურნალის ავტორიც და მკითხველიც
დიახ, მე გახლავართ. 60 წელი გავიდა მას შემდეგ, როცა პირველად შევაღე “ლიტერატურული აჭარის” რედაქციის კარები.მაშინ ჟურნალ “ჭოროხს” ასე ერქვა.1963 წლის გაზაფხული იდგა. ერთი თვის შემდეგ, ჩემი ეტიუდი დაიბეჭდა…მას შემდეგ, ამ ჟურნალის ერთგული ავტორი და მკითხველი ვარ. წლების მანძილზე გრძელდება ეს თანამშრომლობა. და აი ახლაც, ამ წლის პირველ ნომერში , 39-52 გვერდებზე განთავსებულია შარშან დაწერილი ლექსები- რეკვიემი დევნილთათვის-2022,
რომელსაც მკითხველი იცნობს ფეისბუქგვერდიდან და სხვა საიტებიდან.

მოკლედ, გამოვაღწიე ჟამთა ცვენიდან ცოცხალი და ახლა რომ ვკითხულობ ახალ “ჭოროხს”, იმედიანად ვფიქრობ :ჟურნალის გამომცემლები თავიანთი უნარითა და ძალისხმევით დიდხანს აცოცხლებენ ამ ჟურნალს, ქართული კულტურის, სიტყვის ჭეშმარიტ ამაგდარს…
ახლა კი ჟურნალის ამ ნომერში დაბეჭდილ ჩემს ერთ ნამცრევს გაგაცნობთ:
რამდენი თვალი მიმზერს ზეციდან?
ათასი?მილიონი თუ მილიარდი?
ცაზე ვარსკვლავი ვის დაუთვლია, მე რომ დავთვალო..
სამაგიეროდ ენა ვისწავლე ვარსკვლავებისა,
სხივებით მოწერილ ბარათებს ვკითხულობ ისე,
როგორც ფსალმუნებს დავითისას
და მეც ვშვიდდები–
ვუახლოვდები ზეცას თანდათან!


























