ინტერვიუ
საქართველოს გენერალურ კონსულთან სტამბოლში ქალბატონ ინგა კიკვაძესთან
მაია მჭედლიძე უზალ :
მოგესალმებით ქალბატონო ინგა, მიხარია რომ მოგვეცა პირადად შეხვედრის და საუბრის საშუალება . დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, პირადი შეხვედრები, ვიზიტები და რეალური ურთიერთობები სანატრელი გახდა. დამეთანხმებით ზოგადმა საპანდემიო სიტუაციამ ბევრი რამ შეცვალა , როგორც ადამიანების ურთიერთობაში ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე. ჩვენი პირველი კითხვაც რაღათქმა უნდა ვირუსთან დაკავშირებული იქნება. დღეს მთავარი თემა კოვიდ 19 და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია , როგორ გაართვა თავი პანდემიის პირველ და ყველაზე რთულ ნაწილს საქართველოს საკონსულომ სტამბოლში, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ჩვენი საკონსულო, იყო თუ არა 2020 წლის გაზაფხული განსხვავებული და უჩვეულო, რას გვეტყვის ამ ყველაფერზე ქალბატონი ინგა კიკვაძე, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში, თურქეთის რესპუბლიკაში?
ინგა კიკვაძე:
მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა ჩემი სიმპატია დავაფიქსირო და ვთქვა, რომ ,,ქართული ამბების პორტალი’’ საოცრად საინტერესო ინტერნეტ გვერდია, წარმატებას გისურვებთ მომავალშიც, საჭირო და დროული იყო ასეთი საინფორმაციო საშუალება.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიახ პანდემიის პირველ შემოტევას შეიძლება ეწოდოს, ურთულესი ძალიან მძიმე პერიოდი. ყველა გაურკვევლობამ და შიშმა შეიპყრო, ადამიანები, სახელმწიფო მოხელეები, სახელმწიფოებიც კი გაურკვევლობაში იყვნენ. საქართველოს საკონსულო სტამბოლში ყველაფრის მიუხედავად იდგა მოწოდების სიმაღლეზე და ვიბრძოდით, როგორც და რამდენადაც შეგვეძლო. ყველანი ადგილზე ვიყავით . ყველა თანამშრომელი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა. შევეცადე გამეყო კოლექტივი და მორიგეობით გვემუშავა, რადგან სარისკო ხდებოდა ერთ დახურულ სივრცეში რამდენიმე ადამიანის ერთდროულად ყოფნა სამუშაო გრაფიკში. მოგეხსენებათ არანაირად არ შეიძლება შეჩერდეს საკონსულო ფუნქციონირება, ამიტომაც თანამშრომლების ერთი ნაწილი სახლიდანაც მუშაობდა. ჩვენი საკუნსულო მოქალაქეების სამსახურში იდგა, ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა, პირიქით უფრო დაძაბულ რეჟიმში მოგვიწია მუშაობა. სამშობლოში დაბრუნების მსურველი 3700 მდე საქართველოს მოქალაქე იყო თურქეთში, ჩვენ საკონსულოებმა საქართველოს საელჩოსთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის რეჯიმში, მოვახერხეთ და დავაკმაყოფილეთ ჩვენი მოქალაქეების სურვილი, პანდემიის პირობებში დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. რაღა თქმა უნდა ყველა მათგანის ფინანსური უზრუნველყოფა წარმოუდგენლად რთული იყო , რადგან არ არსებობდა ამის რესურსი.
თუმცა იყვნენ ისეთებიც ვისი გამგზავრებაც უზრუნველვყავით ფინანსურადაც, ასევე გავაკეთეთ კორიდორი, ვიქირავეთ ავტობუსები, რომლითაც გავამგზავრეთ მოქალაქეები სამშობლოში. ვირუსის გავრცელებას და პანდემიის გამოცხადებას მოჰყვა უმუშევრობა, უამრავი ადამიანი დარჩა უსამსახუროდ… რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევძლებდით მათ სრულ ფინანსურ უზრუნველყოფას უცხო ქვეყანაში, მაგრამ საქართველოს საკონსულო ცდილობდა მხარში ამოდგომოდა, ყველა ადამიანს, მოგეხსენებათ ჩვენს კომპეტენციაში მათი საქართველოში გამგზავრება და ოჯახებისთვის დაბრუნება შედის, ვთვლით რომ ეს შევძელით. ამ მხრივ დაკმაყოფილებული იქნა ყველა მოქალაქის სურვილი, ვისაც თავად სურდა დაბრუნება საქართველოში კოვიდ 19 პანდემიის პირველი რთული ტალღის დროს. ამ ყველაფერს თან ახლდა უამრავი ფორმალობა, სირთულე დოკუმენტების სისრულეში მოყვანისათვის, რადგან ბევრ მოქალაქეს დასაბრუნებელი დოკუმენტაცია არ ქონდა წესრიგში. ჩვენი მთავარი საზრუნავი გახლდათ მათთვის ეტაპობრივად ნებართვის მოპოვება. გვიწევდა სიების შედგენა, ამის შემდეგ ვაგვარებდით ნებართვის მოპოვების ფორმალურ პროცედურას, რაც ურთულესი იყო იმ პირობებში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მოქალაქეებთან ერთად ვაღამებდით და ვათენებდით. გასამგზავრებელი ბილეთის შეძენა, ეს იყო უკვე მომზადებულ ფონზე, ყველაზე მარტივი პროცესი.
ასევე ბილეთიც შევუძინეთ და უფასოდაც გავამგზავრეთ მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა. მინდა მადლიერების გრძნობა გამოვხატო ჩემი ქვეყნის მიმართ, საქართველომ მართლაც რომ შეუძლებელი შეძლო! ჩვენმა ქვეყანამ შეძლო დამდგარიყო საკუთარ სიმაღლეზე, მართლაც ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა მოქალაქეები ყოფილიყვნენ დაცული და არ ეგრძნოთ თავი მიტოვებულად პანდემიის ასეთი პანიკის პირობებში. გასაოცრად რთული პერიოდი გამოვიარეთ, რა თქმა ეს არის ყველაზე უჩვეულო, დიდი გამოწვევებით სავსე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი , პანდემია ჯერ არ დაგვიმარცხებია… ჩვენ ყველანი ერთად ვაგრძელებთ მასთან ბრძოლას, თუმცა დღესდღეობით სიტუაცია გაუმჯობესდა, ვინაიდან ვიცით რასთან გვაქვს საქმე. დამეთანხმებით ნელ-ნელა ვსწავლობთ გავუმკლავდეთ პრობლემას , რომელიც საყოველთაოა . ვემორჩილებით ისევ და ისევ თურქეთში არსებულ დირექტივებს, რადგან ჩვენ ამ ქვეყანაში ვიმყოფებით და ვალდებული ვართ დავიცვათ ყველა ის წესი, რასაც დაგვიწესებს თურქეთი.
მაია მჭედლიძე უზალ:
ქალბატონო ინგა თქვენ ახსენეთ მადლიერება…პანდემიის პარალელურად ადამიანები პანიკაში ვარდებიან, ყველას და ყველაფერს დაუცველობის, შიშის სინდრომი იპყრობს. როგორ ფიქრობთ როგორები იყვნენ ადამიანები თქვენს ირგვლივ, როგორც იტყვიან ასეთ დროს ყველა საკუთარ სახეს და თავს ამჟღავნებს… რა გამოცდილება მიიღეთ თქვენ როგორც კონსულმა და როგორც ადამიანმა პანდემიის აფეთქების კვალდაკვალ?
ინგა კიკვაძე:
მინდა გითხრათ, რომ იყვნენ ყველანაირი ადამიანები. ისეთები უფრო მრავლად არიან ვისაც ყოვლისშემძლე გონიხარ, ხომ გესმით რახან კონსული ხარ ესე იგი ხარ ყოვლისშემძლე! – ნეტა ასე იყოს (იღიმის), მეტის გაკეთების სურვილი ჩვენი მხრიდან მერწმუნეთ ყოველთვის არის. თუმცა არის სიტუაციები, როცა საკონსულოც არ არის ყოვლისშემძლე და სასწაულის მომხდენი.
მინდა გავიხსენო კონკრეტული სიტუაცია, როცა გასამგზავრებელი ავტობუსის , ფირმის ოპერატორმა არ გაითვალისწინა პანდემიის აკრძალვები და 50 ბილეთიდან გაყიდა სრული რაოდენობა, როცა გადაყვანა ხდებოდა მხოლოდ განახევრების პრინციპით. 28 ბილეთი, რომელიც გაიყიდა ჩვენს მოქალაქეებზე იყო არალეგალურად გაყიდული. ავტობუსი გაემგზავრა სრულად ჩამსხდარი მგზავრებით … გზაში ეს ავტობუსი გააჩერეს და უკან დააბრუნეს , საქართველოს ის 28 მოქალაქე , რომელიც დარჩა სტამბოლში და ვერ წავიდა საქართველოში, შესაბამისად თავშესაფრის გარეშე, ქუჩაში დარჩა… ამ დროს მიმართავენ საკონსულოს, მიუხედავად იმისა, რომ ფირმის ოპერატორმა თავად დაარღვია აკრძალვის წესები და გაყიდა ბილეთები, რომელიც არ უნდა გაეყიდა, მე მაქვს კითხვა ვინ უნდა იკისროს ამ დროს პასუხისმგებლობა? კანონიერად საკონსულო არ იყო ვალდებული გამოესწორებია სხვისი შეცდომა , მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც შევძელით ის რომ სასტუმრო გავაღებინეთ და დროებით დავაბინავეთ ეს ადამიანები. ეს იყო მარტის ბოლო და ამ დროს სასტუმროებიც არ მუშაობდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რათა განგვეთავსებია და გარეთ არ დარჩენილიყვნენ საქართველოს მოქალაქეები. უკიდურეს ვარიანტში საკონსულოს კარსაც გავაღებდით, რადგან ჩვენთვის მოქალაქე და მისი დაცვა პრიორიტეტულია. იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გავალდებულებენ, მოითხოვენ, ესეც გასაგებია… მაგრამ მადლიერების გრძნობას სხვა ხიბლი აქვს და არ შემიძლია დავივიწყო ერთი ხანში შესული მამაკაცის მადლიერებით სავსე თვალები, როცა გაიგო რომ სრულიად უსასყიდლოდ გავცემდით საქართველოში დასაბრუნებელ საბუთს. ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო ჩვენი იმ თავდაუზოგავი შრომისა და მონდომებისა რომელიც გავწიეთ. ასე რომ უმადურებას ხშირად მაინც გადასწონის ხოლმე სულ მცირე მადლიერებაც. ეს კი სტიმულს გვაძლევს, ჩვენც ადამიანები ვართ ხომ გესმით !…რომ იტყვიან ხელი ხელს ბანს და ორივე კი პირსო !
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მოვუხადო თურქეთს, საქართველოს … ყველა იმ სახელმწიფო დაწესებულებასა თუ კომპეტენტურ ორგანიზაციას, რომლებმაც ერთობლივად შეძლეს მთელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში არ შეჩერებულიყო ტვირთბრუნვა. ამგვარად ჩვენ თავიდან ავიცილეთ ეკონომიკური კრიზისის ურთულესი ფორმა. ქვეყნებს შორის მედიკამენტებისა თუ საკვების გადაზიდვები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შენარჩუნებული იქნა. მადლობა ყველას ამ დიდი ამოცანის შესრულებისთვის. ვთვლი რომ მთავარი გადალახულია, თუმცა უნდა დავიცვათ შიგა დირექტივები, რომელიც არსებობს ქვეყანაში და თავი შევიკავოთ შეკრებებისაგან, სავაჭრო ცენტრებში, თუ სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე, განსაკუთრებულად დახურულ სივრცეში ვიზიტისგან.
მაია მჭედლიძე უზალ:
საზოგადოებას აინტერესებს რა ხდებოდა ამ დროს საავადმყოფოებში, ციხეებში … იყო თუ არა მიმართვები საკონსულოსადმი, რა ფორმით გადალახეს საქართველოს მოქალაქეებმა ის სირთულეები, რომელიც შეიქმნა მარტი – აპრილის მონაკვეთში?
ინგა კიკვაძე:
დიახ მოგახსენებთ, ყველაზე რთული იყო ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობა, რადგან მიუხედავად შექმნილი საზოგადო საპანდემოი ფონისა , ესაჭიროებოდათ სტაციონარში მოთავსება, პირველ რიგში ჩამოყვანა საქართველოდან. იმდენად ფაქიზია მათი ფსიქოლოგიური ფაქტორი, აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ მდგომარეობაზე, რადგან ონკოლოგიური პაციენტების იმუნური სისტემა ძალიან დასუსტებულია და მეტია რისფაქტორი პანდემიის გავრცელებისა. მოკლედ ამ მხრივ ურთულესი ეტაპის გავლა მოუხდათ სამედიცინო დაწესებულებებს, კერძო მოქალაქეებს, რომლებიც გვიკავშირდებოდნენ…ეჭვი არ მეპარება იქნებიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც ბევრი პრობლემის წინაშე დგანან და ცდილობენ საკუთარი ძალებით იპოვონ ამა თუ იმ სიტუაციიდან გამოსავალი. საკონსულო ცდილობს მაქსიმალურად მხარში დაუდგეს ჩვენს მოქალაქეებს პროცედურული სირთულის დაძლევაში.
ციხეებიდან არ ყოფილა მომართვები, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, თუმცა ჩვენ გვქონდა მუდმივი ინფორმაციული კავშირი, რომელიც უფლებას გვაძლევს ამ მხრივ მშვიდად ვიყოთ, ანუ ციხეებში პანდემიის შემთხვევები, ყოველ შემთხვევაში დაკავშირებული ჩვენს მოქალაქეებთან არ ყოფილა.
მაია მჭედლიძე უზალ:
როგორია პროგნოზი უახლოესი თვეებისთვის და კონკრეტულად საზაფხულო სეზონისთვის, აღდგება მიმისვლა თუ ჯერ კიდევ იქნება გარკვეული შეზღუდვები? ფრენები თუ აღდგება, რას გვეტყვით ამის შესახებ ?
ინგა კიკვაძე:
1 ივლისიდან სავარაუდოდ მიმოსვლა იქნება შეძლებისდაგვარად გამარტივებული, გარკვეული წესების გათვალისწინებითა და შეზღუდვების შენარჩუნებით. ტურისტების მიღება იქნება შესაძლებელი კოვიდ პასპორტების საფუძველზე, გააჩნია ქვეყანას. ყველა ცალკეული ქვეყნის სტანდარტები უნდა მოდიოდეს ურთიერთშეთანხმებაში. შესაძლოა საჭირო გახდეს ასევე 72 საათიანი დალოდების პერიოდი, მოკლე კარანტინი, რომლის გავლის შემდეგაც მოქალაქეები ისევ და ისევ კონტროლზე იქნებიან აყვანილი, თუ საჭირო გახდება იქნებიან თვითიზოლაციაში. გააჩნია მოქალაქის კონკრეტულ მდგომარეობას. საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლისათვის დაჭირდებათ კოვიდ პასპორტები, ეს არის ტესტის შედეგი, რომელიც უნდა იყოს ჩატარებული შესვლის მომენტიდან უახლოეს 48 დან 72 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავარი ამოცანა იქნება შეინარჩუნოს მწვანე ქვეყნის სტატუსი. მწვანე ქვეყნის სტანდარტი კი დადგენილია ჯანმოს მიერ.
ფრენებზე კონკტრეტულად ვერაფერს გეტყვით, ეს ეტაპობრივად გახდება ცნობილი!
მაია მჭედლიძე უზალ:
ახლა კი ცოტა განვიტვირთოთ და ჩვენთვის საინტერესო სხვა თემებსაც შევეხოთ. როგორც ვიცით თბილისი და სტამბოლი დაძმობილებული ქალაქები არიან. რა გაკეთდა ორი დაძმობილებული ქალაქის მხრიდან გარდა იმისა, რომ მოხდა მათი დაძმობილება. ჩატარდა თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რა ეტაპზეა ორი ქალაქის სახოგადოებრივი თუ კულტურული ურთიერთობა. გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
ინგა კიკვაძე:
რასაკვირველია ჩართული ვართ ამ პროცესებში , მართალია ორი ქალაქის დაძმობილება მოხდა მანამ ვიდრე მე ჩამოვიდოდი სტამბოლში, როგორც კონსული. დაძმობილების შემდეგ შეიცვალა ორივე ქალაქის მერი, თუმცა შეთანხმება დაძმობილების შესახებ ძალაში რჩება. დაძმობილებული ქალაქების ინიციატივით 2020 წლის ზაფხულისთვის დაიგეგმა საერთაშორისო მარათონი, რომელსაც ისევ და ისევ პანდემიამ შეუშალა ხელი.
იმედი გვაქვს მდგომარეობა გამოსწორდება და მიმოსვლა ჩვეულ რიტმში აღდგება, ამის შემდეგ უკვე შეიძლება ფიქრი დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები. საქართველოს საკონსულო სტამბოლში ყველა იდეასა თუ პერსპექტივას, რაც ორი სტრატეგიული ქალაქის მეგობრობას შეეხება, კეთილგანწყობილი შეხვდება.
მაია მჭედლიძე უზალ
სტამბოლში და მთლიანად თურქეთში, ძალიან ბევრი ემიგრანტი ქართველი ცხოვრობს. შრომითი მიგრანტები, რომელთა პირობები ზოგჯერ გაუსაძლისია, აგრძელებენ თურქეთში ყოველდღიური სარჩო-საბადებლისთვის შრომას. ავად თუ კარგად, ეს ადამიანები აქ ფულს შონილობენ, თუმცა არის მეორე ფაქტორი, უფრო სავალალო, ისინი აქ ბერდებიან, საქართველოში კი მათი აქაური შრომა არ ჩანს. მინდა ვთქვა რომ ეს წლები გაფრენილივითაა, საქართველოში დაბრუნებულთ აქაური შრომა არ უჩანთ, რადგან არ არსებობს ქვეყნებს შორის საპენსიო შეთანხმება. არ ფიქრობთ, რომ დიდი ხანია დადგა დრო თურქეთმა და საქართველომ მიაღწიოს ორმხრივ შეთანხმებას და მოხდეს მოქალაქეთა შრომის დაფასება ?
ინგა კიკვაძე:
ეს აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი პროცესი, ასეთ დროს ფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო დონეზე. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ორივე ქვეყანა უნდა იყოს ამისთვის მოწადინებული. სასურველია არსებობდეს ასეთი სახის ორმხრივი შეთანხმება, თუმცა ესაჭიროება პროცედურა. ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქეების მზაობა, რათა გადაიხადონ საპენსიო გადასახადი, რომ სიბერეში შესაბამისად დაენიშნოთ პენსია. უმრავლესობა ქართველი მოქალაქეებისა თურქეთში, ჯერ კიდევ არალეგალურად არის დასაქმებული, ვფიქრობ არც ექნებათ სურვილი და ვერც მოთხოვ საპენსიო ბეგარას გადახდა დააკისრო. შრომითი აღიარების ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებამდე, უნდა მოხდეს თურქეთში შემოსული მიგრანტი მოქალაქეების კანონიერად დასაქმება, ეს წინა პროცესი უკვე ავტომატიურად უზრუნველყოფს მეორეს, ორ ქვეყანას შორის საპენსიო შეთანხმება ამის შემდეგ გახდება განხორციელებადი.
მაია მჭედლიძე უზალ:
დამეთანხმებით თურქეთი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა ყველა ასპექტში, აქ უამრავი ისეთი გამოწვევა არსებობს, რაც სხვა უცხოურ ქვეყნებისთვის არც განიხილება. ასეთია თუნდაც იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შედეგები, რომლებიც არსებობს დღეს დღეობით. თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს ათასობით ეთნიკურად ქართველი, თურქეთელი ქართველები, რომელთა მუჰაჯირობის დროიდან , თურქეთის ტერიტორიაზე დასახლების დღიდან იწყება მათი განსაკუთრებული ისტორია. როგორია თქვენთვის ეს ქვეყანა და როგორც დიპლომატი გრძნობთ თუ არა თავს კომფორტულად თურქეთში?
ინგა კიკვაძე:
დავიწყოთ იმით, რომ თურქეთი არის საქართველოსთვის პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი, მეზობელი ქვეყანა. თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია მსოფლიოში. პირადად ჩემთვის კი ეს არის ქვეყანა, საიდანაც იწყება ჩემი დიპლომატიური მოღვაწეობა. მე ვარ ძალიან ამაყი, რათა წილად მხვდა თურქეთში შემესრულებია, ჩემი სწორედ პირველი დიპლომატიური სამსახური. ეს დიდი პატივია და ვაცნობიერებ ამ დიდ პასუხისმგებლობას. კომფორტულ ყოფას რაც შეეხება, უცხო ქვეყანაში ყოველთვის ვდგავართ გამოწვევების წინაშე , დიპლომატებიც არ ვართ გამონაკლისი ამ შემთხვევაში , თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ თურქეთში კარგად ვგრძნობ თავს , რადგან კოლეგები უმეტესად მამაკაცები არიან, რომლებიც ცდილობენ თავაზიანები და ხშირად დამთმობებიც იყვნენ ქალთან ურთიერთობისას.
ჩვენი თურქეთელი ქართველები კი განსაკუთრებული პატივითა და სიყვარულით გვიღებენ ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ. ვთვლი, რომ მათი მისწრაფება კარგად გაეცნონ ქართულ სიახლეებს დასაფასებელია, ისინი ზედმიწევნით ჩართულები არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში , აწყობენ შეხვედრებსა თუ მრავალრიცხოვან კონცერტებს. მათთან ყოველი შეხვედრისას თუ ურთიერთობისას ქართული სული და ქართული კულტურისადმი დიდი მისწრაფება იგრძნობა, რაც ასე ძალიან გვახარებს.
მაია მჭედლიძე უზალ:
და ბოლოს ქალბატონო ინგა, თქვენ ქალი ბრძანდებით, როგორია ქალის როლი დიპლომატიაში.. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ კოლეგა მამაკაცები განსაკუთრებულ თავაზიანობას იჩენენ თქვენს მიმართ, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თქვენ ქალი ხართ, როგორ ფიქრობთ, ეს ხელის შემწყობი ფაქტორია?
ინგა კიკვაძე:
უდაოდ ხელის შემწყობი ფაქტორია, შემიძლია ვთქვა რომ ხშირად უკეთესიცაა ქალი დიპლომატიაში. თუმცა საქართველოში, ქალები არიან წარმოდგენილები ყველა სფეროში. თუნდაც რამდენი ქალი მინისტრი გვყავს. დიპლომატიურ სამსახურში ბევრი გვყავს ქალები…საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქალების რაოდენობა მართლაც კოლოსალურია. ამ მხრივ ნამდვილად არ გვაქვს პრობლემა არანაირ სფეროში, თავდაცვის სამინისტროშიც არიან ქალები. მთავარი ისაა ქალი იდგეს საკუთარი მოწოდების სიმაღლეზე.
მაია მჭედლიძე უზალ:
მართლაც ძალიან სასიხარულოა და კარგი იქნება ამ პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი საუბარი, მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მოგიხადოთ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე , ასევე მოგვეცა პირადად შეხვედრისა და საუბრის საშუალება. იმედს ვიტოვებთ რომ ერთობლივი ძალებით დავამარცხებთ კაცობრიობის მტერს, პანდემიას. მინდა გითხრათ რომ იყავით საოცრად საინტერესო რესპოდენტი… მომავალში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით.
მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ !
ინგა კიკვაძე:
მადლობა თქვენ და თქვენს მკითხველს !
წარმატებებს და მზეგრძელობას გისურვებთ !

























