დათო მაღრაძის ახალი ლექსი – ულისეს რეისი
დათო მაღრაძის ახალი ლექსი – ულისეს რეისი
ბავშვობა
აქეთ დედაა თვალების სარკით…
იქით ღამეა, შიშით, ეჭვებით…
ორი სამყარო, ცუდი და კარგი,
გადატიხრული მამის ბეჭებით
საკუთარი ეპიგრაფი
იღვიძებს ბავშვობა… სიკვდილის განაჩენს
რომელიც არ იცნობს, არც სირცხვილს ტაბუსი,
… და ვხედავ ოთახში ცხონებულ მამაჩემს,
საგას რომ თარგმნიდა ფორსაიტებისას.
მამა სიმართლეა… და ნიშნად ამისა,
მამისკენ ბილიკი ეძლევა ულისეს,
გამოვალს მამიდან და თანა მამისა
თაყვანიცემების სიწმინდე სულისა.
ხოლო ძეს კაცისას გეძლევა ბილიკი,-
გზა მამის სახლიდან
კვლავ მამის სახლისკენ
და ჯვრისკენ გაცილებს მწიგნობრის ქილიკი,
თუ მამის სახლისკენ ნაბიჯი გარისკე.
ასე რომ, პოდიუმს არ ვუხდი არენდას,
არც ნდობას ვუცხადებ არქივის ფოლიანტს,
ჩემს დროზე ვასწორებ მედროვე კალენდარს,
საათის ისრები შევაბი თოლიას.
ჩამესმის, რომ: – ნება შენია, მამაო…
მორალურ ქაოსში დაკარგულ ცივილი –
ზაციას ვეძახი, ვწუხვარ, რომ ამაოდ,
მასებში გაისმის თუ მუნკის კივილი:
– მიეცით სინათლის ფეიკი Citizen-ს! –
და გავა სამშობლოს ფეიკი მიტინგზე…
ახალი სიმართლე – ფეიკის ფეიკი!
გინდა, რომ იკითხო:
– თქვენ, აქეთ?
– მე იქით!
სტრიქონით მივყვები შორეულ იალქნებს,
… გზა მამის სახლისკენ არ არის ხელობა!
ჯოხის ცხენს ფუჟერის ფსკერზე თუ მიაგნებ
და თითქმის ფუჭია
სხვა ყველა მცდელობა.
ვიხსენებ მაესტრო რიუნოსკე აკუტა –
გავა რომ დაეძებს დაკარგულ კიმანოს
და ვეძებ ჩამოშლილ კედლებში საკუთარ
სათავეს, რომ მივწვდე,
თუნდაც რომ ვინანო.
თუ განცდა მიანდე იალქანს A4-ის,
ძველ სახლში უბრალო თეჯირიც კანკელობს…
და ვეძებ ნანგრევში დაკარგულ სამოთხეს
და დედის სარკეზე შემომჯდარ ანგელოსს.
თუ ვზივარ კაფეში და ორმაგს ვუკვეთავ
და სავსე Jameson-ს ყინულით ვაციებ,
ნუ ფიქრობ, მკითხველო,
რომ შენზე უკეთ ვარ,
უბრალოდ ვამჩნევ, რომ ცივილიზაციებს
მოვწყდით და მივენდეთ დღევანდელ ტურბულენსს,
რომელსაც განსაზღვრავს ფსბ-ცრუ…
ამიტომ ვისკიში ყინულის ბურთულებს
ვუმატებ და ასე, ყინულებშერეულ
ჭიქების ეშელონს ბილეთის გარეშე
მივყვები, ცოცხლდება მშობელი აურა,
რომელმაც ვარსკვლავით მოჭედილ ღამეში
სამხრეზე ვარსკვლავით დამაწინაურა.
რასაც ვერ იყიდი დოლარით, ან ფუნტით,
ყრმობისკენ ბილეთი დავარქვი სახელად…
– აი, სასახლეში გამოჩნდა ინფანტა, –
… ან გამოცხადება,
… ან თვალის ახელა.
აშშ-ს დროშაზე ვარსკვლავის საფანტი…
და გიდი ტურისტებს აჩვენებს მენინებს,
უხსნის, რომ მაშინდელ
Coca-ს სვამს ინფანტა,
– შემდეგი დარბაზი! – და მიარბენინებს.
პრადოში, დრო დროში რომ მიმოინფანტა
სასახლის ეტიკეტს ახლავს exquisite-ი, –
თითქოს ველასკესის ფერმკრთალი ინფანტა
ფოტოგრაფს ეწვია პირველი ვიზიტით.
ზემოთქმულს განვაგრძობ უფრო კონტრასტისთვის,-
პაპის რომ აღარ სწამს განდგომილ პურიტანს…
არც პურიტანი ვარ,
თუმცა არც პაპისტი,
თაყვანს არ მივაგებ დიუშანის უნიტაზს.
კაპრიზი თუ აგზნებს დღევანდელ ეპოქას,
წარსული იცვლება მოთხოვნით აწმყოსი,
ვერც ფაქტი ჯიუტობს,
დღეს ვწერდი მეგობარს,
მერყეობს ტემბრი და იცვლება პათოსი.
… თუ მოგწვდა სურნელი გეიშას ლოკონთა
თუ გახსნა ბოლომდე გეიშამ აორტა,
ფეხი არ წამოკრა ულვაშზე ჯოკონდას,-
საფრთხეა, მწვერვალს თუ
გაუშინაურდი.
… აქეთკენ დედაა, რომ შობა გახაროს.
იქეთკენ ღამეა, შიშით და ეჭვებით…
მამა კი გატიხრავს
კარგს და ცუდ სამყაროს,
საწერთან მიმჯდარი, განიერ ბეჭებით.
წყარო:



























