როგორი აფხაზები ჰყავდა აფხაზეთს!!!
1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამსახურში მრავალი გულანთებული აფხაზი იდგა. მათ იცოდნენ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, ხოლო აფხაზი ქართველის ძმაა. ამ ხალხისთვის ნათელი იყო, რომ ნახევარსაუკუნის წინანდელ ტრაგედიაში ქართველს ბრალი არ მიუძღოდა და ის რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული.
ერთ-ერთი ასეთ აფხაზთაგანი იყო სამურზაყანოს მაზრის სოფელ ბედიას მკვიდრი, თავად თარასხან დიმიტრის ძე ეშბა (1886-1923). 1917-1920 წლებში წელს ის სამურზაყანოს მაზრის კომისარი გახლდათ, ხოლო 1920 წ. აპრილიდან გასაბჭოებამდე კი სოხუმის განსაკუთრებული რაზმის უფროსის თანამდებობა ეჭირა. ზემოხსენებულ პოზიციაზე მას ევალებოდა არალეგალურ, ბოლშევიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა. აქ სოხუმის განსაკუთრებული რაზმის უფროსმა შეძლო სრულად გამოაშკარავებინა ქალაქის იატაკქვეშა კომიტეტის სრული შემადგენლობა. ამის გამო, ბოლშევიკებს თარასხანი სძულდათ.
საბჭოტა ოკუპაციის შემდეგ, თარასხანი, რომელსაც, ბუნებრივია, არ დაედგომებოდა ბოლშევიკთა მიერ ოკუპირებულ საქართველოში, საზღვარგარეთ წავიდა და სტამბოლში დამკვიდრდა.
თარასხანმა, თბილისელ მეგობართან, ასევე მილიციელ მიშა კუხალეიშვილთან ერთად, ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში ადგილობრივი სომხის ოჯახში საკმაოდ დიდი ოთახი იქირავა.
მეგობრები სამშობლოსა და თავიანთი ცოლ-შვილის დაშორებას ძალიან მწვავედ განიცდიდნენ. ისინი ყოველგვარ გართობას ერიდებოდნენ და დროის დიდ ნაწილს სახლში, ერთმანეთთან საუბარში ატარებდნენ.
ერთადერთი გასართობი მათთვის იყო საღამოობით სტამბოლის კეთილმოწყობილ და ლამაზ პარკში გასეირნება, რომელიც ბოსფორს ზემოდან გადაჰყურებდა და ბინიდანაც ახლოს იყო. პერას ქუჩაზე (ამჟამად – İstiklâl Caddesi – ისტიქლალის გამზირი), სადაც რუსეთიდან ემიგრანტები იკრიბებოდნენ, ისინი იშვიათად გამოდიოდნენ.
თ. ეშბა მორჩილი ტანის, გაგებული და ძალიან ზრდილობიანი კაცი იყო, წითული სახის. ღიაფერის თვალები და ქერა თხელი ულვაშები ჰქონდა. ის ყოველთვის სუფთად და კოხტად იცვამდა და აფხახეთიდან ჩამოყოლილ ბლუზა-შარვალს და კავკასიურად შეკერილ მსუბუქ და რბილ ჩექმებს არ ღალატობდა.
სამშობლოსა და ცოლშვილზე დარდს მან დიდხანს ვერ გაუძლო. ერთ მშვენიერ დღეს ქართულ ემიგრაციას დავემშვიდობა და 1922 წლის სექტემბრის მიწურულს მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნდა.
თ. ეშბას დაბრუნებამ მხარეში კიდევ უფრო გაამწვავა ანტისაბჭოური მუხტი. თ. ეშბამ მალე დაჯგუფება ჩამოაყალიბა: ოკუმ კაჭარავა, ნოჩო ღურწკაია, ევგენი ჯობავა, ათანასი შელია, გოგია, გიორგი ბუსკაძე და ელიზბარ მიქაძე. ამ დაჯგუფებას ასევე შეუერთდნენ: ლეონტი ოკუჯავა, ბაგრატ ზანთარაია, იონა და იასონ ჯინჯოლიები, თარასხან (ტარას) ანჩაბაძე.
თარასხანის საძმო ბედიისა და საბერიოს მიდამოებში მოქმედებდა.
1923 წ. ივნისის პირველ რიცხვებში თ. ეშბამ აფხაზეთში ამბოხების ორგანიზება სცადა, გარკვეული გამოსვლებიც გაიმართა, თუმცა – უშედეგოდ. ხელისუფლებამ სწრაფად მოახდინა რეაგირება.
მალე, 7 ივლისს თ. ეშბა იძულებული გახდა რეჟიმს ჩაბარებოდა. იმავე წელს ის დახვრიტეს.
თ. ეშბას რაზმის ნეიტრალიზაციით, ოკუპანტმა სამურზაყანო ვერ დაამშვიდა. მოსახლეობა რუს დამპყრობლებს არ ეპუებოდა.
თარასხანის სახელი დავიწყებას არ უნდა მიეცეს! ჩვენს წიგნში „სამურზაყანო – ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინცია“ (თბილისი, გამომცემლობა „საჩინო“, 2024) მისი დამსახურება სამშობლოსა და ერის წინაშე, შეძლებისდაგვარად, ავსახეთ.



























