ყარაბაღის შთაბეჭდილებები, ნაწილი VII – ვინ რას აკონტროლებს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ
Zura Batiashvili: ყარაბაღსა და მის გარშემო არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის უკეთ აღსაქმელად ეს რუკა დაგვეხმარება.
მასზე თეთრ-წითელი წყვეტილი ხაზით დატანილია ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორია. პირველ და მეორე ომის მსვლელობისას ბრძოლები წარმოებდა როგორც ამ ხაზის შიდა, ისე – გარე ტერიტორიებზე.
ამიტომ პირველ ომში სომხური მხარის გამარჯვების გამო მათ კონტროლქვეშ საერთო ჯამში 12 რაიონი მოექცა (აქედან 5 ყოფილი ავტონომიის შიგნით, ხოლო 7 – მის გარშემო ტერიტორიებზე).
ყვითელი ფერით აღნიშნულია ის ტერიტორიები, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის მეორე ომის დროს ბრძოლებით დაიბრუნა (ესაა 6 რაიონი – შუშა, ფიზული, ჯებრაილი, ზენგილანი, ქუბადლი და ჰადრუთი).
რუკაზე მწვანე ფერით აღნიშნულია ის ტერიტორიები, რომელზეც კონტროლი აზერბაიჯანულმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგად დაამყარა – სულ 3 რაიონი – ქელბაჯარი, ლაჩინი (გარდა კორიდორისა) და აღდამი.
საერთო ჯამში აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 9 რაიონზე.
სომხური მხარის კონტროლქვეშ კი დარჩა 3 რაიონი ყოფილი ავტონომიის შიგნით – სტეპანაკერტის (ხანკენდი), მარტუნის (ხოჯავენდი) და მარტაკერტის (აღდერე), რაც რუკაზე ლურჯი ფერითაა აღნიშნული.
წითელი ისრით აღნიშნულია სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი, რომელსაც რუსული ე.წ. “სამშვიდობო ძალები” აკონტროლებენ. რუსები ასევე დგანან ლურჯი ფერის გასწვრივ ყველა იმ ადგილზე, სადაც შეხებაა აზერბაიჯანულ მხარესთან.
ჩვენ ვიმყოფებოდით იმ 6 რაიონში (შუშა, აღდამი, ჯებრაილი, ფიზული, ზენგილანი და ჰადრუთი), რომელიც რუკაზე წითელი ფერითაა მონიშნული.
შესაბამისად, ამ დღეებში ჩემს მიერ აღწერილი შთაბეჭდილებები უფრო ამ 6 რაიონს ეხება. მაგრამ სავარაუდოდ, მსგავსი სიტუაციაა დანარჩენ 3 რაიონშიც, რომელზეც აზერბაიჯანმა კონტროლი აღიდგინა.
ამ ვიზიტისას, გასაგები მიზეზების გამო ზუსტად ვერ გავიგებდით, რა სიტუაციაა სომხურ მხარეს. თუმცა, ზოგადი კონტურების შემჩნევა მაინც შესაძლებელია.

(გაგრძელება იქნება)
































