მამა ადამი – ვახტანგ ახალაძე
დროის კაკანათი
გუშინ მთის კალთებზე ტყეს ჩამოცვივდა შემოდგომა
და მერე, ნავახშმევს,
შიშველ, მოხუცის სველი ღაწვებივით
მარტოხელა პარმაღებზე,
კაკლის ხის კენწეროს მოსწყდა თუ
გამხმარი ბალახიდან შემოხტა, შემოსკუპდა
ზამთარი:
უსაშველოდ, უსაშველოდ გაწელილი ღამეები…
მერე, როგორც იქნა, გათენდა,
პირველ მარტს გათენდა გაზაფხული –
ეს კედლის კალენდრის შავ-თეთრმა ფურცელმა უბიძგა
ენძელას!
და სანამ დნებოდა სულ ბოლო ნაფიფქარი
გადაღლილ მდელოზე,
სანამ იშლებოდა გვიანი ყვავილი
კომშის ხის ტოტებზე,
წელიწადს ხელში ჩაელია გაზაფხული.
მოვიდა პაპანაქი.
ისიც ფრრრ!!!…
გაფრინდა,
პირღია დატოვა დროის კაკანათი.
ჩამოდგა შემოდგომა.
იხელთა დრო ქარმა,
წელსაც სულ იოლად აიყოლია ზრდასრული ხეები –
ალვები, ვერხვები…
სარეცხი თოკები, გულები, ლექსები…
ხოლო ძილის წინ ამოყარა დაზამთრება
თოვლისფერ სიპირქუშით.
მარტის პირველ დღეს კი
უთენია გათენდა გაზაფხული!
… მერე ვერაფრით ავუქციე გვერდი აგვისტოს
და დამიღამდა.
2016 წლის 22 აგვისტო.



























