Zaza Tsurtsumia
ჩვენი დიდი მწერალი ნოდარ დუმბაძე თავისებური იუმორით აღწერს რატომ მოახდინეს გურულმა გლეხებმა რევოლუცია.
ერთ-ერთ ნაკლებად ცნობილ მოთხრობაში (თალიკო), მწერალი გვიამბობს მისი გამზრდელი ბებიის ქელეხში შეკრებილი თანასოფლელების საუბარს. ზღმარტლის ძირში, მორზე ჩამომჯდარი მოხუცი რაჟდენა სეფისკვერაძე ყვება:
“-ახალგაზრდობაში, მარგანეცის დატვირთვაზე ვმუშაობდი ფოთში, ინგლისელებს რომ გაჰქონდათ ჩვენგან ჩალის ფასად პარახოდით. ოთხ აბაზს გვიხდიდა თითო მუშას მოიჯარე ძუკუ დიხამინჯია დღეში… რას ნიშნავდა ახლა ის ოთხი აბაზი მე რომ ვჩივი, სასადილოში ერთი დიდი გულუღმა საინი ბორში შვიდი კაპიკი, კატლეტი მაკარონით ათი კაპიკი, პური უფასო იყო, მარილიც. ამას დღეში ორჯერ ვჭამდი, ესე იგი ოცდათოთხმეტი კაპიკი. სამი კაპიკის თუთუნი, სამი კაპიკის აბანო და ასე რომ დღეში ორი აბაზი, ისე მრჩებოდა როგორც დაგიბარებია.
-ღვინო?- ჩაურთო კოწიამ
-ღვინოს სახლისას ვსვამდით, ჭიაღოურას ოჯალეშს.
-მოხარშული კვერცხი? -კვერცხი რაა მამაცხონებულო, კვერცხი კაპიკი ღირდა ნიკოლოზის დროს, -გაიცინა რაჟდენამ აგდებულად.
-ბატონო რაჟდენ ბაბუაჩემისაგან გამიგია, ჩვენ შორის რაჟდენა სეფისკვერაძე ყველაზე ძველი ბოლშევიკი იყოო. ჰოდა, იმის კითხვა მინდოდა ბატონო რაჟდენ, თუ ნიკოლოზის დროს კვერცხი კაპიკი ღირდა,რისთვის ახდენდით რევოლუციას?
-რისთვის და ტყვილა მინდოდა!
-ტყვილა რას ჰქვია?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-უფასოდ ბატონო ნოდარ, უფასოდ მინდოდა კვერცხი! – გამიმეორა რაჟდენამ. – ასე ვიყავით მოლაპარაკებული მე და ბუდუიე ღვინეფაძე.
-ბუდუიე ღვინეფაძე ვინაა?
-ჩვენი წითელი რაზმის მეთაური იყო მაშინ.
-ახლა სადაა? – არ მოვეშვი მე რაჟდენას.
- სადაა და კუდუნეთაში. დიდი ამბით დავმარხეთ შარშან, სიტყვაც კი ვუთხარი.
-მერე?
-მერე არაფერი. მისი ცოლი პელაგიე ყოველ შაბათ კვირა თითო კვერცხს აბაზად ჰყიდის ჩოხატაურის ბაზრობაზე! – დაამთავრა რაჟდენამ.
ისეთი ხარხარი ატყდა გარშემო, რომ ხალხისა მომერიდა და ისევ ჭირისუფალში დავბრუნდი. “
😀



























