ტაო-კლარჯეთი
დიდი შეხვედრა მაქვს, განსაკუთრებული შეხვედრა.
ჰო! თან განსაკუთრებულია იგი და თან დიდი! შავშეთის მთებში ვართ. ბევრი ხალხია. უფრო სწორად ბევრი ჩვენებურები…
ალბათ ასი გავიცანი. მხოლოდ ერთის შესახებ გიმუსაიფებთ.
- რომელ სოფლიდან ხარ ჩვენებურო?
- მიქელაძეებიდან.
- რა გვარის ხარ?
- მიქელაძე!
- სასიამოვნოა და თურქული გვარი რა გაქვთ?
- მიქელაძე!
- ეგ გავიგე, მაინტერესებს თურქულად როგორ წერიხარ?
- მიქელაძე!
- თურქული პასპორტით?!
- ჰო! მიქელაძე!
- კი მაგრამ როგორ?
შემომატრიალა და ჩრდილოეთით გამახედა, მერე სამხრეთით.
- იქით მთას ხომ ხედავ აჭარისკენ?
- კი.
- აქეთ ხომ ხედავ მეორე მთას კლარჯეთისკენ?
- კი.
- შუაში ჩვენ ვართ და როგორც ეს მთა იმ მთას ვერ შეეჯახება, ისე მე სულ მიქელაძე ვიქნები!
აკი გითხარით იმ საღამოს ბევრი გავიცანი თქო. იმ საღამოს თბილისიდან ჩატანილი ჩოხოსნების ღვინოც ლაზათიანად მიირთვეს. ვინც ჩვენებურებისა და გურჯების ურთიერთობის სადღეგრძელო ბოლომდე მიირთვა, ყველამ საჩუქრად მიიღო სანთლის ფიალა.
მერე თურქებიც შემოგვიერთდნენ და ათა-თურქის სადღეგრძელოც შემოგვთავაზეს. არც დავფიქრებულვართ, არც მე და არც ჩვენებურები, ისე მივირთვით შემოთავაზებული სადღეგრძელო. შემდეგი კი დავით აღმაშენებლის დიდებისა იყო, რადგან ღვინოც ჩემი იყო და თამადაც მე ვიყავი. რა გაეწყობოდა, შავშეთის მთებივით დიდრონი ჩვენებურები ავსებდნენ შეკრებას. ჰოდა თურქებმაც რიხიანად მიირთვეს იგი, ოღონდ რახით.
აგვისტო იდგა 2017-ის.
გამთენიისას შავშეთის მაღალი ქედიდან თვალსაწიერს გავხედე, იქით გზა ტრაპიზონისკენ მიუყვებოდა, აქეთ ახალციხისკენ.




























