ეს მინდა, რომ აუცილებლად ბოლომდე წაიკითხოთ!
დღეს ჩემი ვადიკას – ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძის დაბადების დღეა. სულ ერთი თვეც რომ დასცლოდა, 84 წლის გახდებოდა ეს მუდამ მხნე, ახალგაზრდა, საქართველოზე მარად დამაშვრალი მეოცნებე მეცნიერი, პედაგოგი, სპორტსმენი და უბრალოდ, ყველასათვის ძვირფასი ვადიკ მალოვიჩკო, საყვარელი და ახლობელი ვადიკ მასწი. ეს პატარა დოკუმენტური მოთხრობა კი მისი ხიბლისა და კაცთმოყვარეობის მხოლოდ ერთი პატარა დასტურია:
“აბსურდოვო”
(ნაწყვეტი მოთხრობიდან „კიდობნიდან რუსთაველამდე“)
ისევ „დურაკოვოში“ ვარ – ყველაზე დიდ აბსურდში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ძილთან, არც ჩემს დურაკულ სიზმრებთან და არც ფანტასტიკასთან. ყველაფერი ხდება ცხადში, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ, სანიმუშოდ დაგეგმილ-დაგეგმარებულ, მორალურად მდგრად და სოციალურად წელში გამართულ ქვეყანაში, დემოკრატიის სავანეში, ყველასათვის სანატრელ და საოცნებო ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აქ აღმოვჩნდი წინა საუკუნის ავადსახსენებელი 90-იანი წლების 1994-ში, მისისიპის შტატის ქალაქ ოქსფორდში. არ გაგიკვირდეთ და, პირველი ბაბტისტური ეკლესიის მრევლი ვარ (ჰო, მართლა, ამ თავს ხომ „აბსურდოვო“ დავარქვი) და მისი თემის სასურველი წევრი-სტუმარი, ყველაზე საინტერესო და ეგზოტიკური, რაც კი ცხოვრებაში რამე უნახავთ, რადგან იმთავითვე განვუცხადე, ქართველი მართლმადიდებელი ვარ და მოქცევას არ ვაპირებ–მეთქი. არც არავის დაუძალებია. თქვენს საკვირაო სკოლაში ბიბლია მინდა ვისწავლო ინგლისურად მეთქი ვთქვი და მაშინათვე ჯგუფში ჩამწერეს. ჩემი შვილი მათ შვილებთან ერთად ეკლესიის ავტობუსით სანტაფეში მათთან ერთად სათხილამუროდ დადიოდა. თემის წევრები თავს დამტრიალებდნენ, ყურადღებას არ მაკლებდნენ, მეტიც მემსახურებოდნენ კიდეც ხან მანქანით, ხან საოფისე მომსახურებით… ოღონდ რამე მეთხოვა… ჰოდა დადგა მადლიერების ჟამიც. ოქსფორდში ჩამოვიდა ჩემი მეუღლე და მეორე დღესვე ეკლესიაში დაახლოებით ასეთი განცხადება გამოვაკარით: პირველი ბაბტისტური ეკლესიის მიმართ მადლიერების ნიშნად თქვენი მრევლის სტუმარი მისტერ ვლადიმერ მალოვიჩკო თემის მოზარდებს და ახალგაზრდებს უფასოდ ჩაუტარებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს და ავარჯიშებს ფეხბურთსა და სამთო-სათხილამურო სპორტში.
ამერიკელები რომ სპორტზე აფანატებენ, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ უფასო სპორტი, ეს კიდევ სულ სხვა განზომილება ყოფილა: მეორე დღესვე ეკლესიაში „ვლადოს“ (ასე შეარქვეს მას ოქფორდელებმა, ამიტომ, შემდგომ, მეც ასე მოვიხსენიებ) ჯგუფში ოქსფორდის სრულიად ბაპტისტი ახალგაზრდობა ჩაეწერა, 3–დან 18 წლამდე. ასე, რომ რამდენიმე ფეხბურთის გუნდი შეიკრიბა. ამ საქმისთვის ვლადოს გადასცეს ეკლესიასთან არსებული უთანამედროვესი სპორტული დარბაზი, თავისი შიდა და გარე მოედნებით, ტრენაჟორებით, გასახდელებით და საშხაპეებით. ასრულდა ვლადოს ოცნება – თავადაც შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და მსოფლიოც გააჯანსაღოს. თვეც კი არ იყო გასული, რომ ქალაქში მას სახეზე ცნობდნენ, მოკრძალებით ესალმებოდნენ, წვეულებებზე პატიჟებდნენ და სამადლობელ (ზოგჯერ სამადლობელ-სასიყვარულოსაც) წერილებს წერდნენ.
ჩვენი საქართველოში გამომგზავრების დრო რომ მოვიდა, მოწაფეებმა და იმათმა მშობლებმა ყვავილებით და პლაკატებით მორთულ დარბაზში ვლადოს გამოსამშვიდობებელი „ფართი“ (წვეულება) მოუწყვეს ოფიციალური ნაწილით, ფურშეტითა და მეგობრული თამაშებით. ოფიციალური ნაწილის დროს ერთმა მომხსენებელმა მშობელმა ვლადოს კითხა, ამდენ ხანს ჩვენ შვილებს უფასოდ რომ ამეცადინებდით, რა გსჯიდათო? აქვე გამოგიტყდებით, რომ ვლადო ერთობ არტისტული ადამიანია, მან თვალები ჭერს მიაპყრო, სულის შემკვრელი პაუზა დაიჭირა და ქართულად წარმოთქვა: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!“ მერე იგივე დამტვრეული, მაგრამ სავსებით გასაგები ინგლისურით სიტყვა-სიტყვით თარგმნა: „ვოტ იუ გივ იზ იორზ, ვოტ იუ დონტ გივ იზ ლოსტ!“ . ამჯერად სულის შემკვრელი პაუზა დარბაზმა დაიჭირა. მერე ერთდროულად იქუხა ტაშმა და შეძახილებმა „კოუჩ!“, „კოუჩ!“ (მწვრთნელო!) მერე ყველამ ერთად კოკა–კოლით (ბაპტისტები ალკოჰოლურ სასმელებს არ სვამენ) დავლიეთ ვლადოს და ქველმოქმედების სადღეგრძელო მთელ მსოფლიოში.
საღამოს ჩვენთან კარებზე ზარი დაირეკა. ვლადომ გააღო. ზღურბლზე საშუალო სიმაღლის კაცი და ორი ბიჭი იდგა. ბიჭებს ხელში პატარა ცისფერი დროშები ეკავათ, კაცს – რაღაც დახვეული, გრძელი რულონი. მივხვდი, ვდადოს სპორტული ჯგუფიდან იყვნენ. ვლადომ ისინი ბიბლიოთეკაში შეიყვანა. მე სამზარეულოში გავედი. ცოტა ხნის შემდეგ შემოვიდა და მითხრა მიშველე, მთარგმნელი მჭირდებაო. გავყევი და რას ვხედავ: კაცს იატაკზე მსოფლიო რუკა გაუშლია. ორივე ხელი გულზე უწყვია.
– მე მქვია ელია, ესენი ჩემი შვილები არიან ადამი და ჯოშუა, მითხარით სად არის თქვენი ქვეყანა? – მკითხა კაცმა.
– ამას აინტერესებს სად არის საქართველო – ვუთარგმნი ვადიკას. იგი რუკაზე ჯდება და აჩვენებს. ის კაციც ჯდება რუკაზე.
– დროშები მომეცით! – მიმართავს თავის ბიჭებს. ისინი დროშებს აძლევენ. კაცი საქართველოს თავსა და ბოლოში დროშებს ამაგრებს (ეჰ, მაშინ ჯერ კიდევ „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ ვიყავით). მუხლებზე დგება, თვალებს ხუჭავს, თავს ხრის და ლოცვას იწყებს.
– რას აკეთებს? – მეკითხება ათეისტი ვლადო.
– რას და ლოცულობს, გვერდით მიუჯექი, თორემ ეწყინება – ვეუბნები. ვლადო უსიტყვოდ მემორჩილება და მის გვერდით მუხლებზე დგება. კაცს თვალიდან ღაპაღუპით სდის ცრემლები. ბავშვებიც რუკაზე სხედან და ლოცულობენ. მოკლედ ჩემს გარდა ოთახში ყველა იმ მსოფლიო რუკაზე მუხლმოყრით ზის და ტირის. კაცმა ლოცვა დაამთავრა. ვლადომ შვებით ამოისუნთქა და სტუმარი მოკრძალებით წამოაყენა.
– დიდი მადლობა, დიდი მადლობა! – იძახდა კაცი.
– რა ხდება? – ვეღარ მოვითმინე და შეძლებისდაგვარად ზრდილობიანად ვიკითხე მე.
– ალბათ ახლა გვეტყვის რა ხდება, – წაილუღლუღა ვლადომ.
– თქვენ თქვით, რომ რასაც სხვას მისცემ შენია, რასაც არ მისცემ დაკარგულიაო, ასე არ არის? – ეკითხება თვალებაწითლებული ელია ვლადოს.
– დიახ ვთქვი… – არ იუარა ვლადომ.
– მე მაინტერესებდა დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ასე აზროვნებს და მინდოდა მელოცა ამ ადგილის სიწმინდისთვის – მოგვიგო კაცმა. მე სახეზე ხელები ავიფარე, ვლადომ მეორედ ამოისუნთქა შვებით.
– ეს მე არ მითქვამს, შოთა რუსთაველმა თქვა მეთორმეტე საუკუნეში – თავის მართლება დაიწყო ვლადომ.
– შოთა? შოთა თქვენი ღმერთია?
– არა ჩვენი ღმერთი იესოა, თქვენსავით.
– აბა მოციქულია? რომ არ გამიგია? ინტერნეტში უნდა მოვძებნო, დღესვე.
– შოთა რუსთაველი დიდი ქართველი პოეტია, ქართველებისთვის მოციქულზე მეტიცაა, – აუხსნა ვლადომ თავისი ინგლისურით.
– რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, ეს მცნება მხოლოდ ღმერთის სიტყვა შეიძლება იყოს! – თქვა კაცმა.
– ჰო, ქართველების ღმერთია! – ვლადოს მობეზრდა იმის მტკიცება, რომ ქართველების ღმერთი იესოა.
– სწორედ ამის გაგება მინდოდა, – ტაში შემოკრა კაცმა – შეიძლება კიდევ ვილოცო?
ვლადომ მე გადმომხედა, მე გვერდზე გავიხედე.
– რა თქმა უნდა, რამდენიც გენებოთ, – ნება დართო.
– თქვენ არ ხართ ვალდებული, – თქვა ელიამ და კვლავ მუხლი მოიყარა იმ ადგილას, სადაც შოთას სამშობლო ეგულებოდა. მერე ყველაფერი დაიწყო თავიდან. კაცი ლოცულობდა და თვალებიდან ცრემლები ცვიოდა. მისი ბიჭებიც მამასთან ერთად ლოცულობდნენ. ვლადო ზრდილობიანად იქვე იჯდა თავდახრილი და ხმას არ იღებდა. კაცი ბუტბუტებდა, მე გულში სითბო მეღვრებოდა და ცოტა არ იყოს მრცხვენოდა, რომ ჩემი სამშობლოსათვის მათთან ერთად არ ვლოცულობდი. საქართველო რუკაზე ცრემლებმა დაფარა.
როცა ყველაფერი მორჩა, ჯოშუა და ადამი ვლადოს მუხლებზე მოეხვივნენ. ელიამ გულში ჩაიკრა. მერე ცრემლებით დამბალი რუკა დაახვია და ისიც გულზე მიიხუტა. მე თავი დამიხარა და ბიბლიოთეკიდან გავიდა. ვლადო უკან გაყვა. როცა დაბრუნდა მესამედ ამოისუნთქა, ახლა უკვე დიდი შვებით.
ერთ მსოფლიო რუკაზე საქართველო დღეს ყველაზე სველი წერტილია, ქართველების რელიგია – შოთა რუსთაველი, ღმერთი – შოთა. რუსთაველობა საქართველომ მეთორმეტე საუკუნეში მიიღო. ჯოშუას და ადამის მამა ახლა აქ, ჩემს თვალწინ რუსთაველად მოექცა და დღეიდან შოთაზე ილოცებს. ეს მოხდა 1994 წლის 24 ივნისს: მისისიპის შტატის ქალაქ ოქსფორდის მუხების ხეივნის ქუჩაზე მდებარე სახლის ბიბლიოთეკაში საფუძველი ჩაეყარა ახალ რელიგიას და მისი მოციქულები 6 წლის ჯოშუა, 3 წლის ადამი და მათი 33 წლის მამა – ელია არიან. იმედია ამის გამო მათ ჯვარზე არავინ გააკრავს!


























