ტელე -რადიო კომპანია ”რ ი ო ნ ი” საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანიაა
საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელე – რადიო კომპანია „რ ი ო ნ ი“ 32 წელია მაუწყებლობს და მაყურებელსა და რადიომსმენელს იმერეთში და ზოგადად საქართველოში მომხდარს ამცნობს.

ტელე-რადიო კომპანიის დაარსების ისტორია ჟურნალისტის, ბადრი კაპეტივაძის სახელს უკავშირდება. მან 1989 წლის 7 მაისს ქუთაისში გახსნა პირველი საკაბელო ტელევიზია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ზოგადად კაპეტივაძეების მთელი ოჯახი ტელეკომპანია „რიონის“ არსებობიდან დღემდე ჩართულია მის მმართველობით საქმიანობში.
2002 წლის აგვისტომდე „რიონს“ ხელმძღვანელობდა ბადრი კაპეტივაძის ერთადერთი ვაჟი გიგა კაპეტივაძე, რომელსაც ტექნიკური და შემოქმედებითი დარგის დირექტორის პოსტი ეკავა სიცოცხლის ბოლომდე .
მის შემდეგ ტელეკომპანიის მმართველობა იტვირთა ბატონი ბადრის მეუღლემ, ფილოლოგიის პროფესორმა, ქალბატონმა თამარ ღვინიანიძემ. მას დღემდე გენერალური დირექტორის პოსტი უჭირავს და მისი ერთპიროვნული მმართველია.

ტელეკომპანია „რიონი“ სამი ათეული წლის განმავლობაში არაერთი განსაცდელის წინაშე დადგა , მაგრამ ყოველივე დაძლეულ იქნა ტელეკომპანიის ხელმძღვანელთა და ერთგულ თანამშრომელთა წყალობით.
„რიონის“ მაუწყებლობით არაერთი კარგი გადაცემა მომზადდა და დღესაც საინტერესო ეთერს გვთავაზობს ყოველდღიურად, რაც უდაოდ უკავშირდება ნიჭიერ და პროფესიონალ ჟურნალისტებს და ტელეწამყვანებს, ბევრმა მათგანმა ცენტრალურ არხებზე გადაინაცვლა და წამყვან კორესპოდენტებად, პროდიუსერებად და ჟურნალისტებად გვევლინებიან.
ტ/კ „რიონის“ მიერ განხორციელებული არაერთი პროექტიდან აღსანიშნავია 2009 წელს მოგზაურობა ქართველ მუჰაჯირთა კვალდაკვალ შორეულ თურქეთში, რაც სულ მცირე 5000 კილომეტრიან გზას მოიცავდა.
ორკვირიანი ექსპედიცია დაიგეგმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიური ინსტიტუტისა და ტ/კ რიონის ერთობლივი პროექტის შედეგად, სადაც გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „საქართველო- თურქეთის გრძელი გზა“. იდეის ავტორი – პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი. ორგანიზატორები- პროფესორები ტარიელ და შუშანა ფუტკარაძეები და ტ/კ „რიონი“– ს გენ.დირექტორი თამარ ღვინიანიძე, ისინი ექსპედიციის მთავარი წევრები იყვნენ სხვა წევრებთან ერთად. ფილმმა მიზანი გაამართლა, რამეთუ, მას შემდეგ დღემდე ბევრი ქართველის და „ჩვენებური ქართველის“ გულის გზა გაიყვანა შორეულ აქეთა თუ იქეთა საქართველომდე.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი-ს პრეზიდიუმმა ქალბატონ თამარ ღვინიანიძეს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიანიჭა. ვფიქრობ, ეს ჯილდო არა მარტო ქალბატონ თამარს, არამედ მთელს მის დიდ და მედიასივრცეში ღვაწლმოსილ ოჯახს უპირობოდ ეკუთვნის.
ტ/კ „რიონი“ როგორც ჩემთვის, ასევე ყველა აქტიური თანაქალაქელისთვის ერთერთი პირველი უანგარო ასპარეზია ცნობადობის ასამაღლებლად.
ავტორი: ნათია ჯიმშელეიშვილი





























