გურამ ბათიაშვილი.
საგასტროლო ჩანაწერი
შვეიცარიაში.
არასოდეს ვყოფილვარ. ამიტომ სიღნაღის თეატრიდან რომ დამირეკეს, თქვენი პიესის — ,,მოგზაური დასი“– მიხედვით დადგმული ჩვენი სპექტაკლი შვეიცარიაში მიიპატიჟეს და მიწვეული ხართო, გავიხარე. ადრე თეატრი ამ სპექტაკლით ესპანეთში გახლდათ მიწვეული, კიდევ ევროპის ორ სახელმწიფოში, მაშინ მიზეზთა და მიზეზთა გამო, ვერ წავედი. ახლა ხელს აღარაფერი მიშლიდა.

მოკლედ მოვჭრი: ,,მოგზაური დასი“ ორ ქალაქში–ჟენევასა და ციურიხში ერთობ წარმატებით ითამაშეს. ასეთი მხურვალე ოვაციების განმაპირობებელი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის –მურად ვაშაკიძის მიერ შეთზული სცენური გარემო გახლავთ. პიესა აძლევდა საამისო საშუალებას და მანაც მარჯვედ გამოიყენა.
რაზეა პიესა? ბერიკების ყოფაზე .ეს ყოფა კი გვაცნობს ქართველი კაცის ცხოვრებას: მის გარჯილობას ძეობისას, როგორ ხვდება სიყვარულს, როგორ იბრძვის მამულისათვის როგორ კვდება თავისუფლებისათვის ბრძლაში–თავად იღუპება, მაგრამ შვილებს, მომავალ თაობებს, საკუთარი თავის პატრონ ქვეყანას უტოვებს.
ბერიკები ყველაფერ ამას გაითამაშებენ, წარმოადგენენ და ასე აღნიშნავენ დიდბატონის ვაჟის დაბადებას.დიდბატონს ამ წარმოდგენით ულოცავენ ვაჟიანობას. მკითხველს არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, რომ პიესაში ხდება ის, რაც უჩვეულო არ ყოფილა ქართული ყოფისათვის და არაერთ პიესაში ასახულა–ზოგან უკეთესად, ზოგან…

ასე რომ არაფერი განსაკუთრებული. მაშ, რაღამ განაპირობა სპექტაკლის წარმატება? ქართულმა ფოლკლორმა, ქართულმა ხალხურმა სიმღერამ, ქორეოგრაფიამ, რომელიც სპექტქკლში დომინირებს. პიესა ქმნის საიმისო საშუალებას, რომ ქართული მუსიკალური ფოლკლორი წარმოჩინდეს და დამდგმელმა რეჟისორმა წარმოაჩინა კიდეც. მაყურებელი ტკბებოდა არა მხოლოდ ქართული მუსიკალური ფოლკლორით, ხალხური პოეზიის მუსიკალობითაც კი, რადგან სიღნაღის თეატრის მსახიობებს: აკაკი ძაძამიას, ნანა ბუკიას, ანი მჭედლიძეს, მანუჩარ სამუშიას, ზურაბ ანთელავას, თორნიკე ჩეკურიშვილს, ნიკა ჩხაიძეს, მირიან გოცირიძეს, მომადლებული აქვთ ნიჭი ლექსის წარმოთქმაც მუსიკალურ აქტად აქციონ. შვეიცარიელი მაყურებელი რა, მეც კი, არაერთი დიდებული ქართველი მომღერლისათვის რომ მომისმენია, სულგანაბული, სიამოვნებით ვუსმენდი მათს სიმღერას.
* *
სასტუმრო M3, რომელშიც ვცხოვრობდი, ჟენევიდან, ქალაქიდან, რომელშიც ტრამვაი ისე დარონინებს, როგორც ,,სიმდის“ მოცეკვავე ქალები, ლამის ნახევარი საათის სავალზეა. დილას აღმოვაჩინე, რომ არა შვეიცარიის, საფრანგეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი–რახან ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ, საზღვარი რა საჭიროაო და დღეში ორჯერ მაინც ავუვლიდით გვერდს უკვე მინგრეულ-მილეწილ სასაზღვრო პუნქტს–ხან შვეიცარიიდან საფრანგეთს მივეშურებოდით, ხანაც საფრანგეთიდან შვეიცარიაში ვბრუნდებოდით. საფრანგეთის ამ პატარა ქალაქის ყოფა ერთობ უხმაურო გახლდათ. თუ შაბათს ცოტა მიდი-მოდი, ბაზრობა ჰქონდათ, კვირას ისეთი დუმილი იდგა, იფიქრებით, მთელი ქალაქი აიყარა და სადღაც გადასახლდა, ეს ქუჩა-შუკები ხეებზე შემომსხდარ ჩიტებს დაუტოვა და ჩიტებიც ამიტომ იქნევენ ფრთებს ასე, ამიტომაც ჟრიამულობენო. მოგვიანებით ერთი ქუჩა ვნახე –ყავახანები ღია გახლდათ შიგ, შენობაშიც ბლომად სხედან ადამიანები და ქუჩებში გამოტანილი მაგიდებიც დაუკავებიათ. ზოგი ყავას სვამს, ლუდს, ზოგი– წვენს ზოგიც–ნაყინს შეექცევა. მუსაიფობენ. ამ ყავახანების პატრონები უმეტესწილად არა შვეიცარიელები, თურქები, ირანელები, ლიბანელები არიან. იქნებ, ვაჭარბებდე, იქნებ, მეტისმეტად ვამძაფრებდე შექმნილ სიტუაციას, მაგრამ არა ვგონებ, ძლიერ ვცდებოდე: ევროპას, განსაკუთრებით საფრანგეთს, მომავალი არაფერ სასიკეთოს არ უნდა უქადდეს: მას შემდეგ, რაც აშშ-ს ფერადკანიანი პრეზიდენტი, ხალხთა დიდ გადასახლება-გადმოსახლებას აქეზებდა, საფრანგეთის ქუჩებში სხვადასხვა ფერის ადამიანები სჭარბობენ. საფრანგეთი ფერად-ფერადი ხალხის სავანე ხდება. დღეს ისინი მეტწილად ხელზე მოსამსახურენი, უკეთეს შემთხვევაში , სასტუმროთა მუშაკები, ტაქსების მძღოლები, თუ სხვა ამგვარნი, არიან, მაგრამ შორს აღარ არის ის დრო, როცა დიდ-დიდ სავარძლებში მოექცევიან. ამ რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევა მაგონდება: პარიზში სასტუმროს პორტიეს ვკითხე სინაგოგამდე როგორ მივიდეთ-მეთქი. (აქებდნენ და მეწადა მენახა ეს ცნობილი სინაგოგა) თანმხლებმა კაცმა შენიშვნა მომცა: სინაგოგას ხმამაღლა ნუ კითხულობ, ხომ შეიძლება, ვინმემ გაიგონოს, სახიფათოაო. ისიც მაგონდება, შალვა მარდი ( ეს ის ქუთაისელი შალვა მარდახიაშვილია, ნოე ჟორდანია რომ ენდობოდა და საქართველოს ლტოლვილ ხელისუფლებას, ლევილის მამული აყიდინა ) ჯემალ აჯიაშვილს და მე გვეუბნებოდა: ,,საღამოს ლოცვას ნაშუადღევს ვლოცულობთ, შეღამებულზე სინაგოგაში ყოფნა, არც თუ უხიფათოა“.
ამასწინათ აკი დაწერა ერთმა ენაკვიმატმა ფრანგმა ჟურნალისტმა: მალე პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი გვექნებაო. დიდი აია სოფია ხომ გადააკეთეს მეჩეთად!
* *
დღეს ჟენევაში პირველი სპექტაკლია. გასული საუკუნის 80-იან წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდი გასტროლის შემდეგ, აქაურ სცენაზე პირველად აჟღერდება ქართული სიტყვა. ცხადია, განზომილებები ერთობ განსხვავებულია–სიღნაღის თეატრი რუსთაველისას ვერ შეედრება, მაგრამ ქართული სიტყვა , განსაკუთრებით კი მუსიკალური ფოლკლორი, ერთია. ისეთი ადგილი მოვნახე–გვერდითა მხარეს–მაყურებელს მეტად ვხედავდე, ვიდრე სცენას: მაინტერესებს, მაყურებლის მზერაში, სახეზე როგორ აისახება ის, რაც სცენაზე ხდება,. ერთობ მშვიდად სხედან. მათს სახეებზე ვერაფერს ვკითხულობ. არა-რა ემოციას არ ამჟღავნებენ, მაგრამ… აი, ახლოვდება ფინალური სცენები–ქართველნი მამულის, შვილების თავისუფლებისათვის მომხდურს ეკვეთებიაან და მაყურებლის მზერაც იცვლება–დაძაბულნი მისჩერებიან სცენას. იბრძვიან, უთანასწორო ბრძოლაში ეცემიან ქართველნი, მაგრამ მაინც დგებიან, მაინც შემოსძახებენ– უდრეკელობის, მხნეობის შთამბერავი ხმები ედება დარბაზს. და მაყურებელიც თავისას მიაგებს ბერიკებს.
* *
ციურიხში სპექტაკლის შემდეგ, ერთი საშუალო სიმაღლის ჯმუხი კაცი მომიახლოვდა პიესის ავტორი ხომ თქვენ ხართო, დიახ მეთქი, თავი დავუქნიე. ისე მიყურებდა, ვგონებ, ბერნარდ შოუ ვეგონე. დაიწყო და დაიწყო ქება. ვუთხარი, ეგ ყველაფერი მე კი არა, აი, იმას ეხება-მეთქი და რეჟისორზე მივუთითე–სპექტაკლის ავტორი ის არის-მეთქი. მაინც ამოთქვა: სპექტაკლისა ბევრი ვერაფერი გავიგე, აი, სიმღერები კი ფანტასტიურია, მაგრად მღერიანო. ,,ჰოო, მაგის ავტორი ქართველი ხალხია-მეთქი“.მაყურებელთან გამომშვიდობებისას მსახიობთა მიერ ნამღერი ,,მრავალჟამიერის“ ერთი ჰანგი წაიმღერა და წავიდა.
* *
ჟენევას ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს, მაგრამ ციურიხს სილამაზეში ვერ გაეჯიბრება–დიდებულად დაგეგმარებული და ნაგები ქალაქია. მრავალ საუკუნეს ითვლის და მაოცებს ფართო ქუჩები. მაშინვე იცოდნენ ვიწრო ქუჩები ქალაქს ათას სირთულეს რომ უქმნის.?ისეთ სიგანეს აძლევდნენ, საცობები ნაკლებად საგრძნობია, თუმცაღა, ჩვენს დროში დიდ ქალაქებში საცობით ვის გააკვირვებ!
* *
ვერ იტყვი, რომ ჟენევაში, გინდაც ციურიხში, ბევრი ქართველი ცხოვრობს. მის მეზობელ ქვეყნებში ათჯერ მეტია., მაგრამ ჟენევაში მაინც არის ქართული რესტორანი. სამცხე -ჯავახეთიდან წასული ცოლ-ქმარი ემსახურება. მეპატრონე კი ასევე ქართველი სიმპათიური ახალგაზრდა კაცია. აქ დიპლომატიურ სამუშაოზე ყოფილა, სახელმწიფო მოხელედაც უმსახურნია, ვეკითხები, ამოდენა ტერიტორია რომ გიჭირავთ, ალბათ, გადასახადიც დიდი გაქვთ-მეთქი.კი ეგრეა, მაგრამ ამ რესტორნით, რამდენიმე ქართული ოჯახი ინახავსო თავს. კლიენტურა? ქართველობა ცოტაა, აქაურები მოდიან– ქართული კერძები მოსწონთ, თუმცა, რუსი და უკრაინელიც ბევრიაო.. ამათ კარგად იციან, ქართული სამზარეულო და ასეთ შემთხვევას ხელიდან როგორ გაუშვებენ! იმ საღამოსაც ამ რესტორანში ჩვენ რომ მიგვიპატიჟეს, ბლომად იყვნენ. აქ არა მხოლოდ კარგ ხინკალსა და ჩაქაფულს დააგემოვნებ, ,,ნატახტარის “ლიმონათსაც.
* *
რაღა დავმალო: უგვანოთა გზაზე მავალი ქართველნიც არიან. ვერაფერს გააწყობ: ადამიანები თავად ირჩევენ ცხოვრების წესს.
* *
ჟენევიდან ციურიხამდე მატარებლით რომ წახვიდე, ვაგონის ფანჯრიდან ორნახევარი საათი უნდა შესცქეროდე მოვლილ -დავარცხნილ სანახებს. ველები ისეა მოვლილი, ახლად პირდაბანილი გეგონებათ. სადგურებს შორის ყველანაირი სახლი დგას: მრავალსართულიანიცა და შატოებიც. სათბურიც ბევრი ვინახე. ტრასებზე, ისევე, როგორც ქალაქებში, მომცრო , მანევრირებისათვის მოსახერხებელი მანქანები დადიან. ვერ შევამჩნიე რომელიმე მძღოლს სიჩქარის დაშვებული ნორმა დაერღვიოს. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი სურათია–არაფერი განსაკუთრებული. სახლები გორაკებზე შეფენილან, თითქოს ერთმანეთთან დაუბრებულანო, შორი-შორს დგანან..
* *
ამ დღეებმა– ჟენევასა და ციურიხში შეხვედრებმა მეტი სიცხადით დამანახა უკრაინელი ხალხის ტრაგიზმი–ლამის ფეხის ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდნენ ლტოლვილნი. ზოგნი ამბობენ, ომი და დამთავრდება თუ არა, შინ დავბრუნდებითო, რაც ერთობ საეჭვოა: ბევრი უკვე მსახურობს, ბავშვები სკოლაში დადიან, სახელმწიფო მათს საცხოვებლის ქირას უზრუნველყოფს. შერჩებათ ამ ადამიანებს დანგრეულ უკრაინაში დაბრუნების სურვილი?
* *
ჩვენი გამძღოლი ქ-ნი მარია ციურიხში გვეუბნება: თუ ტრამვაით წავალთ, ათ წუთში მივალთ, თუ ფეხით ვივლით, ნახევარი საათი დაგვჭირდება. რომელს ირჩევთო. რასაკვირველია, ფეხით სიარული ვარჩიეთ. დიდებული იყო ღამის ციურიხი, ეს დიდი გემოვნებით ნაგები მდუმარე, მაგრამ მეტყველი შენობები, ლამის ყოველი სახლი თავისებურია, მეზობლისას არა ჰგავს. მანქანები კანტი-კუნტად გაივლიან. არადა, ვერ იტყვი, რომ გვიანი ღამეა. მოსახლეობას უკვე ძინავს– დილას შვიდ საათზე სამსახურში უნდა იყვნენ. სადღაც ტრამვაიმ გაიშრიალა.
* *
სამ საათზე მეტი მომიწია ციურიხის აეროპორტში–ამ პატარა ქალაქში შეყოვნება. პატარა ქალაქია თავისი რესტორნებით, ქუჩებით, ბაზრითაც კი. აეროპორტის ამ ბაზარში ყველაფერია, რაც ბაზარში უნდა იყოს. დავდივარ და ვფიქრობ: აეროპორტში ბაზარი რატომ უნდა იყოს–სანოვაგეს აქედან გაიყოლებენ? ვფოქრობდი, მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვე. თბილისაკენ მქონდა გულისყური. კარგია, მშვენიერია ჟენევაც, ციურიხიც, მაგრამ თბილისი მაინც სხვაა!
Nana Bukia მურად ვაშაკიძე Zurab Antelava Ana Mchedlidze Manuchar Samushia Vakho Kavzharadze Nika Chkhaidze Tornike Chekurishvili Gvantsa Dzadzamia


























