მარიობა სოფელ ბოღაზქოიში
Meri Diasamidze:

მოგესალმებით. მოგილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მეგობრებო, პანდემიის გამო წელს ღონისძიებები, ზეიმები ვერ ჩატარდა. ამიტომ გავიხსენებ 2019 წ. მარიობის ზეიმს, რომელიც ქარაჯაბეის რაიონის სოფელ ბოღაზქოიში ჩატარდა.
მარიამობის დღესასწაული– მარიობა სახელით შემორჩა ართვინის იმერხევში. ბურსაში სოფელი ბოღაზქოი ქართველებითაა დასახლებული. ართვინის იმერხევიდან ჩამოსულან აქ საცხოვრებლად და ეს დღესასწაულიც დღემდე შემოუნახავთ. შარშან მეც დავესწარი მარიობის დღესასწაულს და მინდა მოკლედ მოგიყვეთ თუ როგორ აღინიშნება ეს ზეიმი იქ.
ზეიმზე ბატონმა ეშრეფ ილმაზმა ( გოდერძი მახარაძე) დამპატიჟა. მანვე მომიყვა თუ როგორ აღინიშნებოდა ეს ზეიმი იმერხევში: –,, მარიობის დღეს ურმებში შეაბამდნენ ხარებს, სოფლის გოგო– ბიჭები იკრიბებოდნენ, გოგონები ურმებზე სხდებოდნენ და ასე სოფლის მოსახლეობა ცეკვა –თამაშით მთაში ადიოდა იაილებზე, იქ კოცონს ანთებდნენ და დილამდე სიმღერა , ცეკვა თამაში იმართებოდა. ერთი კვირა მთაში რჩებოდნენ და ყოველ საღამოს ზეიმი იყო. მერე ისევ სოფელს უბრუნდებოდნენ. ბოღაზქოიში მთები არ არის და მთებში ასვლა აღარაა საჭირო, ახლა უკვე სოფლის მოედანზე ან ,,ქართული ასოციაციის“ეზოში იმართება ზეიმი საღამოდან გვიან ღამემდე“– მიამბო ბატონმა ეშრეფმა.
სოფელი ბოღაზქოი საკმაოდ დიდია. მდინარე ჩაჰყვება სიგრძეზე. ლამაზი ბუნებით, სიმწვანით, სიმინდის ყანებითაა დამშვენებული, თვალს ვერ ვაშორებდი მას. ქალი თუ კაცი ბაღჩებში ფუსფუსებდა და ყველგან ბავშვების ჟრიამული ისმოდა. თავი საქართველოში მეგონა.
სოფლის მოედანზე ღიმილით შეგვეგება ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაციის თავ–რე, ბატონი დოღან ილმაზი, ძვირფასი მასწავლებები ბატონი ეშრეფ ილმაზი და სოფლის მოსახლეობა. სცენაზე გამოსასვლელად ბატონი იბერია მელაშვილის გუნდი ემზადებოდა. საქართველოდან ჩატანილი საჩუქრები გადავეცი ბატონ დოღანს და ჩუმად ვკითხე, სკამები ძალიან ბევრი ხომ არ არის– მეთქი? ღიმილით მიპასუხა–,, მერი ხანუმ, არ გვეყოფა და ვდარდობთ,,.
სკამები დაელაგებინათ მწკრივებად, სადღაც 500 მდე იქნებოდა. იმდენი ადამიანი შეგროვდა, რომ ძალიან ბევრი ფეხზე იდგა.
ბატონმა თავმჯდომარემ მარიობის ზეიმის დაწყებამდე გიდობა გაგვიწია. დავათვალიერეთ ასოოციაციის ეზო, სადაც წიგნების გამოფენა და პატარა ბაზრობა მოეწყოთ. სოფლის ნობათით სავსე იყო მაგიდები. ირგვლივ ქართული სული ტრიალებდა. რამოდენიმე წიგნი შევიძინე. გავესაუბრე სოფლის ქართველობას. შემონახულმა ენამ, ქართულმა ტრადიციებმა და ცეკვა– სიმღერამძალიან გამახარა.

მალე ზეიმიც დაიწყო. მას საქართველოს კონსული სტამბოლში ქალბატონი ინგა, ქარაჯაბეის რაიონის მერი, სოფელ ბოღაზქოის გამგებელი, სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ბატონი ფეჰმი უზალ უსტიაშვილი ცენტრის დამფუძვნებლებთან ერთად, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის, ბურსა–ბათუმის ქართული ასოციაციისა და საქარიას ქართულ– ლაზური ასოციაციის ხელმძღვანელობა, ჯგუფი ,,რირასი“, ორი ქართველიხელოვანი ეროლ ალქან ვაქეთი და მუსტაფა უზუნი, ასევე სხვა 9ძვირფასი სტუმრები ესწრებოდნენ. ისინი მიესალმნენ და მიულოცეს სოფელს მარიობის ღესასწაული. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა ქართული ცეკვები და სიმღერები. ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდა.
სასიამოვნო ემოციებით სავსე, ძალიან მადლიერნი მათი მასპინძლობით დავემშვიდობეთ სოფელს და გეზი სტამბოლისკენ ავიღეთ.
არასდროს დამავიწყდება ეს ლამაზი საღამო, რომელზეც უფრო ვრცლად მოგიყვებით ჩემს წიგნში ,, სტამბოლის სტუმრის მოგონებები“.
მრავალ მარიობას დაგასწროთ უფალმა.


























