
ერთხელ დავწერე, რომ თურქეთს ჰყავდა მაგარი პრეზიდენტი – გენერალი ისმეთ ინონუ, რომელმაც პირველი მსოფლიო ომი გამოიარა და პრეზიდენტობაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოუწია.
მან, როგორც სამხედრომ, რომელმაც მისი სამშობლოსთვის ურთულესი და დამანგრეველი ომი გამოიარა, იცოდა, რომ ყველა გზა კარგია, რომეიც ომს – ქვეყნის ნგრევასა და ადამიანთა ხოცვას – აგვაცილებს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, აქეთ გერმანელებთან იურთიერთა, იქით – ანტიფაშისტებთან.
ბოლოს, რომ დაინახა ჰიტლერის დღეები დათვლილი იყო, ფაშისტურ ბლოკს ომი გამოუცხადა და თურქ ასკერი ერთი ტყვიის გაუსროლებლად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულად გამოცხადდა.
ამიტომ თურქეთი გაერო-ს დამფუძნებელ სახელმწიფოდაც იქცა.
კიდევ უფრო მეტი: სტალინი ელოდა, რომ ინონუ შეცდომას დაუშვებდა და სსრკ-ს ჯარს ექნებოდა უფლება, “თავდაცვის მიზნით”, გადაელახა სახელმწიფო საზღვარი და დაეკავებინა თურქეთის დიდი ნაწილი თუ არა, გარკვეული ტერიტორიები მაინც.
გენერალმა ისმეთ ინონუმ, რომელმაც კარგი გაკვეთილი გამოიტანა პირველი მსოფლიო ომიდან, გარუსებულ გურჯს ამის შანსი არ მისცა და თურქეთის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება დაიცვა. კიდევ უფრო მეტი, როგორც კი დასავლეთთან მეტი დაახლოების შესაძლებლობა გამოჩნდა, მაშინვე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დასავლეთის შიშით, სტალინს და მის მემკვიდრეებს თურქეთისკენ არ გამოეხედათ.
ესაა დიდი პოლიტიკოსობა და სახელმწიფო მოღვაწეობა.
ყველა, ვისაც ომი გამოუვლია და ვისაც დამწვარი დენთი უყნოსია, ეცდება ქვეყნისთვის ომის არიდებას და სასურველი შედეგების გონიერი დიპლომატიით მიღწევას.
ომის დაწყებას დიდი ჭკუა არ უნდა. მშვიდობის უზრუნველყოფაა რთული საქმე.
ფოტოზე:
თანამედროვე თურქეთის ორი მამა: გენერლები და პრეზიდენტები – მუსტაფა ქემალ ათათურქი და ისმეთ ინონუ
























