„ლეგენდა“ ბუბას სახელმწიფო დანაშაულებები!
ლეილა ცომაია: დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების იარაღით დამხობის სამზადისი კინოს სახლიდან დაიწყო; კინოს სახლში შტაბ-ბინა დაიდეს: ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ და სხვებმა…

წითელმა ინტელიგენციამ, რომლის ძირითად ბირთვს ხელოვანები წარმოადგენდნენ, ბრძოლის პლაცდარმად სწორედ, კინოს სახლი აირჩია, სადაც მათ მიერ ორგანიზებულ პერმანენტულ მიტინგებზე პრეზიდენტ გამსახურდიას ჩამოგდების სულისკვეთებით გამოდიოდნენ: ბუბა კიკაბიძე, დიმა ჯაიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, რეზო ჩხეიძე, ლანა ღოღობერიძე, რობერტ სტურუა, ჭაბუა ამირეჯიბი და სხვები. ხოლო მათი ძალისხმევით დამხობილ და
დევნილ პრეზიდენტს, დაჭერის მიზნით „წითელ ხიდამდე“ ავტომატების კაკანით სდიეს: გიორგი შენგელაიამ, ვახტანგ კიკაბიძემ და გიორგი (გოგა) ხაინდრავამ. ვინაიდან, შეიარაღებულ მდევრებს, ხუნტის მიერ განდევნილმა პრეზიდენტმა გამსახურდიამ სომხეთში გადაასწრო, სამხედრო საბჭომ (სიგუა, იოსელიანი, კიტოვანი, ვახტანგ რაზმაძე – ხუნტის პროკურორი), 7 იანვარს, სომხეთში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადმოცემის მოთხოვნით წარგზავნა: ალექსანდრე კავსაძე, გიორგი შენგელაია, რევაზ ყიფიანი, გენპროკურორის მოადგილე გივი კვანტალიანი, შს მინისტრის მოადგილე. პრეზიდენტმა გამსახურდიამ, ხუნტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, უარი განაცხადა. საქართველოს სამხედრო საბჭომ, სომხეთის პრეზიდენტთან, 1992 წლის 13 იანვარს მეორე დელეგაცია წარგზავნა ზვიად გამსახურდიას გადმოცემის მოთხოვნით. ხუნტის ნდობით აღჭურვილ დელეგაციას წარმოადგენდნენ: ელდარ შენგელაია (დელეგაციის მეთაური), ჭაბუა ამირეჯიბი, გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გიორგი (გოგა) ხაინდრავა, ვახტანგ კიკაბიძე, რევაზ ყიფიანი.
სომხეთის პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ბაბკენ არარკციანმა, ქართველთა დელგაციას გამსახურდიას გადაცემის ულტიმატუმზე, მართალია უარით უპასუხეს, მაგრამ იმავე დღეს, გამსახურდიას, სომხეთის დატოვების წინადადება მისცეს. წითელმა ინტელიგენციამ მიმართვა გაუგზავნა სომხეთის მთავრობას, რომლის ტექსტსა და ხელმომწერების ვინაობასაც გთავაზობთ აქ!
„ქართველი ინტელიგენციის მიმართვა სომეხი ინტელიგენციისადმი ჩვენო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო!
1991 და 1992 წლების მიჯნაზე ძალიან მძიმე და ტრაგიკული დღეები გადაიტანა ქართველმა ხალხმა ღია და შეურიგებელ ბრძოლაში, საქართველოს რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რეჟიმთან და მის მომხრეებთან, დიქტატურასთან დემოკრატიისათვის ბრძოლაში, რომელმაც მიგვიყვანა სამხედრო შეტაკებამდე, დაღვრილ იქნა ადამიანთა სისხლი, დაიწვა და დაინგრა რუსთაველის პროსპექტის მნიშვნელოვანი ნაწილი – თბილისის სიამაყე და სილამაზე, დაიწვა აგრეთვე მთელი რიგი მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და დაწესებულებები.მოწინავე, პროგრესულმა ქართველმა ინტელიგენციამ, მისმა საუკეთესო წარმომადგენლებმა: მწერლებმა, პოეტებმა, კომპოზიტორებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა, არქიტექტორებმა, მეცნიერ-მუშაკებმა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან აღიმაღლეს პროტესტის ხმა მის მიერ დამყარებული ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული და ეთნიკური პრობლემების სისხლისღვრის გზით გადაჭრის წინააღმდეგ. სამოქალაქო ომის ინსპირირების წინააღმდეგ. ქართული ინტელიგენცია საკითხისადმი ასეთ მიდგომას ყოველთვის ვანდალიზმად თვლიდა, თავაზობდა მის გადაწყვეტას ცივილური გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენო სომეხი ძმებო და კოლეგებო! ჩვენთვის სასიამოვნოა თქვენი მხარდაჭერა, გულწრფელი გამოძახილი, იმის ცოდნა, რომ თქვენ ყურადღებით ადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, თქვენი დახმარების შემოთავაზება კრიზისული მოვლენების გადაჭრაში. ჩვენი ხალხები, ქართული და სომხური მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა და მთლიანად კულტურის ისტორია ეს არის ერთობლივი ბრძოლა სამართლიანობისა და სიბრძნისა ბოროტებასთან, უმეცრებასთან, ტირანიასთან და ნაციონალიზმთან. ჩვენ გვიხარია, რომ ყველა დროში ქართული და სომხური ინტელიგენცია გამოდიოდა გამარჯვებული ამ მძიმე, მაგრამ სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ ახლაც მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში უფრო მყარი იქნება, რომ მალე მოგვიშუშდება იარები და დამყარდება მშვიდობა და კეთილდღეობა კავკასიაში და მთელს მსოფლიოში. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ქართული ინტელიგენციის სახელით:
ოთარ ლითანიშვილი – ქ. თბილისის მთავარი მხატვარი, საქ. სახ. მხატვარი
. ბუბა კიკაბიძე – საქ. სახ. არტისტი და სხვ.“
მიმართვა იხ. სომხეთის უმაღლესი საბჭოს გაზეთ „რესპუბლიკა არმენიაში“, N10(300), 17.01.1992 წ. არმენპრესისა და საქინფორმის ერთობლივი ინფორმაციით.
3 იანვრის მრავალათასიანი მშვიდობიანი მანიფესტაცია დიდუბეში, რომელშიც უმეტესად მონაწილეობდნენ სტუდენტები, დახვრიტა ხუნტის სამხედრო საბჭომ ჯაბა იოსელიანის, კიტოვანისა და ყარყარაშვილის შემადგენლობით. დახვრეტები კი უშუალოდ განახორციელეს „მხედრიონელებმა“ და საზოგადოება „თბილისელებმა“, რომელიც თეატრალებისა და სხვა დარგის ხელოვანებისაგან შედგებოდა და რომლის წევრიც გახლდათ ბუბა კიკაბიძე. დმანისელი შოთა ფოლადაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა სწორედ ბუბა კიკაბიძის მიერ ნასროლი „აკეესის“ ტყვიით, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომაკვდავ ფოლადაშვილს გარდაცვალებამდე თავისი დების წინაშე ძლივს ამოუთქვამს: ბუბა კიკაბიძეს ნიღაბი ჩამოუვარდა და ვიცანი, მან მესროლაო. ბუბას სახიდან ჩამოვარდნილი ნიღაბი ათეულობით მომიტინგემ დაინახა იმ დღეს და სწრაფადვე გავრცელდა მომიტინგეებში. თუ არ ვცდები, მეორე დღეს სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ინტერვიუსთვის სახლში ეწვია ბუბას: ბატონო ბუბა, ნიღბების კოლექცია გქონიათ და დამათვლიერებინეთო. ბუბას სახლში შესულმა ჟურნალისტმა კი კედელზე მართლაც იხილა ნიღბები, ბუბა კი ნირწამხდარი იდგა ჟურნალისტის წინ და უტიფრად უარყოფდა მიტინგზე ყოფნას. მისმა, არცთუ ისე მრავალრიცხოვანმა „ფანებმა“, ბუბას გარდაცვალების შემდგომ „მონანიებად“ ჩაუთვალეს მიტინგის დახვრეტის ეს უტიფარი უარყოფა და ლეგენდად რაცხავენ. ბუბა – „ლეგენდის“ ნამდვილი რაობის შესახებ კი ნახეთ ქვემოთ დადებულ ამ დოკუმენტურ ვიდეო-კოლაჟში…



























