„სიყვარულია ამ ქვეყნად მარადისობის კანონი“ საქართველოს 100 წლის მწერალი და ფილოსოფიის პროფესორი სიმონ არველაძე ჰყავს!
ქუთაისში არ დააბიჯებს ინტელიგენციის და ღირსეული საზოგადოების თითქმის არცერთი წარმომადგენელი, რომელსაც ბატონი სიმონ არველაძის მიერ წაკითხული ლექცია არ მოუსმენია.
ღვაწლმოსილი პიროვნება, სიტყვაკაზმული მწერლობის ბერმუხა, სიყვარულში გახარჯული კაცი, საზოგადო მოღვაწე, არაერთი პრემიის ლაურეატი, ფილოსოფიის პროფესორი, 60 წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი, ვანისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქე ღირსების ორდენოსანი ბატონი სიმონ არველაძე 100 წლისაა.
დაუშრობელი კალმის და დაუღლელი სიტყვის პატრონს ბატონ სიმონ არველაძეს, როგორც საკუთარ თავს უწოდებს „მარადიულ ჭაბუკს“, კვლავაც არაერთი იდეა და მიზანი აქვს დასახული, იგი ყმაწვილური შემართებით, გონებრივი სიმწიფითა და გენიალური აზროვნებით მუშაობს ახალ შემოქმედებაზე და ემზადება გამოსცეს ქართული კულტურის ორტომეული.
ორი წლის წინ ამ წერილით მოვეფერე ბატონ სიმონ არველაძეს ჩემს ერთ რუბრიკაში, დღესაც ამ წერილიდან ამონარიდს ვთავაზობ მკითხველს და ვეფერები პიროვნებას, რომელიც გახლავთ საუკუნის კაცი, პიროვნება, რომლის დარად მისდამი ვერმორეული სიჭარმაგე და ასაკთან გონებრივი სიჭაბუკის თითქმის ბევრი ანალოგი არ არსებობს.
პიროვნება, რომელთან ერთი საათის ურთიერთობაც კი, ერთი წაკითხული წიგნია… შეგონებების კრებულია.
პიროვნება, რომელიც არა ერთი თაობის აღმზრდელია, გახლავთ მწერალი, პოეტი, ფილოსოფოსი, პროფესორი, მეცნიერი არა ერთი პრემიის, მათ შორის ვაჟა-ფშაველას პრემიის ლაურეატი. ოქროს მედლის მფლობელი უხუცესის, ბატონი სიმონის ასაკს მხოლოდ ციფრები განსაზღვრავენ!
შეუდარებელი გონებრივი რესურსის მატარებელი, დღემდე მოღვაწე და პროდუქტიული, მუდამ ახლის მაძიებელი მწერალი გახლავთ.
სიყვარულს არა ერთი ძეგლი დაუდგა ქართულმა და არაქართულმა ლიტერატურამ, მაგრამ სიყვარულის ცოცხალი ძეგლი, 70 წლის “ვარდისფერი სიყვარული” სიმონ არველაძის და მარი ხვედელიძის დაუვიწყარი გრძნობაა, რომლის წინაშეც დამარცხდა დროცა და თავად სიკვდილიც.
დაუვიწყარია ჩემთვის ბატონ სიმონ არველაძესთან ერთ-ერთი სტუმრობა, როცა იგი გაუთავებლად, დაუღლელად და ჭაბუკური გრძნობით საუბრობდა საყვარელ მეუღლეზე, რომელსაც წარსულში არ მოიხსენიებდა.
მე მაშინ ვიგრძენი სიკვდილის უძლურება სიყვარულის წინაშე.
არაერთი წიგნი დაიწერა მხცოვანი მწერლის მიერ, რომელსაც თან ახლავს ეპითეტი „ეძღვნება ჩემს ძვირფას მარის“.
ბედნიერი ვარ იმით, რომ თითქმის მთელი ქალაქის ერუდირებული საზოგადოების აღმზრდელი და პედაგოგი ჩემი ლექტორიც იყო, მეც ვიყავი მის მიერ წაკითხული ლექციების მსმენელი, რაც წლების შემდეგაც კი წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩა ჩემში.
ღრმა ინტერესს გვიღვიძებდა ყოველთვის, საგანი, რომელიც არცთუ ისე ადვილად მოსასმენი და აღსაქმელია.
ბედნიერებაა იმ ქვეყანაში და ქალაქში ცხოვრება, სადაც ასეთი უხუცესი მწერალი ბატონი სიმონ არველაძე ცხოვრობს, რა კარგია მიეკუთვნებოდე იმ ეთნოსს, სადაც ასეთი მოაზროვნეების გენით იკვებება ერი.
წერილი მოამზადა ნათია ჯიმშელეიშვილმა





























