მ ა რ ჯ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!
ამ უკანასკნელ ხანს, საერთაშორისო სარბიელზე მოასპარეზე სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენებმა – ხვიჩა კვარაცხელიამ და მერაბ დვალიშვილმა ღირსეულად მოიპოვეს მორიგი ბრწყინვალე გამარჯვებანი და უდიდესი სიხარული გვაჩუქეს. ამისათვის ჩვენს ძვირფას ხვიჩას და მერაბს გულწრფელი მადლობა და პატივისცემა ეკუთვნით როგორც ქართველთაგან, ისევე საქართველოს ყველა მოქალაქისაგან, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობისა! ამ საამაყო ფალავნების წარმატებანი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიუხედავად იმ უამრავი განსაცდელისა, რაც საუკუნეთა განმავლობაში თავს დაატყდა მცირერიცხოვან ქართველ ერს, იგი მაინც უძლეველი და უკვდავია. დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ქართველებს ჯერ კიდევ შერჩენიათ მგლის მუხლი და მტკიცე მკლავი. როგორც ჩვენი წინაპარნი – ძველი ქართველები იტყოდნენ: “მარჯი საქართველოს!”




























