ლიტ. კონკურსი “ქუჯი-2022”-ის გამარჯვებული.
ნათია ჭინჭარაული – პოეტი. დაიბადა თბილისში. 31 წლის. “ლიტერატურული მესხეთის” კონკურსის სამგზის გამარჯვებული.

ეს არის სისხამ დილა
და ეზო,
ყავა და ჯაზი, ხეზე ჰამაკი,
მე მსურს, რომ სულის შეხება შევძლო,
პოეზიაზე არ ღირს კამათი…
ეჭვს ელვასავით
გულში გავივლებ
და საკუთარი თავის გარისკვით,
ჩემს ლექსებს, როგორც მინდვრის
ყვავილებს.
მიშვერილი აქვთ სახე ქარისთვის.
გარდაუვალი მოდის მომენტიც,
მსგავსი გვალვაში მოსული სეტყვის,
რომ შემიძლია გითხრა ყოველთვის,
რაღაც ისეთი, სხვა რომ ვერ გეტყვის.
ესეც ბედია, რომ მოვიწამლე,
იმით მიწაზე, რაც არ დაფასდა,
რომ სულ ვღელავდე, როგორც მოსწავლე,
როცა პირველად გადის დაფასთან.
ამ ფასად
მაინც რამდენი დავთმე,
ასეთ დღეებსაც ხომ თავის წილად
აქვს ფორიაქი,
სათქმელი,
საქმე,
სანამ საკუთარ თავებთან მივალთ.
მწამს, გამოწვევა დაუფარავი,
ასე ყოველდღე თავთან მდარაჯობს,
რომ სულ ვიფხიზლო, როგორც არავინ,
როგორც არავინ,
არსად,
არასდროს..
გადამდებია სევდა წვიმების,
ვწერ
და გონება ფიქრმა შენისლა,
როგორც მეზღვაურს, სულ მაქვს იმედი,
ღამის, ამღვრეულ ზღვაში შესვლისას.
სამწუხაროა
ჩემი წარსულიც,
ცრემლი, გარდასულ წლებზე ნამრავლი,
მიდევს საწოლთან ვადაგასული,
ძველი ლექსები,
როგორც წამალი.
ვკითხულობ,
ვფურცლავ,
ვიტკიებ,
ვწუხვარ,
არ მერგო ბედი მზისფერი კაბით
და მინდა გითხრა, რომ ჩემთან ნუ ხარ!
რომ ნუ ხარ ჩემთან,ასეთი კარგი…
ეს არის სისხამ დილა
და ეზო,
ყავა და ჯაზი,
აზრი და სტროფიც,
მე ვცდილობ ღმერთის შეხება შევძლო,
შენ როცა ღმერთის დანახვაც გყოფნის.
ნათია ჭინჭარაული
Natia Chincharauli
ჟიური:
ვასილ ბესელია
თამარელა წოწორია
გიორგი ხორბალაძე
გურამ ჯახუტაშვილი
მარინა თექთუმანიძე
გიორგი ხულორდავა
თემო ჭახნაკი



























