*******
იფხარკალა, დაკაწრა, დაჩხაპნა, დაკბინა…გაბაწრული, ნაცემ-ნაბეგვი და გულგახეთქილი ნავის კუთხეში მიაგდეს…
ჩაკვდა სიცოცხლე გუგუნავების სახლში, ჩანავლდა და ჩასამარდა…
სასიკვდილო გზაზე გაამწესეს ცრემლმდუღარე თამარა გუგუნავა…
ნავი ნელ-ნელა, ტორტმან-ყანყალით მიქანაობს ნაპირისკენ. წვერულვაშშერუჯულმა შუახნის კაცმა ნავიდან თოკი ისროლა. ქვიშაზე მდგომნი მისცვივდნენ, დაქაჩეს, ჯერ რკინაზე დაახვიეს, მერე საგულდაგულოდ მიაბეს. სახეზე ალწაკიდებული, დაბალკისერა აბდულა გახიდულ ფიცარზე შედგა, ნავზემყოფებს უბრძანასავით: აქაურობას არ მოსცილდეთ, გოგოს პირიდან ჩვარი გამოუღეთ, ფეხები არ შეუხსნათ, რამე აჭამეთ, სული არ გასძვრეს. ეგ სინოპში ჩამაყვანინა, პატრონს ჩამაბარებინა, ჩემი ფარა ამაღებინა და მერე ჩემი ჭირიც წაუღია! ამეღამ ხოფაში ნათესავებს ჩამოვუვლი და ხვალ დილით დავბრუნდები…
…უწლოვან, შვლის ნუკრივით ალალ თამარას ცისფერი, მოწყლიანებული თვალები, რძისფერი პირსახე ჰქონდა…
…მარტო გული კი არა, ხორციც ეწვის სიბნელეში მიგდებულ, თავზე ჯვალოჩამოცმულ თამარას…ვერსათქმელი ტკივილები აწუხებს, თვალახვეულს, თვალის კაკლები გადმოვარდნაზე აქვს, გული გამეტებით უცემს და უფანცქალებს, სული ეხუთება…თავში ბებიის ნათქვამი ჩაფესვია: ნენი, ჩვენთან ქალი ხიდან მოწყვეტილი ფოთოლივითაა, არავინ არ იცის, საით წააფრიალებს ქარი…
–ბიჭებო, კაი ამბავი არ ხდება! ეტყობა, იმ უჯიშო აბდულას, ჩვენებური გოგო ჰყავს ნავში დამალული. რა ვქნათ, ვიდგეთ საწყლებივით, თუ დავუფრთხოთ ოფოფები?! წვერღინღლიან ბიჭს თვალები აემღვრა, ლოყები აუცახცახდა, ტუჩები აუთრთოლდა,თანდათან სიტყვა მოუღონიერდა:–მაღლა ღმერთი და ძირს დედამიწაა მოწმე, არასოდეს ცოდვა და ბოროტება არ დაგვითესია, წინაპრებმა ჭირ-ვარამში შეზიარეაბა გვიანდერძეს, ამეღამვე დავეცეთ მაგ წუნკლებს და მოვიტაცოთ ტყვე-გოგო! რა გვაშინებს, მაინც ერთი დახამხამებაა ეს სიცოცხლე!..
აჭარელი ბიჭები შუაღამისას აძვრნენ ნავზე, მცველები ფეხქვეშ გაიგდეს, სამივეს პირში ჩვარი ჩასჩარეს, ხელ-ფეხი შეუკოჭეს, ბოძზე დააბეს…
მიქრიან, მიფრინავენ ბიჭები, მიაქროლებენ თამარას…
თოკიდან ახსნილებმა აბდულას მიაბღავლეს:
–დაგვადგი ფეხი დასამიწებელ გულზე, კუპრი ჩაგვასხი დასაბრმავებელ თვალებში, მოგვტაცეს გურჯიგოგო, მარა ალაჰს მადლობა, საქონელზე ხელი არ უხლიათ!..
ცოფები ჰყარა აბდულამ:
–ვიცი, აჭარლების ნაქნარია. დიდ გასამრჯელოს მივცემ იმას, ვინც გოგოს დამიბრუნებს!
გამოაცხადა თუ არა, ნახევარი ხოფა ტყეს შეესია…
შეისვენეს ბიჭებმა. თამარა თოკებიდან გამოხსნეს, თავზე ჯვალო წააძრეს, დააიმედეს, სამშვიდობოს ხარო, დაობებული მჭადი მისცეს…თამარამ დაკაწრულ-დაჩხვლეტილი ხელები თვალებზე აიფარა და აქვითინდა, გულის ამოვარდნამდე კვნესოდა.–ცოტა შენი ფეხითაც უნდა იაროო,-უთხრეს და წინ გაუშვეს. თვალამღვრეული მოქნილ ტანს ფეხცქვიტად მიაციმციმებდა…
სარფის თავში, სოფელ კალენდერის განაპირა სახლს მიუკაკუნეს…ბერიკაცმა გაუღო კარი, სახლში, ბუხართან შეიპატიჟა…
–გვიშველეთ, თქვენი ჭირიმე, ხოფიდან მოვრბივართ, გასაყიდად გახაზირებული ეს გოგო მოვიტაცეთ. პატრონობა უნდა ახლა ამას, დაგვმალოთ უნდა! ალბათ, აქაც მოიკითხავენ!
თამარა მავედრებელი თვალებით შესციცინებდა მოხუცებს…
გოგონა ნალიის ქვეშ, კარტოფილის ორმოში დამალეს…ბიჭები ბოსელქვეშ გაწვნენ და გაისუსნენ…ცხენებით მოთქარუნდნენ წელზე სავაზნე შემორტყმული და მხარზე თოფგადაკიდული მდევრები. ბერ-დედაბერს დაემუქრნენ, სად დამალეთ აჭარლები? გვითხარით, თვარა გადაგწვავთო! ეგრე არ უნდაო, გამოცვივდნენ აჭარლები, სადამდე უნდა იპარპაშოთ ჩვენს ეზო-კარში, როდის გვეღირსება ქართული ცისსამანი, თქვენ გეძგეროთ სიკვდილიო! დაეტაკნენ და მზე დაუბნელეს…
ბოსელქვეშ გაუთხარეს სამარე და მოხუცებს დაუბარეს, თამარა ქობულეთელი, გუგუნავას გვარისაა. ახლა ამის გზაშარაში წოწიალი არ იქნება, დაგიტოვოთ უნდა, ჩვენ კი ჩვენ გზას ვეწიოთ, როგორმე ამისიანებს გავაგებინებთ, თუ არდა, წლისთავზე მოგაკითხავთ და წავიყვანთ, რამეს მოვიფიქრებთ, ამასობაში ტკივილი და დარდიც მიუყუჩდება…
–შვილებო, რომ არ გეთქვათ, თამარას მაინც არ გაგატანდით,–ბიჭებს მიუბრუნდა ბერიკაცი,–ერთი წელი რა არის? ერთი ამოსუნთქვა! პატრონი თუ გამოჩნდა, ხომ კაი, თუ არადა, ჩვენ გავზრდით და თავს შემოვევლებით! თქვენ და თქვენნაირებს სხვა, უფრო დიდი საქმე გაქვთ საკისრებელი, თქვენ უნდა დაგვაბრუნოთ დედასაქართველოს გულში და ბუჯერში. რჯული, ენა, ეროვნება და მიწა თუ წაგვართვეს, რა აზრი აქვს აქ სიცოცხლეს!..ასე, მომავალ თაობას გულიც გაუთათრდება!–თქვა და ბიჭებს გზა დაულოცა.
–ე, იმ გზით მოვლენ შენები, თამარა!–დედაბერმა ტყეში დაკლაკნილ გზა-ბილიკზე მიუთითა…
იმ გზაზე ცქერით ამოუღამდა თვალები თამარას…
არ მოვიდნენ თამარასანები…
…იმ ბილიკით თამარასთან სიყვარულით გულუჯერებელი ბიჭი მოვიდა…ერთმანეთს უძირო თვალებში ჩააშტერდნენ…გუნება გაუმზიანდა თამარას, დაიბნა, ენა აერია…
–გახსოვს, ძროხებს რომ ვწყემსავდით და ნაძვებში გაკოცე? არ მავიწყდება ის კოცნა, მაშინ მეგონა, ცა გაიხსნა-მეთქი…მოვედი, რათა მთელი ცხოვრება შენს გულისთქმას ვუსმინო!..
–თამარა, შავები გაიხადე, სამხიარულო ჩაიცვი, ბედი კარს მოგდგომია და ეს არისო,–ახითხითდა პირზე ღიმმომდგარი შაოსანი ქალი.
ულვაშები მოიფხანა და საწყალობლად ამოსთქვა ბერიკაცმა:
–გიორგი, შვილო, ჩემმიერო და ჩემფერო, კაი ჯიშის ბიჭი ხარ შენ და მიხარია კარს რომ მომადექი. აქ იცხოვრეთ, ჩვენთან. ვაი, რომ მე და ჩემს ნეკნებგაციებულ ქალს მალე მოგვიკუპრავს პირს მიქელ-გაბრიელი…დაუყვედრებელი ლუკმა ჭამეთ, შვილო! ერთს გთხოვთ, იმ მიფერდებაზე, ვაზის მოძულე ოსმალებმა ვენახი რომ ამიჩეხეს, ისევ ვაზი ააყვავილეთ!…
1877 წელს ოსმალური უღელი დაამსხვრია და გადააგდო აჭარამ…
…თამარა სამი შვილით დახვდა ქობულეთიდან მოსულ გულმდუღარე მშობლებს და და-ძმებს…




























