
ცვლილება
ქართველი ხალხი შესაძლოა მონობაში ამყოფო, მაგრამ მუდმივად ამ წესრიგს ვერ შეინარჩუნებ. მთელი ისტორია იმპერიათა უღლის გადაგდებაში ვიყავით და ეს მუდამ გამოგვდიოდა. მაგრამ მერე ვიდრე შიგნით საკუთარ წესრიგზე შევთანხმდებოდით, ფეოდალები გარდამავალი პერიოდით სარგებლობდნენ, საკუთარ წესრიგს აწესებდნენ, რომელიც ცოტა ხნით მუშაობდა მათი ინეტერესებისთვის და ამის მერე სხვა იმპერია უფრო ადვილად გვიპყრობდა, ხან ომით და ხან კულტურით (ვორონცოვი და გრიბოედოვი ამის კარგი მაგალითია). ბოლოს კი საკუთარი თავი ვეღარ გვეყუდნოდა. მერე ისევ თავიდან ვიწყებდით.
დღეს ხალხი ახალს ელოდება, თანაც განსხვავებულს. ეს სიახლე ვერ იქნება, თუ საზოგადოებამ ამის შესაბამაისი გარემობა თავად არ შექმნა. რა და როგორ უნდა შეიქმნას ეს, ამაზე შესაძლოა ერთ-ერთი გზა იყოს შემდეგი: რეფორმა არა თუ ქვეყანაში, არამედ ყველა ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პარტიებს უნდა შევთავაზოთ. აბსოლუტურად ყველა პარტიის არსებობის საფუძველია ფული და გავლენები. ყველა პარტიას მთავრობაში მოსვლა უნდა სწორედ ფულის და გავლენებისთვის. არც ერთ გუნდს არ გააჩნია ქვეყნის წინსვლის რაიმე გეგმა ან რაიმე ხედვა. ქვეყნის პოლიტიკური კულტურა ერთ ხაზზე გადის – სკამთაყვანისმცემლობა. ამიტომ, რეალური ცვლილებებიც ჭიანურდება და ეს გრძელდება 32 წელია. გამოსავალი კი არ ჩანს.
ამიტომ, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს შემდეგზე, რომ პარტიები გადაკეთდნენ სააქციო საზოგადოებებად. დაუკანონდეთ მათ აქამდე 1 ლარად შეძენილი თუ ტენდერებით ნაშოვნი კაპიტალი და ყველა ერთად ჩავიდეს სცენიდან. პარტიის წევრების წილები განისაზღვროს სააქციო კომპანიაში თანაბრად. ასევე ვინც დამატებით საკუთარი ქონებით შევა, შესაბამისი წილით დარეგისტრირდეს. პარტიულმა ბოსებმა წაიღონ პრივილეგირებული აქციები, დანარჩენმა წევრებმა მიიღონ ჩვეულებრივი აქციები და ყველანი ჩავიდნენ თვითმმართველობებიდანაც და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტიდან.
მხოლოდ ამის შემდეგ გამოვლენ არენაზე ეროვნული და პროგრესული ადამიანები. მათ კარგად იციან, რომ ახლა, ამ 32 წლიან წესრიგის სცენაზე გამოჩენა უბრალოდ სიგიჟეა. ისინი არასოდეს არ ჩაერთვებიან არსებულ ვითომ პოლიტიკურ ბატალიებში. მათ კარგად იციან, რომ პოლიტიკა არსებობს ეკონომიკური, ენერგეტიკული, აგრარული, დიპლომატიური, თავდაცვითი, ინდუსტრიული და ა. შ. რომელიც ქვეყანას არ გააჩნია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ამიტომ, ისინი არასოდეს არ გაეკარებიან არსებული პარტიული სიგიჟეების წესრიგს, სადაც უმთავრესი მიზანი კაპიტალი და გავლენებია. ამიტომ ამ პარტიებს საზოგადოებამ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გააგრძელონ კაპიტალის დაგროვების მიზნების განხორციელება, სწორედ მსხვილ კომპანიებად გადაკეთების გზით.
როგორც კი ეს მოხდება, სახელმწიფო ველზე გამოვლენ დიდძალი შესაძლებლობების, კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევების, დარგობრივი განათლების და მაღალი ეროვნული შეგნების კაცები, ქალებიც. საკმარისია შევთანხმდეთ, რომ სულ ორი მიმართულების, ანუ ორი გუნდი გვჭირდება – ლიბერალ-დემოკრატიული და კონსერვატიული. ახალი სახეები თავად გადანაწილდებიან ორი პარტიიდან ერთ-ერთში. ისინი თავად შექმნიან პარტიაში პრაიმერიზულ სისტემას და საზოგადოება მიიღებს რეალური არჩევანის შესაძლებლობას, ორივე გუნდისგან წარმოდგენილი გეგმების და ხედვების შესაბამისად. ქვეყანა უბრალოდ დამშვიდდება, უბრალოდ დაწინაურდება და ქვეყანაში უბრალოდ სამართლიანი წესრიგი შეიქმნება.
ეს ბოლოს მაინც ასე იქნება, რადგან აღარ შეიძლება მთავრობაში მოსვლა ფულის კეთების მიზანს ემსახურებოდეს დიდხანს. ფული ისეც უნდა გაკეთდეს, ოღონდ ის უნდა გამომუშავდეს თავისუფალ ბაზარზე სამართლიან წესრიგში. ამ წესრიგის მიღების დაჩქარება კი საზოგადოების ხელშია.
დღეს ბზობის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ერთმანეთს დაემთხვა.
ორივეს გილოცავთ.


























