ილია ჭავჭავაძესა და ვაჟა ფშაველას დიდი სიყვარული აკავშირებდათ. მართალია, ილია ვაჟაზე 24 წლით უფროსი, თანაც სახელგანთქმული პოეტი, საზოგადო მოღვაწე გახლდათ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია დაენახა და ეღიარებინა ფშავის მთებში სიღარიბესთან მებრძოლი ვაჟას გენიოსობა.
პირველი ნაწარმოები, რომელიც ილიამ ვაჟას შემოქმედებიდან წაიკითხა იყო ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“. ილია გაოგნებულა და დიდხანს იძახდა თურმე: ,,კოჭებზე ეტყობა რა ვაჟიკაც არის, შორს წავა, შორს!“
როდესაც ილიამ ვაჟას ,,მოხუცის ნათქვამი წაიკითხა, დიდხანს ჩაფიქრებული იჯდა. ეტყობა დიდი შთაბეჭდილება იქონია წაკითხულმა. მერე, თითქოს ძილიდან გამოერკვაო, აღტაცებით წამოიძახა შემდეგი სიტყვები, რომლებიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა:
,,არა, არა! ახლა ჩვენ, ძველებმა, კალამი უნდა ძირს დავსდვათ, გზა კი ვაჟას უნდა დავუთმოთ!“
ვაჟა-ფშაველა თავის ნაწარმოებებს ძირითადად ,,ივერიას“ აწვდიდა. იბეჭდებოდა ,,დროებაში“, ,,ჯეჯილში“, ,,კვალში“, ,,მწყემსში“. ილია ჭავჭავაძემ ,,ივერიაში“ სამუშაოდაც მიიწვია, მაგრამ აქ მხოლოდ სამი დღე იმუშავა. მეოთხე დღეს გადაწყდა, ვაჟასთვის თვეში 5 თუმანი დაენიშნათ, სამაგიეროდ, ყოველ თვეში რაიმე ნაწარმოები უნდა ჩამოეტანა.
ილია ვაჟას შესახებ წერდა: ,,ვაჟა-ფშაველა ჩემს თვალში იმოდენა მწერალია, რომ მის შესაფასებლად არ კმარა ერთი კაცის ძალ-ღონე“.
წყარო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება



























