მამა ადამი ახალაძე: მამა ადამი / ჯვარი დასწერე
ო, საქართველო, საქართველო დამილოცე,
მამავ და ზეცავ!
სისხლისგან დაცლილს ჩემ სამშობლოს ოთხივ კუთხით
აკურთხებს მზეცა.
ლიხის ქედიდან ღრუბლებამდის ასვეტილი
გოდებს სანათა,
იმისმა კვნესამ, თუ ჯგირაგის ფარის ძალამ –
რამ გაანათა?
ქართველის გული, მისი სული დამილოცე,
საბაოთ ღმერთო!
იქნების, წამლად აფხაზეთი, სამაჩაბლო
შემოგვიერთო!
მაშინ ბალღობის გაწყვეტილი კინოფირი
განმეორდება,
თორემ წარსული ლურჯ ტალღებზე ჩამოწოლილ
ღამეს შორდება.
ცა დღევანდელი, მომავალიც დამილოცე,
ქრისტე უფალო!
ტყე–მიწას, ყანას მადლი აცხე, წყალს და წვიმას,
რიყეს უბრალოს…
მტრებმა ჰერეთის, ოთხთას, სხალთას, ტაოს გული
ჯავრით დასერეს…
ცის თაღს მიღწეულ შხარას ცხრა თავს,
თეთნულდს, ჯანღას
ჯვარი დასწერე!
ღალატით დაღლილს ჩემ თეთრ მამულს ეხუტება
იმედად მზეცა,
ჭირისგან ქართლის გადარჩენას ჭირისუფლებს
ჰპირდება ზეცა!
ლიხის ქედიდან ღრუბლებამდის ასვეტილი
გოდებს სანათა,
იმისმა კვნესამ, თუ ჯგირაგის ფარის ძალამ –
რამ გაანათა?
აპრილი, 2012


























