სიზმრად ვნახე წუხელ ტაო
სიზმრად ვნახე წუხელ ტაო,
ტაო – ჩვენი საქართველო,
ჰოი, როგორ მინდა დაო
ტკივილები გავამრთელოთ.
მტკივა, როგორც სამაჩაბლო,
მტკივა, როგორც აფხაზეთი,
ვცდილობ: არ გადავაჭარბო
სათქმელს… შემწედ გვყავდეს ღმერთი.
რა რთულია ხვედრი ერის,
ვართ ცრემლებით დანამული,
მსურს ვიხილო ბედნიერი
ჩვენი მიწა და მამული.
სიზმრად ვნახე წუხელ ბანა,
ბანა – ძველი საქართველო,
ზურგში ჩასცა ბედმა დანა,
მინდა წყლული გავამრთელოთ.
დრო – დროს, დღე – დღეს, თვე – თვეს მისდევს,
აღარ ხარობს ბაღში ნუში,
თუმც მწამს: შეგვეწევა ქრისტე
მშობლიურის სიყვარულში.































