სუროს ქალი
მე სუროს ქალი ვარ!
მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტან როცა მეხვევიან და მითუმეტეს-მახრჩობენ,
მაინც მიყვარს სურო.
სულ რომ შემისრუტოს,
სულ რომ შემისახსროს,
რომ რამე,
მაინც ამოვსხლტები მისი მარწუხებიდან ჯინივით
და მტრის ჯინაზე,
ცაში ავფრინდები.
მე სუროსავით ბალანწარაც მიყვარს,
ასე ეძახიან ჩვენში გარეული ბალის ჯიშს და მიკვირს,
ასე რამ გაგამწარათ ეს ხარისგულა ბლის მოყვარული ხარბუნიები.
მე ხომ ის ქალი ვარ,
თქვენი თურაშაული ერთ შაურადაც რომ არ მიღირს
და ჩემი ედემის პანტა ვაშლი,
სამოთხის მ(ი)სხალ სასელასავით,
ქვეყანას მირჩევნია…
მე ის ქალი ვარ,
ოდესმე ოცნების ბაღი თუ მეღირსა,
ვარდების ნაცვლად
რომ მოვაშენებ გვიმრას
და დაველოდები,
ვინ რა უნდა მითხრას,
ვინ რა უნდა დამიწუნოს,
ან ვინ რა უნდა დამაკლოს ამ ერთ კაკალა უკუღმართს
და მერე ნახავთ,
ჩემს მიერ წკლიპურტით აყრილ
არამკითხავების
ყირამალა ვარდნებს მათი ვარდების ბაღში…
მეკი ამ დროს,
სუროსა და გვიმრებს შორის მზეზე გველივით გაწოლილი,
შორიდან დავაკვირდები,
თუ როგორ ძრწიან
ჩემი შემყურე,
მოძრავ სტადიებს მოკლებული ძოწეულები.



























