105 წლის წინანდელი ლექსი 26 მაისზე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას შესანიშნავი ლექსით გამოეხმაურა იმხანად 19 წლის გიორგი ლეონიძე (1898-1966), შემდგომში – დიდი ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მომდევნო დღეებში დაწერილი ეს ლექსი, სახელწოდებით “26 მაისი”, პირველად გამოქვეყნდა 1918 წლის 6 ივნისს, გაზეთში “საქართველო”, ხოლო შემდეგ დაიბეჭდა გაზეთში “ბარრიკადი”, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქტორობით ქუთაისში გამოდიოდა. აქვე ვაქვეყნებ გოგლა ლეონიძის ამ ერთ-ერთი პოეტური შედევრის სრულ ტექსტს:
26 მ ა ი ს ი

ვამაყობ, როგორც გულზვიადი მეისრაბარი,
დასისხლულ მარჯნით იჭედება ჩემი სახელი.
ცხელ არმაზიდან ატირდება შავი ძახილი…
აცეცხლებული ტოპაზებით ამაყი სახლი.
მზე პერანგს იცვამს ყირმიზისას – მთებში ნაფარი;
რკინის კვნესაში ხმალსა ჰფერავს მეისრაბარი!..
საწყალ აჩრდილებს, რომ სდიოდათ სუნი მიწისა,
აღარ აცვიათ ტურნირებზე თეთრი რძიანა;
ვეღარ ანახლებთ ხმა სოლომონ ლეონიძისა –
დგებიან როგორც კეისარი ვესპასიანე…
შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს…
- დღევანდელი მზე საქართველოს ისევ მოიტანს.
ნელდება ცეცხლის კოშმარებში ოდრიკალები –
თეთრი ფიქრები მახვევია მადრიგალებად…
და გორგასლანის მელანდება შავი სურათი.
მისრეთი… ჰინდი… ბაბოლონი და ასურეთი.
ჩემსკენ მოჰქრიან იალქნებით: სპარსი, აბაში,
ჩემი სახელი დაიხევა აღტაცებაში.
დღეს სიხარული – ვით ცეკვაში მთვრალი სალომე,
როგორც ეთერის სარეცელზე აბესალომი!..
ქართლოსის ლანდი ბრწყინვალებით გამეთარეშა –
არმაზისაკენ!
ნუღარ წავალთ ლეგა ზამთარში.
ფოტოებზე:
გიორგი ლეონიძე და მის მიერ 1918 წლის 26 მაისის შთაბეჭდილებით დაწერილი ლექსი “26 მაისი”, რომელიც პირველად გამოქვეყნდა იმავე წლის 6 ივნისს, გაზეთში “საქართველო” (ამონაჭერი გაზეთიდან).































