რა ვიცით ამ ქვეყანაზე, რომელიც ირანს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, პაკისტანს, ინდოეთსა და ჩინეთს შორისაა მოქცეული?
ბევრი არაფერი. ძირითადად, მხოლოდ: ომი, ნარკოტიკი, ტერორიზმი, თალიბანი, ალ-კაედა…
მხოლოდ, ნეგატივი.
არადა, ჩვენი ისტორიაც რომ დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან, ამ ხალხთან. გიორგი სააკაძის ბრძოლა, ირანის ლაშქრის შემადგენლობაში, ყანდაარისათვის; ამბობენ, ქართველთა შთამომავლებიც ცხოვრობენ მანდ.
უნდა ვთქვათ, რომ ავღანები დიდ პატივს სცემენ ქართველებს და არცთუ უმიზეზოდ. დაახლოებით, სამოცი წლის მანძილზე ამ მხარეს ქართველი ბეგლარბეგები მართავდნენ, რომელთა შორის ქართლის ორი მეფე გიორგი XI და ქაიხოსროც იყო. სამწუხაროდ, ორივე მანდ აღესრულა.
მცირერიცხოვანი ქართველების მრავალრიცხოვან ავღანებთან გმირული შერკინებით გაკვირვებულ მირ ვეისს, თადეუშ კრუშინსკის მოწმობით, უთქვამს: „სპარსელები დიაცნი არიან ავღანებთან შედარებით, მაგრამ ავღანნი დიაცნი არიან ქართველებთან შედარებით“.
აქაც გვყავდნენ ავღანი მეციხოვნეები…
შემდეგ იყო გასული საუკუნის 80-იანი წლები…
ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გამოყვანამდე, მანდ ჩვენი სახელოვანი ჯარისკაცები ებრძოდნენ ტერორიზმს, რომელმაც დაიპყრო შუა აღმოსავლეთის ეს უძველესი კულტურისა და ისტორიის ქვეყანა, და საერთაშორისო უსაფრთხოების სადარაჯოზე იდგნენ.
მოკლედ, შორს კი ვართ ერთმანეთისაგან, მაგრამ ბედის ბორბალმა მაინც დაგვაკავშირა. თუმცა, დღეს უკვე ბევრი რამ არ ვიცით. უფრო სწორედ, არც არაფერი ვიცით. საკუთარი პრობლემებით დამძიმებულთ, ალბათ, დიდად არც გვაინტერესებს ავღანეთი.
აღმოსავლეთის ისტორია ბავშვობიდან მიტაცებდა. მიზიდავდა მისი მისტიკურობა, ზღაპრულობა, რომელიც ჩემთვის ჩვეულ გარემოში უკვე აღარ იყო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ავღანეთის ისტორიით დავინტერესდებოდი და აგერ უკვე 20 წელზე მეტია ამ ქვეყნის წარსულზე ვმუშაობ.
ერთხელ, ავღანეთის შესახებ ლექციაზე სტუდენტი მეკითხება, რატომ დავიწყე ამ თემაზე მუშაობა. პასუხი მარტივია: ჩვენ მეზობლები არ ვართ, არც საერთო წარმომავლობა გვაქვს, არც ერთიან პოლიტიკურ-კულტურულ სივრცეს მივეკუთვნებით, მაგრამ ერთმანეთს გვაკავშირებს ძლიერ დამპყრობელთან მუდმივი ბრძოლა საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.
ავღანეთისათვის არცერთი საუკუნე არ ყოფილა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ადვილი, აღმშენებლობის. მას მუდმივად უტევდნენ. ავღანეთი მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის მსხვერპლია. ვინც ამ ტერიტორიას აკონტროლებს, მის ხელთაა მთელი შუა აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია.
მეოცე საუკუნე ავღანეთისათვის შავი და თეთრი ხაზების რიგითობაა. ასე აეწყო. განათლებას, პროგრესს, რეფორმებს, მაშინვე თან სდევდა შუასაუკუნეობრივი სიბნელის, რეგრესიის, რეაქციის დაბრუნება. შემდეგ ისევ პროგრესის მცდელობა, რომელსაც აუცილებლად რეგრესი მოჰყვებოდა უკან.
ცივმა ომმა მთელი პლანეტა მოიცვა და, ბუნებრივია, ვერც ავღანეთი აიცდენდა მის სუსხს. მართლაც, გასული საუკუნის შუახანებში მოჰამად დაუდის მიერ დაწყებული რეფორმები და მცდელობა, ავღანეთი სსრკ-ს გავლენიდან გამოეყვანა, ცივი ომის რეალიებში, მარცხით დასრულდა. დაუდიც დაიღუპა, მისი რეფორმებიც გაუქმდა.
ხელისუფლებაში პრომოსკოვური ძალები მოვიდნენ. თუმცა მათი ლოიალობაც კრემლისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა და 1979 წლის მიწურულს ავღანეთში ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო, რომელსაც ლამაზი სახელი უწოდეს „ინტერნაციონალური ვალი“. არ სჭირდებოდა ავღანს ამ გაურკვეველი „ვალის“ დაბრუნება. არ სჭირდებოდა, მაგრამ მას ვინ ეკითხებოდა. მართალია, არც არავინ ეკითხებოდა, მაგრამ ავღანი საკუთარ მიწაზე უცხო ჯარს ვერ ჰგუობს…
1979 წლის მიწურულიდან ავღანს იარაღი არ დაუდია. უფრო სწორედ, ვერ დადებდა, რადგან შექმნილმა ვითარებამ ამის შესაძლებლობა არ მისცა: იმიტომ როდი ვიბრძვი, რომ მიყვარს. ვიბრძვი, რადგან იძულებული ვარ, – უთხრა უცხოელ მკვლევარს ერთ-ერთმა საველე მეთაურმა.
ავღანეთში მოგზაურობა ტანკების სასაფლაოზე ხეტიალს ჰგავს…
ომმა მკაცრი გახადა სტუმართმოყვარე ავღანი: „განუწყვეტელი ომები, რომლებიც მათ უნდა გაემართათ, რათა გადარჩენილიყვნენ, ასევე ცხოვრება მკაცრ მთებსა და კლდოვან უდაბნოში, იმის აუცილებლობა, რომ სხვისთვის აუტანელ პირობებში, შიმშილში, სიცხესა და სიცივეში ეცხოვრათ, მათი ხასიათი იმ კლდეებივით მკაცრი გახადა, რომელიც მათი ბუნებრივი მოკავშირე გამხდარიყო. ასეთ პირობებში ცხოვრება შეეძლოთ მხოლოდ მებრძოლ, ძლიერ, გამობრძმედილ ხალხს. სუსტები, მშიშრები აქ ვერ გაძლებდნენ. ამ უკანასკნელთ არც იმ სამოთხეში ცხოვრების უფლება ექნებოდათ, სადაც ავღანთა რწმენით, მხოლოდ ვაჟკაცები ხვდებიან, უპირველეს ყოვლისა კი ისინი, რომლებიც დაიხოცნენ არა აუცილებლად მოწამეობრივი სიკვდილით, მაგრამ გმირულად. მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მეომრები ავღანელები იყვნენ. უცხოელები მათზე ძალზე დიდი სიფრთხილით საუბრობდნენ და წერდნენ, რომ ისინი უფრო საშიში არიან, ვიდრე ავღანური გველები, შხამიანი ობობები და მორიელები. ისინი მხოლოდ ბრძოლასა და ხოცვაში როდი პოულობდნენ სიამოვნებას. რწმენის, თავისუფლების, მიწის, ღირსების დასაცავად გადახდილი ომი და მასში მონაწილეობა მათი ცხოვრებისათვის რაღაც ბუნებრივი შექმნილიყო. ავღანელს ომის არ ეშინია. ის იბრძვის ყოველგვარი ემოციის, ზიზღის გარეშე. იბრძვის ისე, თითქოს რაღაც მოვალეობას ასრულებდეს. მათ ის კი იცოდნენ, თუ რა არის ომი, მაგრამ წარმოდგენა არა ჰქონდათ იმაზე, თუ რატომ ხდება ის ისეთი არასერიოზული მიზეზების გამო, როგორსაც პოლიტიკა ან იდეოლოგია წარმოადგენს. ვერასდროს ვერ შეძლეს ასევე იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ამაში ფული აიღო. ამ გაუგებრობის შედეგი კი ის იყო, რომ ავღანეთში, ომების ქვეყანაში, არასოდეს არ დაუსაქმებიათ დაქირავებული ჯარისკაცი. ავღანელებს შორის ომი მხოლოდ მაშინ იწყებოდა ხოლმე, როდესაც რომელიმე შაჰი ან უცხო მომხდური ქვეყანაში საუკუნეობრივ წონასწორობას დაარღვევდა. ავღანელებს სწამთ, რომ როდესაც უფალმა ღმერთმა სამყაროს შექმნა დაასრულა, გაკვირვებულმა ნახა, რომ კიდევ დარჩენოდა რაღაც-რაღაც ელემენტები და ფრაგმენტები, არც თუ ისე კარგად იცოდა, თუ რა უნდა ექნა მათთვის, ამიტომ ცოტა შეფიქრიანებულმა ისინი მუჭაში მოაქცია და მიწაზე ჩამოყარა. მცირე ხანი უყურებდა, თუ როგორ ცვიოდნენ, ხოლო შემდეგ ჩაიბურტყუნა: „აქ ავღანეთი იქნება“.
ისლამური ქვეყანაა ავღანეთი. ისლამი განსაზღვრავს ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მთელ ყოფას. ავღანისთვის ყველაფერი ამ სარწმუნოებას უკავშირდება.
მოჰამად დაუდის ლაიცისტური საზოგადოების მშენებლობის იდეაც და უპოვართათვის კომუნისტთაგან მიწების დარიგების მცდელობაც ვერ მიიღო კონსერვატორმა ავღანმა, ვერ გაიგო. თავიდან თურქეთშიც ძნელად მიმდინარეობდა ათათურქის მიერ ინიციირებული ცვლილებები მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში, მაგრამ თურქეთი სხვა გარემოში იმყოფებოდა და ქემალიზმმა იმარჯვა. ავღანეთში კი სხვა რეალობა იყო. ალბათ, დაუდს რომ დასცლოდა, იქაც რაღაც სერიოზული შედეგი დადგებოდა. მაგრამ ისტორიული განვითარების ანალიზს არ უყვარს და არც შეეფერება „ალბათობის“ კატეგორიით მსჯელობა.
1990-იანი წლები გარდამტეხია ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში. საბჭოთა ოკუპაციისა და პროკომუნისტ ძალთა ბატონობისაგან განთავისუფლებული ავღანეთი ახალი ცხოვრებას იწყებდა, რომელიც ისლამის სწავლებას უნდა დაფუძნებოდა. ყოფილი მოჯაჰედების ხელისუფლება დამყარდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ მათი იდეოლოგია კარგი იყო ოპოზიციის მდგომარეობაში, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნა დღის წესრიგში სხვა რეალიების გათვალისწინების ვალდებულებას ჰქმნიდა. ამიტომ, ბუნებრივია, ხდებოდა მათი პოლიტიკის, მიზნების გარკვეული კორექცია.
ჰოდა, მათაც გაუჩნდა სერიოზული მოწინააღმდეგე. საერო ცხოვრების აპოლოგეტებში არ ეძებოთ. კი, მათაც არ მოსწონდათ ავღანეთის ამგვარი რეალობა, მაგრამ ავღანელი ლაიცისტების წონა უკვე მიზერული იყო. ჰოდა, ახალი სერიოზული წინააღმდეგობა საბჭოთა ოკუპაციის დამმარცხებელ წმინდა ომის ვეტერანებს მათსავე მოკავშირეებში გამოუჩნდათ – ყანდაარიდან, ძველი ავღანეთის პოლიტიკური ცენტრიდან თალიბები წამოვიდნენ.
„სტუდენტები//მოსწავლეები“ (ასე ითარგმნება პაშტოდან „თალიბანი“) ისლამური სკოლების – მედრესეების – მოსწავლეები იყვნენ. მათი უმრავლესობა საბჭოთა აგრესიის მსხვერპლი იყო – დაობლებული, ოჯახდაკარგული, უსახლკარო, დევნილი…
ამგვარი მოზარდებისაგან ახალი შეიარაღებული რაზმი შეიქმნა. იდეოლოგია კი – რადიკალური ისლამიზმი. მიზანი – წინასწარმეტყველ მუჰამადის დროინდელი ცხოვრებისეული წესის დამკვიდრება ავღანეთში. ამას კი სოციალური თანასწორობა უნდა მოეტანა გაჭირვებული ქვეყნის მოსახლეობისათვის.
წლების მანძილზე ომებით, ძალადობით და უსახსრობით შეჭირვებული ავღანთათვის თითქოს შვება დადგა. მაგრამ საფასური ძალიან ძვირი დაუჯდათ. თალიბთა მეთოდები და პოლიტიკა იმდენად სასტიკი იყო, რომ ისლამური სახელმწიფოებიც კი ვერ ბედავდნენ მათ გულშემატკივრობას.
კომფორტული ცხოვრება ავღანებს ისედაც არ ჰქონდათ, მაგრამ „სტუდენტთა“ პურიტანიზმი აუტანელი იყო. ამ უკანასკნელთ კი სხვანაირად არ შეეძლოთ. მათ სხვა ცხოვრება არც იცოდნენ: „რადგან ოჯახური სითბო მათთვის უცხო იყო, არც მის მიმართ გაგება და პატივისცემაც ჰქონიათ. თალიბთა სამყარო იყო სამხედრო ბანაკი და ბრძანების შესაბამისად ცხოვრება. მამაკაცების სამყარო. არ იცოდნენ, რა იყო ქალი. თითქოს ბავშვები აღარ იყვნენ, მაგრამ აღარც დიდები ეთქმოდათ. ბევრ მათგანს ქალის სახეც კი არა ჰქონდა დანახული. ანდა სად უნდა ენახა? ტომობრივი კანონი კრძალავდა შვიდი წლის შემდეგ გოგოებისა და ბიჭების ერთად ყოფნას. ამ დროიდან, ვიდრე ქალის დანიშვნამდე ახალგაზრდა კაცს ქალთან, გარდა ოჯახის წევრისა, არავითარი კონტაქტი არ უნდა ჰქონოდა. ქალს სახიდან ჩადრის მოხსნის უფლება ჰქონდა მხოლოდ სახლში, უახლოესი ნათესავების გარემოცვაში. რადგან თალიბები ოჯახში არ იზრდებოდნენ, ხოლო იმის შანსი, რომ ოდესმე საკუთარ ოჯახს შექმნიდნენ, მიზერული იყო, ქალი მათთვის თითქმის მითიურ არსებად რჩებოდა. სიყვარული, სევდა, გრძნობა, წყურვილი – ეს ისეთი გრძნობები იყო, რომ მას თუ გრძნობდნენ, არ უწყოდნენ, რა ექნათ მისთვის. არ იცოდნენ, საიდან გამომდინარეობდა ის, საით მიჰყავთ ადამიანი, როგორ ჩაეხშოთ ის საკუთარ არსებაში. ან დაეწყნარებინათ მაინც. ეს უცოდინრობა კი შიშს, შიში აგრესიას წარმოშობდა. უცოდინრობა, შიში და აგრესია იყო ის საფუძველი, რომელზედაც თალიბებს ღვთის სახელმწიფო უნდა დაეშენებინათ“.
„სტუდენტები“ ყველაფერს მტრობდნენ და ანგრევდნენ, რაც ისლამს არ უკავშირდებოდა. მალე მათ მიმართ შიში ჩამოუყალიბდა ავღანს. შიშმა კი ვერ შექმნა სიყვარული, უფრო პირიქით. ალბათ, ბევრი ავღანი ჩუმად, მეზობელსაც რომ არ გაეგო, ევედრებოდა ყოვლადმოწყალეს გაეთავისუფლებინა ავღანეთი ასეთი ტანჯვისაგან.
„ავღანეთი ხომ გამუდმებული ლოდინის ქვეყანაა. ყოველთვის, ყველგან და ყველაფერზე. ესაა საათები ჭიქა ჩაის მოლოდინში, საუბარი არაფერზე, უმეტესად კი მდუმარედ გატარებული, აქეთ-იქით ცქერაში. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავღანეთში არაფრის გამო არავინ არასოდეს არ აჩქარდება. აქ ყოველთვის ყველაფერზე აქვთ დრო. შემდეგ მივხვდი, რომ ქვეყანაში, სადაც არაფერი არ მუშაობს, მცხოვრებლებს არავითარი საქმე არა აქვთ გასაკეთებელი“.
————
P.S. რამდენიმე წლის წინ ითარგმნა ერთი კარგი წიგნი ავღანეთის უახლესი ისტორიის შესახებ. მთარგმნელმა მთხოვა, წიგნისთვის შენიშნვნები, კომენტარები დამერთო და შესავალი წერილი დამეწერა. ეს პოსტი ამ წერილის ფრაგმნეტია.
წიგნი მალე გამოიცემა. ამიტომ ჯერ არც მის სახელწოდებას, ავტორსა და მთარგმნელს დავასახელებ. მეც ძალიან ველოდები მის გამოცემას






























