Kakha Kvashilava
უნივერსიტეტი დააარსა და რექტორობაც მას ეკუთვნოდა.
მეგობრებიც აძალებდნენ, შენ თუ არა, სხვა ვინო?

იუარა, პეტრე მელიქიშვილია ცნობილი მეცნიერი და მან უნდა ითავკაცოსო.
არ იყო თავად მცირე ასაკისა და არც ნაკლებად ცნობილი იყო, მაგრამ, „…შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და… მოგუეცეს ძლევა…“, კარგად იცოდა და ახსოვდა ქუჯი კოლხელის სიტყვები, ფარნავაზს მცხეთელს რომ უთხრა დიდი საქვეყნო საქმეების წინ.
ცოტა ხანში მაინც მოუწია რექტორობა.
როცა მტერი შემოესია, სტუდენტებს კალმის დადება და იარაღის აღებისკენ მოუწოდა.
ანტიოკუპანტობა არ აპატია ოკუპანტმა.
ძალა აღმა ხნავდა.
მოწაფეებიც აუმხედრა.
წითელი სტუდენტებიც აუმხედრა, დაუსტვინეს ჭარმაგ მეცნიერს, სიბნელიდან რომ გამოამზეურა ჭირნახული სამშობლოს წარსული.
ბრწყინვალე დიდებით განათებული წარსული.
დაუსტვინეს და გული ატკინეს.
გაიღიმა და წავიდა.
„ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი!“
არაფერი დაუშავებია, არაფერი გაუფუჭებია, არავისთვის უვნია.
ის კი საქართველოსთვის ჯვარს ეცვა.
148 წლის წინ აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა.




























