დაც გყავს, ძამიკო?!
ის, რაც მწერალთა კავშირში მოხდა, დღესაც შეძრწუნებას იწვევს.
გალაკტიონი რამდენიმე ბახუსისმოყვარულ, რიგით მწერალთან ერთად სხდომაზე დაიბარეს – ლოთობით საბჭოთა მწერლის სპეტაკ სახელს არცხვენთო.
ვერ მოითმინა ეს სიტყვები გალაკტიონმა და სხდომის თავმჯდომარეს – ირაკლი აბაშიძეს განწირული ხმით შეუძახა:
– მხეცო! მხეცო! ვის უბედავ მაგას!
ირაკლის ხმა არ გაუღია. მხოლოდ გრიშაშვილს უთქვამს შეშფოთებით:
– ამათთან ერთად დაბარება გალაკტიონს როგორ აკადრეთო.
ამ ამბავს, როგორც ჰყვებიან, ნაკლებად შემაძრწუნებელი, თავშესაქცევი გაგრძელება აქვს.
გაბრაზებული გალაკტიონი დამთვრალა და ირაკლისთვის დაურეკავს. ახლობელი და ნათესავი არ დაუტოვა თურმე, რომ არ ეგინებინა. რას იზამდა მწერალთა კავშირის მრავალნაცადი თავმჯდომარე, გინებაში ხომ არ აჰყვებოდა მთვრალ პოეტს?! მხოლოდ მონოტონურად იმეორებდა: მდა, მდა, მდა…
– აა, დაც გყავს, ძამიკოო?! – მოუნაცვლა გალაკტიონმა და ახლა ამ მიმართულებით გააგრძელა მოსაუბრის „შემკობა“.
/წიგნიდან: „გალაკტიონი უცენზუროდ“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2022/
ფოტოზე (მარჯვნიდან მარცხნივ): გალაკტიონი, სერგეი მიხალკოვი, ირაკლი აბაშიძე.
ნათია სიხარული


























