
ცეროდენა წიგნების მუზეუმი
(წარწერად ფოტოსურათზე)
ბაქოში საქართველოს საელჩოდან დავით ჩიკვაიძე ითავებდა ჩვენს მეგზურობას ძველი ბაქოს დასათვალიერებლად, აზერბაიჯანელები შიდა ქალაქად რომ უფრო იხსენიებენ.
რამდენიმე წელია, რაც კორეადან გადმოიყვანეს, იქ დიპლომატად მივლენილი კორეულს საფუძვლიანად რომ შეისწავლიდა, აქ აზერბაიჯანულსაც სრულყოფილად დაეუფლებოდა, თურქული ხომ აქამდეც ეცოდინებოდა, და გაკვირვებას რომ გამოვთქვამდით მისი ამ უნარით, მორიდებულად და თანდათანობით ჩამოგვითვლიდა იმ არაერთ ენას, რომელზეც თავისუფლად შეეძლო ელაპარაკა.
ჩვენი ცნობისმოყვარეობა რომ არა, ამის თაობაზე კრინტსაც რომ არ დაძრავდა.
მოგვატარებდა ქალწულის კოშკს.
შირვანშაჰების სასახლეს.
ყველა ქუჩას.
და როდესაც უკვე მოთავებული გვეგონებოდა სამსაათიანი მოგზაურობა, გამიმხელდა:
- წინასწარ არ გითხარი და სიურპრიზად შემოგინახე!..
და მიგვაყენებდა მინიატურული წიგნის მუზეუმს, რომელშიც ცალკე ადგილი ექნებოდა დათმობილი ქართულ კუთხეს, უამრავი ის წიგნი რომ შემომანათებდა, რომელი გამოცემებიც აქ ჩემს ხელშიც გაივლიდა.
მოვისაკლისებდი ოთარ ჩხეიძის ნოველების კრებულს „მიწა“, „ინტელექტის“ მიერ გამოცემულს.
და ჩემი ესეების კრებულს „ირლანდიური მელოდიები“, გამოცემულს „ლომისის“ მიერ.
- მოგვაწოდეთ და დავდებთ!..- სიხარულით შეგვპირდებოდნენ.
„ინტელექტი“ თავისით მოიფიქრებდა ცეროდენა წიგნების გამოცემასაც, მე კი ამგვარი ფორმატისაკენ ომარ სირაძის მინიატურული წიგნი მიბიძგებდა, ცეროდენა წიგნების ისტორიას რომ მოგვითხრობდა.
ვიცნობდი და ვახლობლობდი როგორც ჭადრაკის მწვრთნელთან, ეს გატაცებაც რომ ექნებოდა:
მინიატურული წიგნების შეგროვებისა.
და შთამბეჭდავ კოლექციასაც მოუყრიდა თავს.
ნეტა სად არის ახლა ის კოლექცია?
ომარ სირაძის გარდაცვალების შემდეგ ნეტა ვის ხელში აღმოჩნდა და რა ბედი ეწია?
ცეროდენა წიგნების მუზეუმის გახსნას თბილისშიც თუ მოვინდომებთ, ის კოლექცია შეიძლება დაედოს საფუძვლად.
თუ მიმოფანტულია და კვალიც აღარ იძებნება, ისედაც შეიძლება ამ ყაიდის მუზეუმის გახსნაზე ზრუნვა.
დაე ცეროდენა წიგნებმა ისევე ჰპოვონ საერთო საცხოვრისი თბილისშიც, როგორც ბაქოში უკვე დაუვანიათ და სხვადასხვა ენებზე მოსაუბრენი ისე კარგად უგებენ ერთმანეთს ერთ ბედში მყოფნი.

























