
გურჯი ხათუნი და ჯალალ ედ-დინ რუმის (მევლანა) აკლდამა
პოეტი, თეოლოგი,სუფი მისტიკოსი და სწავლული ჯალალ ედ-დინ რუმი ( جلالالدین محمد رومی) გარდაიცვალა ჰიჯრის კალენდრით 672 წელს. იგი დაკრძალულ იქნა კონიაში. გამოჩენილი თურქი ისტორიკოსი, იბრაჰიმ ჰაქქი კონიალი (İbrahim Hakkı Konyalı) თავის წიგნში ,,Konya Tarihi“ აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მევლანას განსასვენებლის ასაგებად გამოყოფილი 30 ათასი ვერცხლის დირჰემი, ნაგებობის დასასრულებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, მევლანას ერთ-ერთმა საყვარელმა მოწაფემ, თანამოაზრემ და ერთგულმა მიმდევარმა, გურჯმა ხათუნმა და მისმა მეორე მეუღლემ, დიდმა ვეზირმა ფერვანემ (Pervâne Muineddin Süleyman) , შეწირულობის სახით 80 ათასი ვერცხლის დირჰემი გაიღეს. სწორედ გურჯი ხათუნის უშუალო ხელმძღვანელობით აიგო მევლანას ცნობილი აკლდამა – ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ქმნილება – Mevlâna Türbesi, ხუროთმოძღვარ ბედრეთთინ თავრიზელის (Bedrettin Tebrizi) მიერ. შთამბეჭდავი ნაგებობის თავზე აღმართულია ძვირფასი მწვანე ფილებით მოპირკეთებული გამორჩეული ფორმისა და ფერის გუმბათი – Kubbe-i Hadra (მწვანე გუმბათი), რომელიც კომპლექსს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
მევლანას მწვანე აკლდამა, დღეს, კონიის მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს და წლის განმავლობაში, ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.
✅ მევლანას ერთ-ერთი მიმდევარი და პოეტი, შემსედდინ აჰმეთ ეფლაკი (Şems ud-Din Ahmed Eflâki’) თავის ეპისტოლეში გურჯი ხათუნის შესახებ წერდა: ,,იგი იყო იმ დროის დედოფალი, მსოფლიოს დედოფალი და ერთ-ერთი თავდადებული მევლანას დინასტიისა.“
📷 g.janjgava©️





























