Kakha Kvashilava : ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა, მაგრამ მაინც ამ პოსტის დაწერა ვარჩიე.
გუშინ ერთი მეგობრის პოსტზე ერთი ცნობილი მეცნიერი კომენტარი წავიკითხე, ირანში გადასახლებული ქართველები, თურმე, ნებით და, ლამის, ტაშ-ფანდურით გადასახლებულან. ირანმა მთელი რიგი შეღავათები მისცა და აბა აქ რა უნდოდათო? თუ ძალით გადასახლებული არიან, რატომ-ღა არ დაბრუნდნენ შემდგომ და ან ახლაო?
რამდენიმე კითხვაზე ვუპასუხე (პროფესიონალი ისტორიკოსი არაა, თუმცა ჩვენი ისტორიის „გააზრებას“ ცდილობს) და მომიჭრა: ეს ყველაფერი საბჭოური პროპაგანდიდანააო.
მოკლედ, როცა პასუხი არ გაქვს, უთხარი ოპონენტს „საბჭოური პროპაგანდიდანაა“ და მორჩა, კამათი დასრულებულია.
ჩვენი ბატონი დაეკითხოს ჩვენს უძვირფასეს ფერეიდნელ თანაფესვებს (მადლობა ღმერთს, თანდათან უბრუნდებიან სამშობლოს), როგორ მოხვდნენ იქ, როგორ იცხოვრეს, როგორ გაძლეს და როგორ მოვიდნენ დღეს მტრულ გარემოში მოხვედრილნი ჭეშმარიტნი ქართველნი.
იქ, სადაც ჩაასახლეს, არსებული ურთულესი გეოკლიმატური და მარბიელ ავღან-ბელუჯთა მუდმივი შემოსევების ფონზე, მათი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო. მაგრამ გადარჩნენ და ფეხზე დადგნენ. აყვავებული კახეთიდან გაუდაბურებულ სპარსეთში ჩასახლებულმა ქართველებმა უდაბნო ოაზისად აქციეს
მათი პირველი ჩამოსვლა მე-19 საუკუნის მიწურულს ფიქსირდება. მანამდე როგორ ჩამოვიდოდნენ, როცა, ლამის რეზერვაციაში იყვნენ და შედარებით თავისუფლება მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მიიღეს. ისიც შედარებით.
მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე, ფერეიდნელთა ნაწილი კახეთში ჩამოასახლეს. ცნობილი ქართველი თურქოლოგი ო. გიგინეიშვილი წინააღმდეგობას უწევდა მათ დასახლებას ქრისტიან თანამოძმეთა. არ უსმინეს უღმერთო კომუნისტებმა, რა დროს ისლამი და ქრისტიანობააო და მოხდა ის, რისიც ბატონ ოთარს ეშინოდა. მუსლიმურ გარემოში ლამის 4 საუკუნის მანძილზე აღმოჩენილმა ქართველებმა ვერ გაუგეს ქრისტიან თანამოძმეებს. ამ უკანასკნელებმა კი მათ „თათრები“ უძახეს და აიბარგნენ გულნატკენნი ჩვენი თანაფესვები და წავიდნენ იქ, სადაც მათ „გორჯებს“ ეძახდნენ. სადაც მათ სარწმუნოების დათმობა მოუწიათ, რომ ენა და, აქედან გამომდინარე, ქართული ცნობიერება შეენარჩუნებინათ.
რა შორს წავიდეთ და აფხაზეთიდან დევნილებს რომ ზოგიერთი გვაყვედრებდა, აქ რას მოეთრეოდითო, ეს ჩვენ ჯერ არ დაგვიწყნია. თითქოს, მთელი აფხაზეთი ენგურსგამოღმა ცხოვრებაზე ოცნებობდა…
ფერეიდნელებს დაბრუნება შეეძლოთ, ჩვენ, კი, სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა არ გვაქვს, ბატონებო…
ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ აქ შევჩერდები. ერთს დავამატებ. აი, ხელაღებით ქართული საბჭოური ისტორიოგრაფიის უგულებელყოფა არ შეიძლება. ჩვენი დიდი მასწავლებლები მეცნიერების ძალიან მაღალ მწვერვალებზე ავიდნენ თავიანთი გარჯით, შრომით და სამშობლოს სიყვარულით.
დღეს ეს „ევროპული“ „გააზრება“ ისევე გაყალბდა ზოგიერთი მკვლევრის ხელში, როგორც ევროპეიზმის იდეა ჩვენი პოლიტიკოსების გადამკიდე. ჰოდა, დავანებოთ სამშობლოს ნგრევას. ეს არაა ის მდგომარეობა, „მოყვარეს პირში უძრახეო“. ეგ უკვე სხვა რამეა.
საბჭოური ისტორიოგრაფიისადმი ერთი პრეტენზია მაქვს მხოლოდ: აფსუებს ისტორია რომ ვაჩუქეთ და სახელმწიფოებრიობის განცდა რომ შევუქმენით. აი, სწორედ იმის გამოა, მე დღეს თბილისში ვარ და არა – სოხუმში, რომელიც ყოველ ღამ მესიზმრება. იმ მეცნიერს, იმედია, ესმის ჩემი და უბრალოდ, არაისტორიკოსობით, დაასკვნა, რომ ასეულ ათასი ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი გზად დაიღუპა, თურმე, თავისი ნებით, სიკეთის და კარგი ცხოვრების ძიებაში გადასახლებულან შორეულ ფერეიდანში. ასეთი დასკვნებით, ნუ დავკარგავთ იმათ, ვინც ცისარტყელას გავლას ცდილობს, სამშობლოში დასაბრუნებლად.

























